გვიანი ბედნიერება - კვირის პალიტრა

გვიანი ბედნიერება

უცნაურად წარიმართა ლელა ნ-ს ბედი. იგი თიანეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, უნდოდა კიდეც სწავლის გაგრძელება, მაგრამ მშობლებმა უთხრეს, ქალაქში ვერ შეგინახავთ, თანაც შენი ხელი დაგვაკლდება, ამხელა ოჯახს მიხედვა ხომ უნდაო და ლელაც დარჩა სოფელში.

უმცროსი და-ძმის მოვლა და საოჯახო საქმე სულ მის კისერზე იყო. მალე საბედო გამოუჩნდა. ერთ სახალხო ზეიმზე თიანეთელი ბიჭი გაიცნო, ზაური. ერთმანეთი მოეწონათ და ერთ კვირაში ბიჭი მშობლებთან ერთად ლელას კარს მიადგა... არ ემეტებოდა დედ-მამას თავისი "მარჯვენა ხელი", მაგრამ ხალხისა შერცხვა, სოფელი აუცილებლად იტყოდა, - შვილს ამსახურებენ და ბედი დაუკარგესო...

ლელას ქმრის ოჯახს არ უჭირდა. ძროხაც ჰყავდათ, ქათმებიც... მამამთილი მშრომელი კაცი იყო, მის შვილზე კი ამას ვერავინ იტყოდა. ზაურს სოფლის ბირჟაზე ლაზღანდარობა ერჩივნა. როცა ოჯახის უფროსი მოულოდნელად ხელიდან გამოეცალათ, ძალიან გაუჭირდათ. ლელას უკვე სამი შვილი ჰყავდა. დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ლუკმა არ მოჰკლებოდათ შვილებს, ქმარი კი სვამდა.

ცოლი სასმელს უმალავდა, რის გამოც ქმარი გამეტებით ურტყამდა, მათი სახლიდან სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ლელა ძალიან განიცდიდა, რომ მის შვილებს ბევრი რამ აკლდათ, მომავლის იმედი კი არ ჩანდა. ბოლოს ქალს მოთმინების ფიალა აევსო და ქმარსა და დედამთილს გამოუცხადა, - მთელი საქართველო წასულია საშოვარზე, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ჯანიც მომდევს, მეც უნდა წავიდე საბერძნეთში, დღე და ღამეს გავასწორებ და ფულს გამოგიგზავნითო. ზაური მაშინვე დაეთანხმა, - მა, რას იზამ, ქალი ხარ და უნდა იზრუნო ოჯახისთვისო.

დედამთილმა ცოტა ხანს იწუწუნა, - ვინ იცის, შენგან დაუტირებელი წავიდე ამ ქვეყნიდანო, მაგრამ ლელას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გამგზავრება. საბერძნეთში ორი თიანეთელი ქალი ეგულებოდა, ისინი დაჰპირდნენ, - ჩამო და რამეს მოგიხერხებთო. მართლაც, ერთ კვირაში უშოვეს სამუშაო, ოღონდ ერთ მთიან სოფელში; თან ანუგეშეს, - სოფლის საქმეს შეჩვეული ხარ, იქ ყოფნა სჯობს, უფრო მეტს გადაგიხდიან, ქალაქში კი მუშახელი ბევრიაო... სოფელს რას დაეძებდა, ოღონდ მალე გაეგზავნა შვილებისთვის ფული და ღამეც არ დაიძინებდა. ისე დაბზრიალდა, თავი მოაწონა "პატრონს".

გაოცებული იყვნენ ლელას ხელმარჯვეობით. თავიდან 800 ევროს უხდიდნენ, ლელაც არ იყო უკმაყოფილო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქმე მოუმატეს, ფული კი შეუწყვიტეს. ლელას ბერძნულად საუბარი უჭირდა, მაგრამ ბოლოს, როცა მეორე თვე მიილია და ფული კვლავ არ მისცეს, დამტვრეული ბერძნულით იკითხა, - რატომ არ მიხდითო. იმათ კი - ჭამა-სმასა და ღამის გასათევში ფული არ გეხარჯება, სოფელში კი ნატურით უხდიანო... ლელამ წამოსვლა დააპირა, მაგრამ ვინ გამოუშვა? ოთახიდან ბოსელში შეაგდეს და ეზო-მიდამოს იქით ნაბიჯს არ ადგმევინებდნენ.

