"თურმე ჩემმა ქმარმა რკინის კარი შეულეწა ექიმებს, რომლებმაც დაღუპული ჩვილი გამოუყვანეს... ლოგინზე დამიგდეს ძალიან გაბრაზებულებმაო... რაც გააკეთე, ისააო" - კვირის პალიტრა

"თურმე ჩემმა ქმარმა რკინის კარი შეულეწა ექიმებს, რომლებმაც დაღუპული ჩვილი გამოუყვანეს... ლოგინზე დამიგდეს ძალიან გაბრაზებულებმაო... რაც გააკეთე, ისააო"

თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, ეკატერინე სიხარულიძე წლების წინ ემიგრაციის რთულ გზას დაადგა და ბარსელონაში ჩავიდა, სადაც ალბათ მისთვისვე მოულოდნელად, ხატვის წყალობით დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება. ხელოვნების მოყვარულები მისი ნამუშევრებით იმდენად დაინტერესდნენ, რომ ქართველმა ემიგრანტმა გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა და, სიცილიის დიდ ქალაქსა და ადმინისტრაციულ ცენტრში - პალერმოში გამოსულ წიგნში - "თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები", სადაც მთელი მსოფლიოს გამოჩენილი მხატვრების, მოქანდაკეების, ფოტოგრაფების, გრაფიკოსების, დიზაინერების, მხატვრების ნაშრომებია წარდგენილი, ეკატერინეს წილად ხვდა ბედნიერება, რომ მისი ერთი ნახატით დამშვენებულიყო მთავარი გვერდის ყდა და წიგნის ერთი გვერდიც...

მის წარმატებაზე კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, მაგრამ ამჯერად, სულ სხვა თემაზე მსურს გიამბოთ. ეს ლამაზი ქალბატონი გულით დიდ ტკივილს რომ დაატარებდა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავიგე, როცა ჯგუფში "ვეძებ" მის პოსტს გადავაწყდი... აღმოჩნდა, რომ ეკატერინესაც დაკარგული ჰყავს შვილი...

- მქონდა უმძიმესი მდგომარეობა, მენჯებში ვიყავი გახსნილი და ამიტომ, ორსულობის მეოთხე თვიდან წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, ლოგინში მენჯებში მაგრად გაკრული ვიწექი. 1996 წლის 17აპრილს თბილისის პირველ სამშობიაროში საკეისრო კვეთით გავაჩინე მესამე შვილი, შვიდთვიანი გოგონა. ორი კილო იყო. ბავშვის ამოყვანის დროს ჩამესმა ტირილი და ექთნის ნათქვამი სიტყვებიც გავიგონე: "ვაიმე, რა ლამაზია". ჩემმა დამ პირადად ნახა ჩვილი იმ დღესვე, როცა საოპერაციოდან გამოიყვანეს. მას უთხრეს, სრულიად ჯანმრთელიაო და მეც ასე მომახარეს, როცა ნარკოზიდან გამოვედი, მაგრამ...

მეორე დღეს ჩემებს გამოუცხადეს, რომ ბავშვი დაიღუპა. როცა აწ განსვენებულმა მისმა მამამ პატარას ნახვა მოისურვა, კატეგორიულ უარს ეუბნებოდნენ ამაზე მანამ, ვიდრე თურმე რკინის კარი არ შეულეწა ექიმებს, რომლებმაც მხოლოდ ამის მერე იკადრეს და გამოუყვანეს გაყინული ჩვილი... მერე იხსენებდა, ლოგინზე დამიგდეს რატომღაც ძალიან გაბრაზებულებმაო. თურმე, რომ დახედა, გაკვირვებულს და გულაჩუყებულს უთქვამს, - რამხელა ბავშვი ყოფილაო და ერთ-ერთ მედდას უხეშად უპასუხნია: რაც გააკეთე, ისააო. ამის თქმა შეიძლებოდა კაცისთვის, რომელსაც საშინელ ამბავს ეუბნები, შვილის ცხედარს აჩვენებ? ამიტომაც იყო, რომ გაიწია თურმე იმ ქალისკენ და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან... საინტერესოა, თუ 2 კილო დაიბადა, მეორე დღეს დიდი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო?

