"შვილზე წინ ვერავის დავაყენებ"
"შვილზე წინ ვერავის დავაყენებ"
წერილი, რომელიც 34 წლის ქალბატონმა მოგვწერა, საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა... თავდაპირველად ვიფიქრე, ავტორს გავესაუბრები-მეთქი, მაგრამ არ ისურვა, - რედაქციაში მოსვლა კი არა, წერილის დაწერაც ძალიან გამიჭირდაო, - მითხრა ქალბატონმა ირმამ.

- მე და გიგის მოწაფეობიდან  გვიყვარდა ერთმანეთი. ეს ყველამ იცოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სხვამ მომიტაცა, გიგი მაშინ გამოცდებს აბარებდა როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტში.  მისი არყოფნით ისარგებლა საბამ...  არ მიყვარს იმ დღეების გახსენება. სამ თვეში წამოვედი, ორსულად ვიყავი. მართალია, საბა არ მიყვარდა, მაგრამ
აბორტზე არც მიფიქრია. გიგიმ მინახულა, ისეთ დეპრესიაში ვიყავი, მასთან ლაპარაკი ვერ მოვახერხე, ალბათ არც მინდოდა... მერე ისევ როსტოვში წავიდა.  გოგონა გავაჩინე, მარიამი დავარქვი. ბავშვს დედა მიზრდიდა, მე კი უმაღლესში ჩავაბარე...

გიგი დამამთავრებელ კურსზე იყო, როცა როსტოვიდან თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად. მინახულა. ნაწყენი ვიყავი მასზე, ასე ადვილად
რომ შემელია, მაგრამ ამიხსნა: - ისე იყავი დათრგუნვილი, შენთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა... მითხარი კიდეც, მარტო ყოფნა მირჩევნია, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოო და მეც გადროვეო... მოკლედ, გიგიმ - შენ გარდა სხვას არ მოვიყვან ცოლადო. სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. უკვე გადაწყვეტილი გვქონდა ხელის მოწერა, რომ დედამისმა, ქალბატონმა ლენამ, ინფარქტი მიიღო. გადავწიეთ ქორწილი.

მერეღა გავიგე, რომ დედამისს არ უნდოდა განათხოვარი და ბავშვიანი რძალი და ინფარქტიც ამიტომ მოსვლია. ამასობაში გიგიმ დაამთავრა ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო. ჩვენი ურთიერთობა ისევ ჰაერში გამოეკიდა. მე და ჩემს შვილს ყურადღებას არ გვაკლებდა. სამსახურის მერე გამოგვივლიდა და სასეირნოდ მივდიოდით. ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ასეთი ურთიერთობა ვის ესიამოვნებოდა?! გიგი მეუბნებოდა, - მინდა, შევიჩვიო მარიამი, რომ მერე არ მიუცხოვოსო. ამაზე ღიმილით ვპასუხობდი: მარი უკვე შეგეჩვია, სჯობს, დედაშენი შემაჩვიო-მეთქი. მართლაც, ცოტა ხანში გიგიმ იმდენი გააკეთა, რომ დედამისი დაიყოლია და  ბინაც იყიდა, რათა მშვიდად გვეგრძნო თავი.

როგორც იქნა, ქორწილი გადავიხადეთ. ხუთი წლის მარი ისევ ჩემს მშობლებთან იყო, შაბათ-კვირას ვაკითხავდით ან ჩვენთან მოგვყავდა. თანდათან გიგი შეიცვალა მის მიმართ. თუკი ადრე საჩუქრებით ავსებდა, ანებივრებდა, ახლა გოგონას დანახვაზე ღიზიანდებოდა. ვატყობდი, რომ გული გაუცივდა. ვნერვიულობდი, მაგრამ მეშინოდა გიგის დაკარგვისა და ვითმენდი.

თანდათან იშვიათად ვნახულობდი შვილს, არადა, გული მეწვოდა, როცა მარი დამირეკავდა და მკითხავდა, - დედიკო, დღესაც არ მოხვალ ჩემთანო? რას აღარ ვიმიზეზებდი...  დედა მიმიხვდა, რაც მჭირდა და მითხრა, - თუ მასთან ბედნიერი ხარ, ცოტა ხანს გაუწიე ანგარიში, ეგებ, გადაუაროს და მიხვდეს, რომ სისულელეა პატარა გოგონაზე ეჭვიანობაო... მალე ვაჟი შეგვეძინა, ლაშა დავარქვით. მარის ძალიან შეუყვარდა ძამიკო, სულ მასთან ყოფნა უნდოდა, გიგი კი, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა მარის მიმართ.

ერთხელ ნაწყენმა ვკითხე, - რა გჭირს, ვეღარ გცნობ-მეთქი. მიხვდა, მისი გრძნობები გერის მიმართ თვალში საცემი გამხდარიყო და გამომიტყდა, - მარიამი რომ გეფერება, ასე მგონია, მამამისი გეხება და ლამის ჭკუიდან შევიშალოო... ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, სანამ ცოლად მომიყვანდი, მისთვის ხომ არაფერი გენანებოდა, ახლა რა დაგეტაკა-მეთქი? ამ საუბრის მერე დამპირდა, ვეცდები, თავს მოვერიოო... მაგრამ ვერ შეძლო. ხანდახან ჩემი პირველი ქმარი, საბა შვილის სანახავად მიდიოდა ხოლმე დედაჩემთან.

