როგორც მოვა, ისე წავა, წავა თავისთავადა... - კვირის პალიტრა

როგორც მოვა, ისე წავა, წავა თავისთავადა...

სიყვარულს რას გაუგებო, - ნათქვამია... ასეა. ზოგისთვის სიყვარული ზვავივით წამოვა, ზოგისთვის კი პირველი თოვლივითაა. ჩემი მეგობარი ბიჭების სასიყვარულო კურიოზები მინდა გიამბოთ და ცოტა გაგახალისოთ...

ჯაბა, კახა და დათო ჩემი კლასელები არიან. 6 წლის წინ დავამთავრეთ სკოლა, მაგრამ მეგობრობას დღემდე ვაგრძელებთ და ამით ძალიან ვამაყობთ.

ჯაბას იცით, როგორ შეუყვარდა ლიკა? მითხრა, რომ მისმა სიარულის მანერამ მოხიბლა. შემთხვევით დავინახე ქუჩაში, ავაზასავით მოდიოდა, ისეთი ეშხიანი იყო, კარგა ხანს ვერ მოვწყვიტე თვალიო. მერე გასდევნებია უკან და 15 წლის ლიკა ტანვარჯიშის დარბაზში რომ შევიდა, მიხვდა, სპორტსმენი შეჰყვარებოდა. კარგა ხანს ჩუმად უთვალთვალებდა და მისმა ვარჯიშმა მთლად გადარია, - ისეთი ჰაეროვანი და მოქნილია, ისე ლამაზად გამოსდის ყოველი მოძრაობა, რომ ლამისაა გავგიჟდეო. მათი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დამთავრდა და ახლა 2 წლის საბა ჰყავთ.

კახამ კი გოგონა, რომელსაც ორი წელი დასდევდა კუდში, იმიტომ გადაიყვარა, რომ სუფრასთან მის ჭამას უყურა, არ მოეწონა და გადაწყვიტა, აღარ შეხვედროდა. მეორე დღესვე გამომიცხადა, მაიასკენ გამხედავი არ ვარო. რამდენი არ ვუჩიჩინე, - ასე არ შეიძლება, ამ წვრილმანის გამო ზურგი როგორ უნდა შეაქციო-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, თქვა და გაათავა!

დათოს ეკას სიყვარული კი მაშინ დაეტაკა, როცა მისი სიმღერა მოისმინა. ეკა ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ხმა აქვს. საკმარისია, დაიწყოს სიმღერა, რომ სახე უმშვენიერდება და ძალიან მომხიბვლელი ხდება. სიმღერა ასე ალამაზებდეს ადამიანს, პირველად ვხედავ. დათო იმ "მოსმენის" შემდეგ მთვრალივით დადიოდა და ამბობდა, - ან ის იქნება ჩემი ცოლი, ან არავის შევირთავო. მათი ურთიერთობაც კარგად დასრულდა. ივნისში ჯვარს იწერენ.

ეს წერილი კი, რითიც დავიწყე, იმითვე მინდა დავასრულო: დიახ, სიყვარული სრულიად უპროგნოზო გრძნობაა. თუ გესტუმრათ, არავინ იცის, რას იზამთ. რა თქმა უნდა, დიდი გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ თუ რაიმე მიზეზმა გული აგიცრუათ ძვირფას ადამიანზე, როგორც გესტუმრათ, ისევე წავა, ვეღარავინ და ვერაფერი დააბრუნებს.

ნატო დუმბაძე,

თბილისი