- თქვენ ამის შესახებ როდის გაიგეთ? - ჩემი მძიმე მდგომარეობის გამო, ბავშვის გარდაცვალებაზე არაფერს მეუბნებოდნენ და არც გამკვირვებია, რომ არ შემოჰყავდათ, რადგან მეორე ორსულობის დროსაც ასეთი მდგომარეობა მქონდა: რვათვიანი, 2.200 გრამი დაიბადა ჩემი მეორე გოგონა და მეხუთე დღეს შემომიყვანეს პალატაში. ამის შემდეგ, კატეგორიულად ამიკრძალა ექიმმა მესამე ბავშვის ყოლა. ყველა მეუბნებოდა ან მოკვდები, ან ვეღარასდროს გაივლიო, მაგრამ გავრისკე...

სხვათა შორის, სანამ სიმართლეს მეტყოდნენ, პალატაში ორჯერ შემოვიდნენ ექიმები ე.წ. შემოვლაზე და როგორც მითხრეს, ოჯახის გენეტიკას იძიებდნენ. მეკითხებოდნენ, რაიმე დაავადება ხომ არ გვქონდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს და ა.შ. მაშინ არაფრად ჩავაგდე ეს ამბავი, ახლა კი ვხვდები, რისთვისაც სჭირდებოდათ... ბავშვის ამბავი მეხუთე დღეს მითხრეს. თავზარი დამეცა. რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. ვერც ვდგებოდი, თორემ სიარულზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი... ისევ გავგზავნე მეუღლე, რომელმაც ექიმებს მოსთხოვა, ცხედარი შინ გაეტანებინათ, მაგრამ უარი უთხრეს, ამჯერად მიზეზით, რომ გვამს დიდხანს არ აჩერებდნენ და უკვე დაასაფლავეს. სამშობიაროდან ისე წამოვედით, არანაირი საბუთი არ მოუციათ.

- მაშინ ეჭვი არ გაგჩენიათ? - მაშინ არა, მაგრამ მერე იყო რაღაც ეჭვები, განსაკუთრებით მას მერე, როცა გავიგე, რომ ამ სამშობიაროს ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს... ამის შემდეგ ყველაფერი ხელახლა გავაანალიზე და ისიც გავიხსენე, რომ რატომღაც, მესამე დღეს გადამიყვანეს დიდ, დაახლოებით 6-საწოლიან პალატაში, სადაც მხოლოდ მე ვიყავი და მიკვირდა ეს ამბავი: ამდენი მშობიარეა და რატომ ვარ მარტო-მეთქი? თუმცა, მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა ჩემი შვილი წაეყვანა ვინმეს...

ისიც გამახსენდა, რომ იმ ექიმს, რომელიც ჩემს გენეტიკას იკვლევდა, თან ახლდა ადამიანი, რომელსაც ექიმების მსგავსად, თეთრი ხალათი კი არ ეცვა, არამედ მოხურული ჰქონდა ისე, როგორც ამას პაციენტების მნახველები აკეთებენ... თან, ძალიან შეწუხებული სახე ჰქონდა, დაბნეული იყო. მიჭირს ამაზე საუბარი. ყველა დეტალი თვალწინ მიდგას და ძნელია ამ ყველაფრის გახსენება. როდესაც მე შვილს ვიპოვი (და ეს აუცილებლად მოხდება, ამის მჯერა!) და თუ ის ქალი დავინახე მის აღმზრდელ დედად, რომელიც ჩემს მეხსიერებას პალატიდან შემორჩა, ნამდვილად ვიცი, რომ ვერ ვაპატიებ! ღვთის მოშიში გახლავართ და შესაბამისად, მადლობელიც, რომ ჩემი შვილი გაზარდა, პატრონობდა, მაგრამ... ვერ ვაპატიებ. ის ხომ შეგნებულად შემოვიდა პალატაში, იცოდა, რასაც აკეთებდა და მაინც არ შემიცოდა, წაიყვანა ჩემი შვილი... მაგრამ თუ ვცდები და სულ სხვა ადამიანების გარემოცვაში იზრდება, ალბათ მუხლებში ჩავუვარდები მათ და მადლობას გადავუხდი ყველაფრისთვის. ვიცი, იმ პერიოდში მხოლოდ მშობლებს კი არა, შვილის აყვანის მსურველებსაც ხშირად ატყუებდნენ... ძალიან ბევრი ბავშვი გამომეხმაურა, თურმე რამდენი გაუშვილებიათ 1996 წელს და ვინ იცის, რამდენი მშობელი ეძებს ამ ბავშვებს. საშინელებაა.