მანამდე ლელა იმ ქართველ ქალებს ურეკავდა, სამსახური რომ უშოვეს, შინაც რეკავდა და შვილებს ეხმიანებოდა, ახლა ტელეფონთან აღარ უშვებდნენ. როცა ლელა აღარ გამოჩნდა, ქართველმა ქალებმა მიაკითხეს სოფელში, შეეშინდათ, ლელას გაუჩინარება კარგს არაფერს ნიშნავდა... ბერძნებმა ქალი სარდაფში დამალეს, მოსულებს კი განუცხადეს, - ლელამ ვიღაც ქართველი კაცი ნახა და იმას გაჰყვა, ჩვენც აღარ დავაკავეთ, არც კი ვიცით, სად წავიდაო. ქალები პირში ჩალაგამოვლებული გაბრუნდნენ უკან. იმედი ჰქონდათ, რომ ლელა ადრე თუU გვიან,  მათ შეეხმიანებოდა.

გავიდა ერთი წელი. ლელა მონად გადაიქცა, მას მხოლოდ აჭმევდნენ და არაქათის გამოცლამდე ამუშავებდნენ. ქალი ტყვეობიდან გაპარვაზე გამუდმებით ფიქრობდა... და აი, ღმერთმა უსმინა. იმ სოფელში ქართველის ჭაჭანება არ იყო, მაგრამ ერთხელ მეზობლად ახალი დამხმარე გამოჩნდა, ქართველი. ლელამ რეზოს ყველაფერი უამბო. რეზოს ისედაც არ მოსწონდა იქაურობა და დაჰპირდა, მეც მალე წავალ აქედან და შენც გაგიყოლებო. რამდენიმე დღის შემდეგ, გათენებისას, ლელა და რეზო სოფლიდან გაიპარნენ და ათენში ჩავიდნენ.

იქაურმა ქართველებმაც უზომოდ გაიხარეს და სამშობლოში დარჩენილმა მისმა ოჯახმაც. ლელას, რა თქმა უნდა, არ გაუმხელია ახლობლებისთვის, რაც თავს გადახდა, მხოლოდ ის უთხრა, - ისეთ ადგილას მოვხვდი, საიდანაც ჭირდა დაკავშირება, თან ცოტას მიხდიდნენ და იქაურობა დავტოვე, აწი ქალაქში დავიწყებ მუშაობას და ფულს გამოგიგზავნითო. "დაზარალებულს" ყველა ქართველი დაეხმარა და კაფეში დააწყებინეს მუშაობა. ლელამ ე.წ. "მწვანე ბარათიც" მიიღო. ამიერიდან მას უკვე შეეძლო თავისუფლად მიმოსვლა. პირველად საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა დედამთილი გარდაეცვალა.

მერე ვაჟმა ცოლი შეირთო და დედა საჩუქრებით ხელდამშვენებული ეწვია, ქორწილიც გადაუხადა შვილს. ქმარმა - ფული ხომ დააგროვე, ახლა ჩამოდი და მომხედე, შვილებს ჩემთვის არა სცალიათო. აღარ უსმინა ლელამ ქმარს, - ჩემი გეგმები მაქვს, ცალკე მინდა ბინის ყიდვა და შენ გარეშე ტკბილი სიბერეო. აქამდე მორჩილი ცოლისგან არ ელოდა ამას ზაური, კვლავ გაიწია მის საცემად, მაგრამ ლელა ისეთი აღარ დახვდა, როგორსაც ადრე იცნობდნენ მისი ოჯახის წევრები.

