დედის არჩევანი - კვირის პალიტრა

დედის არჩევანი

"რომ შეიძლებოდეს, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში"

თქვენი მკითხველი ვარ, მალე 60 წელს მივუკაკუნებ. არ გაგიკვირდეთ, ამხელა კაცი რამ გადარია, რედაქციაში წერილს რომ გზავნისო. მუდმივად ვეცნობი თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებულ წერილებს და ვიცი, ბევრი გიმხელთ გულისნადებს. ამან სითამამე შემმატა და გადავწყვიტე, გამოვეხმაურო ამას წინათ გამოქვეყნებულ წერილს "უსუსურობის მსხვერპლი", სადაც მშობლის როლზეა ლაპარაკი. მინდა მოგითხროთ ჩემი ამბავი. იმედია, ახალგაზრდა მამაკაცები, გაითვალისწინებენ ჩემს შეცდომებს...

დედის როლი რამხელაა ადამიანის ცხოვრებაში, ხომ იცით, მით უფრო ქართველი კაცისთვის. ჩვენს ოჯახში, ჩემთვის და ჩემი და-ძმისთვის დედის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

მე ყველაზე უმცროსი გახლდით. თითქოს განებივრებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ - არა, მშობლებს მიაჩნდათ, რომ შვილის გათამამება დიდი შეცდომა იყო. მამა არ ერეოდა ჩვენს აღზრდაში, მისი მოვალეობა ოჯახში ფულის შემოტანით შემოიფარგლებოდა, დანარჩენი კი დედის საქმე გახლდათ. მახსოვს, უკვე წამოზრდილს, დედა თუ თბილად მეტყოდა რამეს, იმ დღეს ცაში დავფრინავდი.

ჩემმა უფროსმა ძმამ დედის მოწონებული ქალი მოიყვანა ცოლად. ჩემი დაც მისი რჩევით გათხოვდა. დადგა ჩემი ჯერი... მეორე კურსზე ვიყავი, ერთი გოგონა რომ შემიყვარდა. ვგრძნობდი, დედის მხრიდან უსიამოვნება მელოდა, მე ხომ გულისხმას ავყევი, ამიტომაც მარისთან ჩემს ურთიერთობას ვმალავდი. ჩვენი სიყვარულის ამბავმა მალე დედაჩემის ყურამდეც მიაღწია.

მან, როგორც სჩვეოდა, წარბი ამიწია და მკითხა, - როდის უნდა გამაცნოო. სხვა გზა არ მქონდა, მარი უნდა მიმეყვანა მასთან. ჩემს შეყვარებულს ისედაც უკვირდა, რომ აქამდე არ გავაცანი ჩემს მშობლებს, იმასაც ატყობდა, რომ დედის ხსენებაზე სულ დაძაბული ვიყავი. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მარი ოჯახში მივიყვანე. სადილმა თითქოს ნორმალურად ჩაიარა. მარი შინ მივაცილე, მაგრამ სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა, ფეხები უკან მრჩებოდა...

ვგრძნობდი, კარგი არაფერი მელოდა. გამართლდა ჩემი წინათგრძნობა. დედამ მკაცრად მითხრა, - ეგ გოგო არც შენი, არც ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ არის და უნდა დაშორდეო. მაშინ სიტყვის შებრუნება ვერ შევბედე, მაგრამ დღესაც მიკვირს, რა დაუწუნა ჩემს შეყვარებულს, ის ხომ განათლებული გოგო იყო, კარგი ოჯახის შვილი და ძალიან ლამაზი... უბრალოდ, დედას ნერვები აეშალა, რომ მის დაუკითხავად გავაკეთე არჩევანი.

რაღა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას დავემორჩილე და მარის დავშორდი. მარი ჯერ ვერ გაერკვა, რა მიზეზით ვარიდებდი თავს, მერე კი მიხვდა და მითხრა, - მე კი წავალ ჩემი გზით, მაგრამ მეცოდები, რომ ასეთი უსუსური ხარ და დედას შეწინააღმდეგებას ვერ უბედავ, შენნაირი კაცი არასოდეს იქნება ბედნიერიო. ასეც მოხდა...

დედამ რამდენიმე წლის შემდეგ ერთი გოგო შემირჩია... ლალი ცოლად მოვიყვანე, არ იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ ვერ შეეწყო დედამთილს. ჩვენი ოჯახი 7 წლის მერე დაინგრა. ერთადერთი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი. ისინი რომ არ მოდიოდნენ და არ მნახულობდნენ, მოვკვდებოდი. მაინც მარტოსულად ვგრძნობ თავს. ახლა რომ ცხოვრებას თავიდან ვიწყებდე, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი და აუცილებლად ვიბრძოლებდი ბედნიერებისათვის.

ვაჟა დევდარიანი