ყოველ 17 აპრილს ჩემს შვილს ვუნთებდი სანთელს და ვიხსენიებდი, როგორც გარდაცვლილს. წელს კი პირველად, ეს არ გავაკეთე. ღვთისმშობელს ვევედრები, რომ კარგად იყოს, სადაც არის, როგორც არის. ვემადლიერები მათ, ვინც მასზე ზრუნავს, მაგრამ ძნელია იმის გააზრებაც, რომ იცი, შენი შვილი ცოცხალია და ვიღაცის გვერდით იზრდება...

- ვინაიდან საქართველოში არ ხართ, სიმართლის გარკვევას როგორ აპირებთ? - მინდობილობის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც საბუთები მოვიძიო. საქართველოში ამაზე უარი მითხრეს, რადგან ამჟამად ესპანეთის მოქალაქე ვარ. თუმცა, აქ მომცეს საბუთი, რომელიც უკვე გავუგზავნე საქართველოში ჩემს დისშვილს და ის შეეცდება, რაღაც გაარკვიოს. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოაშკარავდება. გული მიგრძნობს, ცოცხალია და თან მგონია, რომ ჩემთან ძალიან ახლოს იზრდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი აზრით, სხვა რეგიონში კი არა, სწორედ თბილისშია გაშვილებული, თუმცა შესაძლოა ვცდები კიდეც...

- დაბოლოს, ხომ არ გინდათ ვინმეს მიმართოთ? - შვილო, ჩემო სიხარულო და სიყვარულო. თავს ვწირავდი შენი სიცოცხლისთვის; იმისთვის, რომ მოვლენილიყავი ამ ქვეყნად. ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ, დედი და არავინ მოგატყუოს, რომ მე გაგყიდე... ან გაგაშვილე... ან კიდევ, მიგატოვე... გყავს უფროსი ძმა და და - გიორგი და ნინო ზირაქაშვილები, რომლებიც მთელი მონდომებით ცდილობენ გიპოვონ. ყველა გეძებთ... შენი ასაკის გოგონებს ეჭვის თვალით ვუყურებთ... იქნებ, შენ ხარ... იქნებ სურათებით დაინახო ჩვენ შორის მსგავსება და შეგვეხმიანო... მართალია, ჩვენ, შენი მშობლები არ ვართ ცისფერთვალება, მაგრამ შენი და-ძმა ორივე ქერა და ცისფერთვალაა - ეს გენეტიკურად... და კიდევ, თითქმის ყველას გვაქვს ხალი ყელზე, ლოყაზე - ტუჩთან ახლოს. აქვე დავამატებ, ხელოვნება: სიმღერა, ცეკვა, ხატვა ყველას გვიყვარს... გენეტიკაში გვყავს ტყუპი...

ჩემს უფროს შვილებს სამ-სამი შვილი ჰყავთ, ანუ 6 შვილიშვილის ბებია ვარ (ეს, რაც ვიცი და იქნებ...). ორივემ დაამთავრა ქორეოგრაფიული აკადემია. გოგონა ამჟამად საქართველოშია, თავის ოჯახთან ერთად, ვაჟი კი წლებია ესპანეთში ცხოვრობს და ქორეოგრაფად მუშაობს იმ სკოლაში, სადაც მე ემიგრანტ ბავშვებს ვასწავლი ხატვას.

ასე რომ, ახლა შენ გელოდები, შვილო... ვიცი, უფალი მოწყალეა და მალე გიპოვი.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)