გზააბნეული კაცი მიყვარდა... - კვირის პალიტრა

გზააბნეული კაცი მიყვარდა...

შეიძლება თუ არა, ბევრი პრობლემის, ნერვიულობისა და ცრემლის მიუხედავად, მაინც გიყვარდეს კაცი? - ამ კითხვას თავისი ამბით უპასუხა მაკამ, რომელიც ორი წლის წინ დაქვრივდა. იგი 44 წლისაა, ჰყავს ორი შვილი და  შვილიშვილი. მან გულწრფელად მიამბო თავისი თავგადასავალი და დასძინა, - მაინც ბედნიერი ქალი ვარ, რადგან მიყვარდაო.

- ხშირად უკითხავთ ჩემს მეგობრებს, რატომ უჩერდები კახის, ხომ ხედავ, მისი გამოსწორება შეუძლებელიაო. ბევრჯერ, ცხელ გულზე მართლაც მიმიტოვებია, მაგრამ მოგვიანებით მივმხვდარვარ, რომ ეს კაცი, ყველაფრის მიუხედავად, უზომოდ მიყვარდა...

16 წლის ვიყავი, როცა ცოლად გავყევი. თვითონ 19-ის იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჯერ კიდევ 13 წლისას დამადგა თვალი და იმ დღიდან მეუბნებოდა, - გაიზრდები და ჩემი იქნებიო. კახი  ცნობილი ოჯახის შვილი იყო, მისი მშობლები  კეთილშობილი ადამიანები იყვნენ. დიდ პატივს ვცემ მათ ხსოვნას. მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩემი შვილები ფეხზე მყარად დგანან, აქვთ კარგი განათლება და სამსახური.

სკოლა არ მქონდა დამთავრებული, მათი რძალი რომ გავხდი. კახი უკვე სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სწავლობდა.  მამამთილმა  რეპეტიტორები ამიყვანა, 8 თვის ორსული დავდიოდი მისაღებ გამოცდებზე. სექტემბერში რეზიკო შემეძინა და ორ კვირაში ლექციებზეც დავიწყე სიარული. ოჯახი ცივ ნიავს არ მაკარებდა, ბავშვს დედამთილი მიზრდიდა, მეგობრებთან ერთად ყველგან მიშვებდნენ, არ მბოჭავდნენ. დასასვენებლად მე და კახი მარტო დავდიოდით. კახის თავის ძმაკაცებთან ყოფნა ერჩივნა, მაგრამ მშობლები მკაცრად აფრთხილებდნენ, - თუ მაკასთან ერთად არ წახვალ, დასასვენებლად ფეხს ვერსად გაადგამო. კახი იცინოდა, - თქვენ მაკას მშობლები ხართ, თუ ჩემიო. მათ მართლაც შვილად მივაჩნდი. ხშირად, როცა შეკამათება მოგვივიდოდა, ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდნენ.

გვიან გავაცნობიერე, რომ კახი წამალდამოკიდებული იყო. რა არ გავაკეთე, ნარკოტიკს რომ დახსნოდა, მაგრამ ვერ შეძლო... მამამისი ფულს არ აძლევდა, - მირჩევნია, მოკვდეო. სიკვდილზე რა გითხრათ, ტანჯვით კი ძალიან იტანჯებოდა. ერთხელ ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ჩემი ხელით გავიტანე ორი ოქროს ბეჭედი, გავყიდე და წამალი მოვუტანე. ხომ ასე წვალობდა უწამლოდ, მაინც არასოდეს წასცდენია ხელი რაიმე ნივთზე, რომ შინიდან გაეტანა. ერთ-ერთ კლინიკაში დააწყებინა მამამისმა მუშაობა, იქ კი მორფინზე ხელი მიუწვდებოდა. გაიკეთებდა წამალს და მერე საოპერაციოში შედიოდა. ბოლოს მიხვდა, რომ სხვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა და სანამ ვინმე შემოაკვდებოდა, თავისი ნებით  დაანება თავი.