მართალია, მე არ შემხვედრია, მაგრამ გიგის ეჭვიანობის საბაბად ესეც კმაროდა. ერთხელ დედაჩემმა მარი სტუმრად მომიყვანა. საღამოს, წასასვლელად რომ მოემზადა, მარი ატირდა, - დედიკოსთან და ლაშუკასთან მინდაო. გავბრაზდი საკუთარ თავზე. რად მიჯდებოდა გიგის გულის მონადირება, საკუთარი შვილის ცრემლებად? ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა... და მარი ჩემთან დავტოვე, - დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია, ალბათ, დღევანდელი საღამო გადაწყვეტს ჩვენს შემდგომ ურთიერთობას-მეთქი. გიგი გვიან დაბრუნდა. მაშინვე შეეტყო სახეზე, რომ ბავშვის დანახვა არ ესიამოვნა. იმ ღამით მარიამს სიცხემ აუწია.

გადავირიე,  კარის მეზობელი პედიატრი იყო. მან ბავშვი გასინჯა და დამამშვიდა, - არაფერია საშიშიო... მარის ჩაეძინა, მაგრამ მე რა დამაძინებდა. ლაშა მამამისს მივუწვინე, მე კი მეორე ოთახში, ჩემს გოგონასთან ვიყავი. გათენებისას მარიამს ისევ აუწია სიცხემ. ექიმმა როგორც დამარიგა, ისე მოვიქეცი, ცივ წყალში ვასველებდი ტილოს და ბავშვს შუბლსა და ხელებზე ვაფენდი.

ავარვარებული ჰქონდა ლოყები, მაგრამ ჩემ გვერდით ისეთი ბედნიერი იყო, არც კი უტირია. მარი სახეზე ხელებს მითათუნებდა, თან მეუბნებოდა, - ბებო მიყვარს, მაგრამ შენ უფრო მიყვარხარ და ნუღარ გამიშვებ იმ სახლში, შენთან მინდაო... ამის გაგონებაზე გული ლამის გამისკდა. გადავწყვიტე, ბავშვი დედაჩემთან არ წამეყვანა. მეორე დღეს მარი გამოცოცხლდა, თამაშის გუნებაზე დადგა. სულ მას დავტრიალებდი თავზე. ამან გიგი საშინლად განარისხა. არც აცია, არც აცხელა და მკაცრად მითხრა, - ეს ბავშვი პატრონს ჩააბარე, შენ კი ჩვენსას მიხედე, მარისგან გრიპი არ გადაედოსო... ძალიან ცუდად მოხვდა ყურს სიტყვები:

"პატრონს" და "ჩვენსას"... თვალთ დამიბნელდა და მივახალე, - ამ ბავშვის პატრონი მე ვარ და მჯეროდა, რომ შენც იქნებოდი, თურმე ვცდებოდი. ისიც იცოდე, რომ ამიერიდან მარის გაშვებას არ ვაპირებ, გოგონა დედასთან ერთად იცხოვრებს, თუ ოჯახი ვართ, ოჯახი ვიყოთ ბოლომდე-მეთქი. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა... გიგიმ კარი მიიჯახუნა და გარეთ გიჟივით გავარდა. ბევრი აღარ მიფიქრია, მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და მშობლებთან წამოვედი. არ მეგულება ადამიანი, რომ მე გამამტყუნოს. ადრევე რომ მცოდნოდა, გიგი ასე გამოიცვლებოდა, არ გავყვებოდი ცოლად. მწარედ მოვტყუვდი.

დღემდე გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება კაცი ასე თვალსა და ხელშუა გამოიცვალოს. იმ დღის მერე რამდენჯერმე შემეხმიანა, დაბრუნება მთხოვა, მაგრამ თითქოს ციდან მიწაზე დამახეთქეს და გრძნობა, რომელიც გიგის მიმართ ამდენი წელი მქონდა, უცებ გამომფერთხეს. მან ძალიან მატკინა გული, ვგრძნობ, აღარ მიყვარს და აღარ მინდა მასთან ცხოვრება. დედა ვარ და ჩემთვის ყველაზე წინ შვილები დგანან. დასანანია, რომ ჩვენი სიყვარული მისმა უაზრო ეჭვიანობამ და ეგოისტობამ გააუფერულა. არადა, როცა კაცს ქალი უყვარს (ან პირიქით), მას მისი შვილიც უნდა უყვარდეს და მასზე უნდა ზრუნავდეს!..
06 ივნისი 2017 08:09
დედა მამაკაცის გამო შვილს რომ ბებიას დაუტოვებს გასაზრდელად და მხოლოდ კვირაში ერთხელ მოინახულებს... არ მესმის ასეთი ქალების..
მარი
24 მარტი 2017 16:09
შვილიან ქალმა უნდა იფრთხილოს ხელმეორედ ქორწინება!მაგას ჯობს ყავდეს მეგობარი!შვილი ხომ ყავს!ან კიდევ თუ ქალს საკუთარი ბინა(სახლი)აქვს,არასოდეს არაა პრობლემა კაცის შოვნა...
qeti
24 მარტი 2017 16:02
მე გამტყუვნებთ ქალბატონო, რეალური ხართ თუ არა არ ვიცი მაგრამ მაინც.

როგორ შეიძლება საკუთარი შვილი დატოვო თუნდაც ბებოსთან და შენ კვირაში 1 ჯერ ნახულობდე?? მაშინ როდესაც გაქვს არჩევანი .

არაფრით არ მესმის. შესაძლოა წლების შემდეგ ბავშვთან ხართ , მაგრამ ის პერიოდი არ ჩაივლის უკვალოდ. ბავშვისთვის ეს უმძიმესი ტრამვაა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები