"ქმარს სხვა ქვეყანაში გაექცა, სამი შვილი მიატოვა... და მე რა შუაში ვარ? - თავი ძლივს შევიკავე, ჭიქაში ჩარჩენილი წყალი ცხვირ-პირში არ შემესხა" - კვირის პალიტრა

"ქმარს სხვა ქვეყანაში გაექცა, სამი შვილი მიატოვა... და მე რა შუაში ვარ? - თავი ძლივს შევიკავე, ჭიქაში ჩარჩენილი წყალი ცხვირ-პირში არ შემესხა"

"ხან აგრესიით ლაპარაკობდა იმ ქალზე, ხან სინანულით... ვერ გადამეწყვიტა, ვის მხარეს დავმდგარიყავი - მისი თუ იმ თავგადასავლების მოყვარული ქალის... სავარაუდოდ, მისი მშობლები და ახლობლები აბუჩად აიგდებდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ასეთი "უღირსი" არჩევანი გააკეთა, რადგან ეს უცხოეთმოვლილი ბიჭი ძალზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა... საკუთარ თავსა და ამ კომიკურ სიტუაციაზე ხარხარი რომ არ ამეტეხა, თავს ძლივს ვიკავებდი. წარმოდგენა ჯერ არ იყო დამთავრებული, რომ შევაწყვეტინე, პირდაპირ მითხარი, ჩემგან რა გინდა-მეთქი?.. რჩევა მჭირდებაო, მითხრა ბორძიკით. მერე ძლივს ამოთქვა, ვერ გაიგე, ამით რისი თქმა მინდაო? ყველაფერს ველოდი, ამ "აღიარების" გარდა-მეთქი, ვუთხარი, ის კი ისევ ბუტბუტებდა, არასწორად გამიგეო..."

ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან იცნობდნენ... შემდეგ მამაკაცი უცხოეთში წავიდა, სადაც წლების განმავლობაში დარჩა, მაგრამ გოგონასთან კავშირი არ გაუწყვეტია... ფლირტით დაწყებული ურთიერთობა მეტწილად მხოლოდ მეგობრული საუბრებით შემოიფარგლებოდა. ასე გადიოდა წლები, სანამ ბიჭი ემიგრაციიდან არ დაბრუნდა. ამბის გაგრძელებასა და სრულიად მოულოდნელ ფინალს 34 წლის ია თავად გვიამბობს:

- ახალი წელი, დაბადების დღეები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები არასდროს ავიწყდებოდა. მერე თანდათან რაღაცები შეიცვალა, ხან გამოჩნდებოდა, ხან იკარგებოდა, მაგრამ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. 8 წლის განმავლობაში 6 ქვეყანაში იცხოვრა და რამდენიმე პროფესია შეიცვალა. 5 ენა იცის და არაერთ ქვეყანაში ჰყავს მეგობრები.

ერთხელ იმ დროს გამოჩნდა, შეყვარებულს რომ ვშორდებოდი. ცუდად ვიყავი და მასთან საუბარი შვება იყო ჩემთვის. შემდეგ ისევ დაიკარგა. ერთ დილას კი მესიჯი დამხვდა, ხომ მშვიდობა გაქვს, ჯულიეტა, შეურიგდი რომეოსო, მწერდა. გამიხარდა რომ შემეხმიანა, მაგრამ პასუხი არ მიმიწერია... ერთხელაც შუაღამისას მობილურმა დარეკა, ჩამოვედიო.

- შეხვედრა გთხოვათ?

- პირდაპირ არ უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა, შენი დახმარება მჭირდებაო, მე კი მიზეზთა გამო მისი ნახვისგან თავს ვიკავებდი...

- ალბათ, ახალ ურთიერთობას გულისხმობთ. მან ამის შესახებ იცოდა?

- არა, არც ჩამითვლია საჭიროდ... ერთ დილას სამსახურში წასვლამდე დამირეკა, სახლი ვიყიდე და სულ ერთი საათით რომ "გაგიტაცო", ავეჯი ამარჩევინე და ყავაზეც დაგპატიჟებ, მახსოვს, კარგი "კაპუჩინო" რომ გენატრება, თან სალაპარაკოც მაქვსო.

შევხვდი. ასაკი დასტყობოდა, თმაში ჭაღარა გამორეოდა. ვირტუალური ურთიერთობისგან განსხვავებით, პირისპირ საუბრისას ოდნავ დაძაბული და დაბნეული მეჩვენა. გზაში მკითხა, არ გინდა, ჩემი სახლი გაჩვენოო? უარი ვუთხარი. მეჩვენებოდა, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა...

- ფიქრობთ, ძველი გრძნობა განუახლდა?

- არ ვიცი. რომ შევხვდი, ვუთხარი, ერთი ბიჭი მომწონს და თითქმის შეყვარებული ვარ-მეთქი. პასუხად თვალი ჩამიკრა, თითქმის არ ითვლებაო. ბიჭზე, რომელსაც ვხვდები, ყველაფერი ვუამბე და ეს მეგობრულ-რაღაცნაირი ურთიერთობა არ მოეწონა... ერთი სიტყვით, მანქანაში ისეთი სერიოზული სახით იჯდა, ვითარების განსამუხტავად გაკრეჭილმა ვკითხე, შენი ამბის მოსასმენად მოვემზადო-მეთქი? თავი დამიქნია.

