"როცა ცხოვრების სხვა ფერებში აღქმას ვიწყებდი, მან მხოლოდ ერთი ფერი მიიღო" - კვირის პალიტრა

"როცა ცხოვრების სხვა ფერებში აღქმას ვიწყებდი, მან მხოლოდ ერთი ფერი მიიღო"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 20 წლის სალომე ქეცბაიას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სალომე ქეცბაია, 20 წლის

"მე სალომე ქეცბაია ვარ, 20 წლის, აფხაზეთიდან დევნილი უსინათლო გოგო. მხედველობა 12 წლის ასაკში დავკარგე. მაშინ, როცა ცხოვრების სხვა ფერებში აღქმას ვიწყებდი, მან მხოლოდ ერთი ფერი მიიღო. მერვე კლასის ჩათვლით, გალის მე-2 საჯარო სკოლაში ვისწავლე. მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და კლასელების მხარდაჭერის მიუხედავად, მაინც გამიჭირდა არასპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა და იძულებული გავხდი, თბილისის 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლა-პანსიონში გადმოვსულიყავი. სკოლასთან და უცნობ ადამიანებთან ადაპტაციასთან ერთად, მარტო ვიყავი, რადგან მშობლები აფხაზეთში იყვენენ. სკოლაში სხვა უსინათლო ბავშვებთან ერთად ვცხოვრობდი და ვსწავლობდი.

პირველი დაბრკოლება, რომელიც გადავლახე, ბრაილის შრიფტის სწავლა იყო. წარმოიდგინეთ წიგნის ერთი ფურცელი, რომელზეც ათასამდე წერტილია, ამ წერტილთა კომბინაციებს კი თავისი მნიშვნელობა აქვს. მამას ვუთხარი, რთულია, ამას ვერ ვისწავლი, სჯობს სახლში წამიყვანოთ-მეთქი, თუმცა მოვახერხე და ერთ თვეში სამი ენის - ქართულის, ინგლისურისა და რუსულის ანბანის სწავლა შევძელი ბრაილის შრიფტით. მალევე აღმოვაჩინე ტექნოლოგიების ძალა, რომელიც არამხოლოდ დროს მიზოგავდა, არამედ შესაძლებლობებსაც აფართოებდა. როცა Google-ის გამოყენება შევძელი, ის გახდა ინფორმაციის მოძიების მთავარი წყარო, ინტერნეტმა კი უმნიშვნელო გახადა ზღვარი უსინათლო და მხედველ ადამიანებს შორის. მახსენდება ასეთი აპლიკაცია -“Be My Eyes”, რომელსაც ინგლისურის კარგად მცოდნე მეგობრები იყენებდნენ. ამ აპლიკაციის იდეა ის არის, რომ ვიდეო-ზარის საშუალებით ერთმანეთთან აკავშირებს უსინათლო, ასევე მცირემხედველ და მხედველ ადამიანებს, აპლიკაცია იძლევა საშუალებას, მხედველებმა უსინათლოებს დაბრკოლებებისა და გამოწვევების გადალახვაში შეუწყონ ხელი. სამწუხაროდ, ამ აპლიკაციას ერთადერთი მიზეზით ვერ ვიყენებდი - ინგლისური კარგად არ ვიცოდი. ამოსავალი იმაში ვნახე, რომ როცა დახმარება მჭირდებოდა, მეგობრებს ან ნათესავებს ვურეკავდი. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, ნეტავ, თუ შეიძლება ისეთი პლატფორმის შექმნა საქართველოში, სადაც უსინათლო და მხედველი მოხალისეები ერთმანეთს დაუკავშირდებიან. ალბათ, კი. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ საკითხზე, მაგრამ ამისთვის საოფისე პროგრამების სწავლა მჭირდება. ნოუთბუქი, რომელიც ახლა მაქვს, სამი წლის წინ ჩემმა ახლობელმა მაჩუქა. მანამდე მას თავად იყენებდა. სკოლა დავამთავრე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადები. პანდემიის გამო, როგორც სხვები, მეც დისტანციურად ვემზადები გამოცდებისთვის. დისტანციურ სწავლებას კიდევ გამართული ინტერნეტი და მძლავრი ტექნოლოგიები სჭირდება. უსინათლოების შემთხვევაში, ტექნოლოგიების სიმძლავრე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მარტივი ინფორმაციის მოძიებისა და წაკითხვისთვისაც კი სპეციალურ წამკითხველ პროგრამებს ვიყენებთ. ჩემი ნოუთბუქი კი, სამწუხაროდ, ისე მოძველდა, ლაპარაკი რომ შეეძლოს, მეტყოდა: "მშვიდად სიკვდილი მაინც მაცადეო", მაგრამ სხვა ალტერნატივაც არ მაქვს.

გალიდან თბლისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი. ახლა კარანტინში ვარ. ცოტა ხანში ისევ მომიწევს საგამოცდო სამზადისს დავუბრუნდე. ინტერნეტი დედაქალაქში უკეთესად მუშაობს, მაგრამ ჩემს მომაკვდავ ნოუთბუქს ეს მაინც არ შველის. იმისთვის, რომ გამოცდებისთვის მზადება და უნივერსიტეტში სწავლა სხვებთან თანაბარ პირობებში, ანუ დამოუკიდებლად შევძლო, ციფრული უნარების განვითარება მჭირდება. ის იმ ბარიერების მარტივად გადალახვაში დამეხმარებოდა, რომელსაც პირველკურსელი უსინათლო სტუდენტი შეიძლება წააწყდეს. სხვების მსგავსად, მეც მინდა მქონდეს პროფესია, მინდა, საკუთარ ქვეყანას გამოვადგე და დავეხმარო მათ, ვისაც ჩემსავით შეზღუდული შესაძლებლობით უწევს ცხოვრება! მინდა, ამ საზოგადოების სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრი ვიყო და თუკი ჯერ არ ვარ, ე.ი. კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ამას ახალი, მძლავრი მონაცემების ნოუთბუქი სჭირდება."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან