მიტოვებული დედა... - კვირის პალიტრა

მიტოვებული დედა...

"ხომ არიან ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულები?.. არიან! მე კი, უთუოდ უბედურ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი. ურიგო გოგო არ ვარ და ბედი მაინც არ მწყალობს. ჩემი მეგობრები სულ შემომნატროდნენ, რამდენი თაყვანისმცემელი გყავს, რამდენ სიურპრიზს გიწყობენო...

ახლა ყველა შემომეფანტა. რაც გაგას დავშორდი, მას მერე ყველაფერი ამერია. ალბათ, სჯობდა, ჩვენი ურთიერთობა არ გაგვეჭიანურებინა, მერე რა, რომ მაშინ ორივე 17 წლისანი ვიყავით; სამაგიეროდ, ახლა უკვე დიდი შვილები გვეყოლებოდა", - ფიქრობდა თავისთვის ქეთევანი და ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა.

სწორედ იმ დღეს ნიკოლოზმა მოულოდნელად გამოუცხადა: - ქეთევან, გადავწყვიტე, რუსეთში მარტო წავიდე, ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო... ნიკოლოზი რამდენიმე თვის წინ გააცნეს ნათესავებმა. ქალის დანახვამ აღაფრთოვანა კაცი, ყოველდღე აკითხავდა სამსახურში ქეთევანს, ხან რესტორანში მიჰყავდა, ხან მანქანით სეირნობდნენ გვიანობამდე. მერე ცოლობაც სთხოვა, ისიც დათანხმდა და აი, დილით მისმა "საქმრომ" ამცნო - მივემგზავრებიო! გვიან გაიგო, რომ ნიკოლოზმა 22 წლის გოგო არჩია 35 წლის ქეთევანს. ცოტა ხნის შემდეგ ქეთევანს ახალი კანდიდატურა გააცნეს.

თაზომ მალევე გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა. კაცს პირველ ცოლთან გოგონა ჰყავდა... წლები გავიდა,  ქეთევანს შვილი არა და არ შეეძინა. რა აღარ სცადა, ყველა აიმედებდა, - ბავშვი აუცილებლად გეყოლებაო, მაგრამ... ამასობაში 42 წლისაც მოიყარა. ერთ დღეს თაზომ გამოუცხადა, - პირველ ცოლს იმიტომ გავშორდი, რომ გულის მანკი ჰქონდა და მეორე შვილს ვეღარ მიჩენდა, შენ კი ერთიც ვერ გამიჩინე... უნდა დავშორდეთო...

ქეთევანი 44 წლის იყო, გოგონა რომ იშვილა. დედის სახელი დაარქვა - თამარი. ბავშვის წარსული გამოიკითხა - დედა უკრაინელი ჰყოლია, ქართველისგან დაორსულებულა. სამშობიაროდ თბილისში ჩამოსულა. ბავშვის მამას კი თავი შორს დაუჭერია, - არ ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვი ჩემიაო. ქალმა ჩვილი სამშობიაროში დატოვა და ხელწერილიც დაწერა - ჩემი ნებით ვტოვებ შვილსო... ასე გახდა პატარა თამუნა ქეთევანის შვილი.

მართალია, პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა   ქეთევანს, სამაგიეროდ, კარიერაში წარმატებული ქალი გახლდათ. სამი უცხო ენა იცოდა. ერთხანს "მთავრობაში" მუშაობდა, ბავშვის აყვანის შემდეგ თავი დაანება იმ სამსახურს, სადაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. სკოლა არჩია, თან მოსწავლეები შინ დაუდიოდნენ, ასე რომ, მატერიალურად არ უჭირდა... თამუნა იზრდებოდა და მშვენდებოდა. 16 წლისამ დედას გამოუცხადა - შეყვარებული ვარო. მიშკა 10 წლით უფროსი იყო თამუნაზე. როცა ქეთევანმა გვარი იკითხა, გაოცდა... მიშკა მისი პირველი სიყვარულის, გაგას ვაჟი აღმოჩნდა.