რამდენიმე წუთში ერთ მყუდრო კაფეში ერთმანეთის პირისპირ ვისხედით. საუბრის დაწყება უჭირდა. მალე სამსახურში უნდა წავიდე-მეთქი, ვუთხარი. ჰოდა, დაიწყო: რამდენიმე წლის წინ ძალიან საინტერესო გოგო გავიცანი, აი, ისეთი, რაც უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვეღარ ივიწყებო და თვალი თვალში გამიყარა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ, თან ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდა, მერე ჩურჩულზე გადავიდა და ფრაზებს მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვიგებდი. ნეტავ საით მიჰყავს საუბარი-მეთქი, გავიფიქრე. ის იყო, უნდა მეკითხა, ვისზე ლაპარაკობ, ნუ დამტანჯე-მეთქი, უცებ წამოდგა და მომიბოდიშა, ვნერვიულობ, სიგარეტი თუ არ მოვწიე, გული გამისკდება, თუ გინდა შენც წამოდიო... არა, აქ დაგელოდები-მეთქი. მინდოდა მის დაბრუნებამდე აზრები დამელაგებინა და მშვიდად ამეხსნა, დაგაგვიანდა-მეთქი. თავს შევუძახე, პატარა გოგო ხომ არა ხარ, ვიღაც წლები დამალობანას გეთამაშებოდეს, მერე დაბრუნდეს და "დაგაბოლოს", სულ მახსოვდი, ოღონდ სანამ დედამიწა არ შემოვიარე, ამის სათქმელად ვერ მოვიცალე, ახლა იმ ვიღაცას დაემშვიდობე და განვაახლოთ ურთიერთობაო... როდესაც დაბრუნდა, საკუთარ თავთან კარგა ხნის ნაკამათებ-ნაჯანჯღარები, საუბრის გაგრძელების მოლოდინში მშვიდი გამომეტყველებით ვიჯექი.

- თავად დამშვიდებული იყო?

- არა, კიდევ უფრო ღელავდა. მისი ფორიაქი რომ არ გადმომდებოდა, კითხვებს ტყვიებივით ვესროდი და მისი საცოდავი სახის გამომეტყველებაზე ზოგ პასუხს არც ვუსმენდი, ისევ კითხვებზე გადავდიოდი. უცებ ხელები დასახვრეტად განწირულივით ასწია - ნუ მაწყვეტინებ, აზრი ისედაც მებნევაო. სანამ ახალ კითხვას დავუსვამდი, წამოიძახა, თურმე შვილი ჰყოლია, უფრო სწორად, შვილები, სამიო... მოულოდნელობისგან კინაღამ გადავიხარხარე. რას ამბობ-მეთქი, თანაგრძნობით თავი გავიქნიე, თუმცა იქვე ვიგრძენი, რომ ვთამაშობდი და სინამდვილეში ვერაფრით ვერ თანავუგრძნობდი ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ ნაცვლად იმისა, შემბრალებდა, მომინდა გამერტყა... ჰო, სამი პატარა შვილი და პათოლოგი ქმარი ჰყოლია, გაშორდა, შვილები მშობლებს დაუტოვა და ემიგრაციაში წავიდა და იქ გავიცანით ერთმანეთიო, - მომაყარა სხაპასხუპით, თუმცა ჩემი გაოცებული და ცოტა ცინიკური გამომეტყველება არ გამორჩენია.

- აჰა, სამი შვილი ჰყავს, ქმარს სხვა ქვეყანაში გაექცა, შვილები მიატოვა... და მე რა შუაში ვარ? - კი არ ვკითხე, აღმომხდა... სახე შეეცვალა - არავისთვის მომიყოლია, პირველი შენ ხარ, არ მანანებინო ჩემი საქციელიო, დამამუნათა. თავი ძლივს შევიკავე, ჭიქაში ჩარჩენილი წყალი იმ მოვლილ ცხვირ-პირში არ შემესხა. ჩემს ირონიას არ შეუშინებია. აფორიაქებული ჰყვებოდა, როგორ ეპარებოდა იმ "სამშვილიანი ქალის" ერთგულებაში ეჭვი, მაგრამ მაინც ამ ქალის ტყვეობაში იყო...

- ამის მოსაყოლად შეგხვდათ? - ვერ გავიგე. ხან აგრესიით ლაპარაკობდა იმ ქალზე, ხან სინანულით... ვერ გადამეწყვიტა, ვის მხარეს დავმდგარიყავი - მისი თუ იმ თავგადასავლების მოყვარული ქალის. ზოგჯერ ყვირილზე რომ არ გადასულიყო, ხმას დაუწევდა და პირს აცმაცუნებდა. სიტყვები კარგად არ მესმოდა... სავარაუდოდ, მისი მშობლები და ახლობლები აბუჩად აიგდებდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ ასეთი "უღირსი" არჩევანი გააკეთა, რადგან ეს უცხოეთმოვლილი ბიჭი, ძალზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა...

საკუთარ თავსა და ამ კომიკურ სიტუაციაზე ხარხარი რომ არ ამეტეხა, თავს ძლივს ვიკავებდი. წარმოდგენა ჯერ არ იყო დამთავრებული, რომ შევაწყვეტინე, პირდაპირ მითხარი, ჩემგან რა გინდა-მეთქი?..

რჩევა მჭირდებაო, მითხრა ბორძიკით.მერე ძლივს ამოთქვა, ვერ გაიგე, ამით რისი თქმა მინდაო? ყველაფერს ველოდი, ამ "აღიარების" გარდა-მეთქი, ვუთხარი, ის კი ისევ ბუტბუტებდა, არასწორად გამიგეო.

საღამოს ტელეფონზე რომ არ ვუპასუხე, სოციალურ ქსელში მომწერა, ყველაფერი უკუღმა გავაკეთე, არადა, სხვა რამე მქონდა დაგეგმილიო. ვერაფრით ვხვდები რატომ მომიყვა ამ ამბავს. რომ მეთქვა, მერე რა, თუ სამშვილიანია, მერე რა, თუ გღალატობს, თუ მაინც გიყვარს მოიყვანე ცოლად-მეთქი, მოიყვანდა?!.

ნინო აფხაზავა