ისევ მამამისი დატრიალდა - უშოვა შედარებით უსაფრთხო ადგილი. უროლოგი კი იყო, მაგრამ ოპერაციებს აღარ აკეთებდა. რამდენი ვემუდარე, კიევშიც გავყევი, შუა აზიასა და გერმანიაშიც, რომ როგორმე დაეძლია სენი. ისიც თავიდან მოინდომებდა, ამყვებოდა, ყველაფერს მიჯერებდა და მაინც, 7-8 თვის მერე ისევ თავიდან იწყებოდა ჩვენი წამება. დედამთილმა მირჩია, მეორე შვილი რომ გააჩინო, იქნებ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს და აღარ გაეკაროს წამალსო. რეზიკო 10 წლის იყო, ქეთი რომ გავაჩინე. საოცრად თბილი მამა იყო რეზიკოსთვისაც, მაგრამ ქეთიმ მთლად გააგიჟა.

ქეთის გაჩენიდან მართლაც აღარ ეკარებოდა წამალს, მაგრამ ეს "ხანგრძლივი პერიოდი" მხოლოდ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. თავგზაარეული კაცი იყო, უნებისყოფო, თორემ განა არ ვუყვარდით. ბოლო ხუთ წელს უმუშევრად იყო. მაინც ახერხებდა წამლის ფულის შოვნას. წყნეთში აგარაკი გვაქვს და ვაქირავებდით ხოლმე, არ შემეძლო ქირის ფული მთლიანად მე ჩამედო ჯიბეში, კახი კი იმ ფულის ნაწილს წამლისთვის იზოგავდა. მამამისი აღარ ეკონტაქტებოდა, მე და დედამისს კი მაინც გვეცოდებოდა. რეზიკომ ადრე შეირთო ცოლი.  პატარა რომ გაჩნდა, კახი გვერდიდან არ იცილებდა, თუმცა სასეირნოდ დიდი ხნით არ მიჰყავდა, თვითონვე მაფრთხილებდა, - ბავშვი არ გამაყოლო, მეშინია, ცუდად არ გავხდე და პატარა ხიფათში არ ჩავაგდოო.

დედის მოულოდნელმა სიკვდილმა თავზარი დასცა. მალე მამამთილიც გამოგვეცალა ხელიდან. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ, უმაღლეს სასწავლებელშიც ვკითხულობ ლექციებს და მოსწავლეებსაც ვამზადებ, თან დედამთილ-მამამთილმა იმდენი ქონება დაგვიტოვა, რომ არასოდეს გაგვჭირვებია, მაგრამ მთავარი პრობლემა და სატკივარი კახის წამალდამოკიდებულება იყო. ვის ოჯახშიც ნარკომანია, სწორედ მათგან გამიგია, როგორი გაწამებულ-დატანჯულები არიან, არ აკლიათ მათგან ჩხუბი, ფულის გამოძალვა და ორომტრიალი. ნებისმიერი ნარკომანი ხომ ყველაფერზეა წამსვლელი წამლის გამო.

მე კი მსგავსი პრობლემა არ მქონია. მე კახის ტანჯვის ყურება მაწამებდა ხოლმე. გული მეკუმშებოდა მის შემხედვარეს - განახევრებული და ფერდაკარგული იყო. მას უფრო ავადმყოფი ერქვა, ვიდრე აგრესიული და მოძალადე. არც ჩხუბი იცოდა... შეჩვეული სენი მის ნებისყოფაზე ძლიერი აღმოჩნდა   და ჩვენმა დიდმა სიყვარულმაც კი ვერ ააღებინა ხელი ნარკოტიკზე. ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა კახიზე ვფიქრობ. ის ახლა შვილებით და შვილიშვილებით უნდა ხარობდეს, ადრე კი გამოესალმა სიცოცხლეს. 47-ის იქნებოდა და ვინ იცის, რამდენს გააკეთებდა თავის პროფესიაშიც. ის ხომ ძალიან ნიჭიერი იყო...