"მაშ, ასე! ჩემი პირველი შეყვარებულის ვაჟს ჩემი ქალიშვილი შეჰყვარებია, მე და გაგა კი მალე მძახლები გავხდებით!" - გაივლო გუნებაში, ხმამაღლა კი ეს თქვა - რა უცნაურია ეს ცხოვრებაო. არ გასულა დიდი დრო, რომ თამუნამ დედას გაუმხილა, - ორსულად ვარ და აბორტი უნდა გავიკეთო, შვილი არ გვინდაო. ახლა კი თავში შემოირტყა ხელი - გაგიჟდი, რას ამბობ! როგორ გაბედე მეათეკლასელმა ასეთი რამ... და თუ ორსულად ხარ, ღმერთს რატომ სცოდავ, რამდენ ქალს ენატრება შვილი და არ ეძლევა, შენ კი საკუთარს სიცოცხლეს უსპობო... თამუნა თავისას ჯიუტად ადგა. ქეთევანმა გაგას მონახულება გადაწყვიტა. ყოფილმა შეყვარებულმა თბილად მიიღო. მათ ხომ მართლაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. გაგას ცოლობაზე უარს მხოლოდ იმიტომ ეუბნებოდა, რომ პატარები იყვნენ. არადა, ბიჭმა მისი მოტაცებაც სცადა... მერე შეურაცხყოფილმა ქეთევანის ჯინაზე სხვა გოგო მოიყვანა ცოლად... და აი, ისინი ახლა ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და შვილების მომავალზე მსჯელობდნენ.

- გაგა, ურჩიე ახალგაზრდებს, იქორწინონ და ბავშვი გააჩინონ.

- რა ვქნა, ქეთევან, მე არაერთხელ გავაფრთხილე მიშკა, სისულელე არ ჩაედინა. დროა, ოჯახს მოეკიდოს. როცა გავიგე, ერთ პატარა გოგონასთან დადიოდა, ვურჩიე, ცოლად შეერთო, მაგრამ უარი მითხრა, - ჩემი საქმისა მე ვიციო!..

- იცოდი, რომ თამუნა ჩემი შვილი იყო?

- გვიან გავიგე.

- მის გაზრდას ყველაფერი შევალიე - წლები, ენერგია... არაფერი დამიკლია მისთვის...

- ჰო, მაგრამ ის მაინც სხვისი შვილია, სხვა სისხლის, ჯიშის და გენეტიკის...

ეს სიტყვები შოლტივით მოხვდა ქეთევანს. ხმა აღარ ამოუღია, თავჩაღუნული წამოვიდა მისგან. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა... ორ დღეში თამუნამ დედას გააგებინა - აბორტი გავიკეთეო. ქეთევანს ერჩივნა, მიწა გასკდომოდა. დანა პირს არ უხსნიდა, ისე დადარდიანდა. თამუნა კი, ვითომც აქ არაფერია, ძველებურად ხალისობდა. მაშინ პირველად გაიფიქრა ქეთევანმა, - ამაზეა ნათქვამი, კვიცი გვარზე ხტისო, ვინ იცის, დედამისმა მის გაჩენამდე რამდენი არასასურველი ბავშვი მოიცილაო. ვერა და ვერ გადახარშა წყენა. თამუნა ატყობდა, რომ დედა გულნატკენი იყო და ცდილობდა, როგორმე გაემხიარულებინა...

ორი თვის წინ კი, 18 წლის გოგონამ ქეთევანს გამოუცხადა - გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, ისიც ვიცი, ვინ არიან მამაჩემი და დედაჩემი. მამა უკვე ვინახულე, ხვალ კიევში მივემგზავრები დედასთანო. ელდანაცემი ქეთევანი ყურებს არ უჯერებდა, გაოგნებისგან თვალები საცრისოდენა გაუხდა - კი, მაგრამ, საიდან გაიგო მამის კოორდინატები? ან რად უნდა, რომ კიევში მიდის? ნუთუ, მტოვებს? ისევ მარტო უნდა დავრჩე? - ფიქრობდა და თამუნას ვერაფერს ეუბნებოდა...

თამუნა წავიდა. ქეთევანს მეორე დღესვე ახარა, - დედა ვიპოვე და და-ძმაც, აქაურობა ძალიან მომეწონა და რამდენიმე ხანი დავრჩებიო... ქეთევანი კი დარჩა მიტოვებული და დარდიანი...