მომღერალი თემურიკა - კვირის პალიტრა

მომღერალი თემურიკა

თემურიკა ალალი რაჭველი ბიჭია. პატარობიდანვე დიდი ტანისა იყო და მეტსახელად ბალუ დაარქვეს. მართლაც დათვივით კეთილი და ერთგული გახლდათ. ყველას ძალიან უყვარდა.

სკოლა რომ დაამთავრა, მშობლებმა ქუთაისში, რაჭველ ნათესავთან, რაჟდენ ბიძიასთან გაისტუმრეს, რომელიც გააფრთხილეს - ჩვენს თემურიკას მიგვიხედე, ჭამაც უყვარს და საჭმლის კეთებაც, მანდ რამე შესაფერისი სასწავლებელი შეურჩიეო... იმანაც შეურჩია - კვების ტექნოლოგიურ ტექნიკუმში მოაწყო. გავიდა ორი თვე და თემურიკას ძალიან ლამაზი გოგო, თამუნიე შეუყვარდა. ნათესავმა მაშინვე რაჭულ-ქუთაისური ნაზავით რჩევა-დარიგება მისცა:

- ბოშო, აქანე სხვანაირად უნდა მოაწონო გოგოს თავი. მაღალი რომ ხარ, ჭამა და მოლხენა შეგიძლია და სამომავლოდ რესტორანშიც კაი ადგილს გამოჰკრავ ხელს, მაგი ბევრს არაფერს ნიშნავს. რაცხა ისეთი უნდა ქნა, ქუთაისელებს რომ გააკვირვებო.

- მაინც რა უნდა ვქნა, ბიძია რაჟდენ, - გულუბრყვილოდ მიაჩერდა თემურიკა.

- რა და - იმღერე... ჰო, ჰო, რას მომჩერებიხარ? არ იცი, თუ რა? ბაღნობისას, კარგად მახსოვს, სკამზე შემოგასკუპებდა მამაშენი და "წერეთელმა დაგვიბარაო" შემოსძახებდი...

- მერე, "წერეთელმა დაგვიბარა" ვუმღერო თამუნიეს? - თემურიკას განცვიფრებისგან თვალები შუბლზე კი არა, ლამის კეფაზე გადაუვიდა.

- უჰ, შენ რა გითხარი, ბოშო, ვინ გითხრა მერე, ეგ დაუმთავრებელი სიმღერა იმღერეო?! სხვა რამე მეიფიქრე, იმფერი, გულს რომ მოხვდება და ესიამოვნება. თამუნიე მშობლებთან და მეზობლებთანაც წეიტრაბახებს, - ე, ამფერ ბიჭს ვუყვარვარო.

თემურიკამ "გეიგო" და საქმეს მეორე დღესვე შეუდგა. დახმარება სთხოვა თანაკურსელ გიგას, რომელიც ბაბთიან გიტარაზე მშვენივრად უკრავდა. მანვე შეურჩია რეპერტუარიც - "გულს რად მიკლავ", "ტურფავ, ტურფავ" და ამისთანა "კიდო ორი"... "პაწა" წაიმეცადინეს და მაისის ერთ მშვენიერ საღამოს თამუნიეს სახლისკენ გასწიეს.

ჩამოჰკრა გიგამ გიტარას, მაგრამ მთლად სახარბიელოდ და მსმენელთა ყურის დასატკბობად ვერ ამღერდა თემურიკა. გიგამ რამდენჯერმე კი შეუსწორა, "ბგერაც მიაწოდა", მარა შენც არ მომიკვდე - გიტარა სხვაგან გარბოდა, თემურიკა - სხვაგან. გამოიშალნენ მეზობლები, თამუნიეც გამოვიდა აივანზე და მისი მშობლებიც... მომღერალმა სასიძომ ჩათვალა, რომ ამჯერად ეს საკმარისი იყო და მალე დატოვა მოედანი.

მეორე დღესაც მივიდა დანიშნულების ადგილზე. ჩამოჰკრა გიგამ გიტარას და თემურიკამაც შემოსძახა. კვლავ გამოეფინა მაყურებელი. იყო ხორხოცი და შეძახილები: "სიძე, შე ძველო!", "იადონას გაუმარჯოს!",  "რას გვერჩის, თუ იცით?" და ამისთანები. ის-ის იყო, მეორე სიმღერა უნდა წამოეწყო თემურიკას, რომ სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა კაცი, რომელსაც თამუნიე მოჰყავდა ხელჩაკიდებული.

- ა, ბიძია, ჩემი შვილი, ვიცი, რო გიყვართ ერთმანეთი... ისიც ვიცი, პატიოსანი ბიჭი ხარ. ოღონდ აღარ იმღერო და, თუ გინდა, ახლავე წეიყვანე.

ატყდა ხარხარი. ქუთათურები რაჭველ სასიძოს გარს შემოეხვივნენ, ზოგი მოწონების ნიშნად გოლიათ თემურიკას მხარზე ხელს უტყაპუნებდა, ზოგიც ცერათითს უჩვენებდა, - გული არ გაიტეხო, კარგად მღეროდიო...  დარცხვენილ სასიძოს აღარ იცოდა რა ექნა. თამუნიე იმარჯვა, ფეხის წვერებზე აიწია და თემურიკას წასჩურჩულა: სანამ არ გოდოუფიქრებია მამაჩემს, წამიყვანე დროზეო...

იმ საღამოს ბიძია რაჟდენთან დიდი სუფრა გაიშალა, ოღონდ, თემურიკას აღარ უმღერია, იჯდა პირგაბადრული და თავისი ბედნიერებითა და მეგობრების სიმღერით ტკბებოდა...