ქალს აღარ უნდოდა გალოთებული ქმრისთვის მოევლო, რომელიც არასოდეს უფასებდა ამაგსა და ჯაფას. გოგოებიც წამოზრდილიყვნენ, შუათანას შეყვარებული ჰყავდა და სადაცაა გათხოვდებოდა. შვილებს ფული უფრო სჭირდებოდათ, ამიტომაც დაბრუნდა საბერძნეთში.

კარგა ხანია იმ კაფეტერიის მეპატრონის ძმა თვალებს უჟუჟუნებდა და აკვირდებოდა ქალს. როცა ქალიშვილები ერთმანეთის მიყოლებით გაუთხოვდნენ, ლელა კიდევ ჩამოვიდა სამშობლოში... ქმარი ძველებურად სთხოვდა მოვლა-პატრონობას.... მიხვდა ქალი, რომ დრო იყო, საკუთარი თავისთვის მიეხედა... ზაურს გაშორდა და კვლავ საბერძნეთს მიაშურა, სადაც კაფეტერიის მეპატრონის ძმა ელოდა. როცა ლელამ თანხმობა უთხრა ცოლობაზე, სიხარულით ცას ეწია 57 წლის ბერძენი...

არ გასულა დიდი დრო და ლელამ შვილის საყვედურებით სავსე წერილი მიიღო. "ეს რა გააკეთე, ქალო? (აქამდე, სულ "დე"-ს ეძახდა!) საქვეყნოდ მოგვჭერი თავი? რაღა დროს შენი გათხოვება იყო, ან მამაჩვენი ვის იმედად  დატოვე? რა ვთქვა ბიჭებში? თავი აღარ გამომეყოფა არსად. ყოჩაღ შენ! ჩემი დები რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს, მე კი გეუბნები, რომ შენ ვაჟი აღარ გყავს."

თვალცრემლიანმა ლელამ რამდენჯერმე ჩაიკითხა წერილი, ვერაფრით დაეჯერებინა შვილის ასეთი განდგომა. მან ხომ შვილების გულისთვის ყველაფერი გააკეთა - უცხოეთში გადაიხვეწა და უამრავი დამცირებისა და ტანჯვის ატანა მოუხდა... ახლა იჯდა თავისი ახალი, კოხტა სახლის აივანზე და თავისთვის აანალიზებდა ყველაფერს - კარგსა და ცუდს:

რა ელოდა იქ, თავის სოფელში? - ისევ მძიმე შრომა, გალოთებული და უჟმური ქმრის ხუშტურების ატანა, შვილებს თავისი ცხოვრება ჰქონდათ და აწი მხოლოდ მაშინ გაიხსენებდნენ დედას, რამე თუ დასჭირდებოდათ, ხოლო როცა დაბერდებოდა, ალბათ, ერთმანეთში იდავებდნენ, - არა შენ უნდა მიხედო და არა - შენო. საბერძნეთში კი, დიდი ხნის ტანჯვა-წამების მერე ყველაზე მთავარი, რაც სულ მუდამ ენატრებოდა, ის ერგო - ქმარს ძალიან უყვარდა და აფასებდა.

საკმარისი იყო, რამე ენატრა, მაშინვე უსრულებდა. უფლებას არ აძლევდა, ფიზიკური საქმე ეკეთებინა. ეზოში ყვავილნარი ჰქონდათ, ლელას ძალიან შეუყვარდა ბაღის მოვლა, სამზარეულოშიც ფუსფუსებდა... ამ ყველაფერზე უარი იმიტომ უნდა ეთქვა, რომ შვილები თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდნენ?! ჰოდა, გადაწყვეტილება მიიღო - მაინც ის სიყვარული და სიმყუდროვე ამჯობინა, რომელიც 50 წლის ასაკში ესტუმრა.

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საქართველოში მამაკაცის როლის დაკნინება? გამართლებულია თუ არა, ქმარ-შვილის სარჩენად ქართველი ქალების უცოეთში გადახვეწა, დამამცირებელი სამუშაოსა და ტანჯვა-წამების ატანა?

მოგვწერეთ, გამოთქვით თქვენი აზრი.