დაგვიანებული სასიძო
ნიკოლოზს 50 წელი რომ შეუსრულდა, მერეღა დაფიქრდა მომავალზე - ამდენი წელი საქმეს შეალია, სახელიც მოიხვეჭა, ბევრი ნაცნობ-მეგობარი შეიძინა, სამსახურშიც ნელ-ნელა დაწინაურდა და... დროც თვალდახელშუა გაეპარა. მის ძმაკაცებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ.

იცოცხლე, ქალები არასოდეს მოჰკლებია, მაგრამ სერიოზულად არავისზე უფიქრია... თუმცა, ოჯახის ტვირთი ისევ და ისევ ულევი საქმის გამო ვერ წამოიკიდა.
50 წლის იუბილე რომ გადაიხადა, უცებ გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ თუ ხელს არ გაანძრევდა, უშვილძიროდ გადაეგებოდა. ცოლის მოყვანა მოინდომაო - დაფაცურდნენ
ძმაკაცები და უცებ გამოუძებნეს გვრიტივით გოგო. ნანიც არ იყო მთლად ქორფა, ძმისშვილების გაზრდას გადაჰყვა და ამასობაში კი მიუკაკუნა 35-მა წელმა. ერთი-ორი შეხვედრის შემდეგ ქორწილზეც შეთანხმდნენ, დასაპატიჟებელი ხალხის სიაც შეადგინეს და შეუდგნენ საზეიმო რიტუალისათვის მზადებას.

უპირველესად ნიკოლოზს ახლობლებმა კბილების მოვლა ურჩიეს. მოუცლელობის გამო დროულად ვერ მიდიოდა
ექიმთან, ხოლო როცა ტკივილი დათვივით ააბღავლებდა, მაშინღა მიიჭრებოდა სტომატოლოგთან და ამოიგლეჯდა კბილს. ასე ნელ-ნელა დაუცარიელდა პირის ღრუ. ნიკოლოზმა მიშა ექიმს მიაკითხა - მიშველე, ერთ კვირაში ქორწილი მაქვს. ფულს, რამდენსაც მთხოვ, იმდენს გადაგიხდიო. მიშამ სასიძოს პირი დააღებინა, კარგა ხანს თავი აქნია, ბოლოს, ათასი ლარი მოსთხოვა პაციენტს. ნიკოლოზმა ათი ასლარიანი ჩაუცურა ჯიბეში.

- პროთეზის გაკეთებას დიდი დრო სჭირდება, მარა არა უშავს... მოდი ქორწილის წინადღეს და ჩაწიკწიკებულ კბილებს დაგახვედრებ! - უთხრა მიშა ექიმმა. ბარემ კი ერჩივნა ნიკოლოზს უფრო ადრე მოერგო პროთეზი, მაგრამ მიხვდა, ნაჩქარევად გაკეთებული არ ივარგებდა და დამორჩილდა ბედს.

ქორწილის წინადღეს მიშა ექიმმა პირობა შეასრულა და ნიკოლოზის "ჩაწიკწიკებული კბილები" ქვედა თაროზე შემოდო. ნიკოლოზი კი ჯერ ნანისთან წავიდა, - სასიდედროს მისთვის კოსტიუმი ეყიდა და მოსაზომებლად იბარებდნენ. სამოსი მშვენივრად მოერგო, - ისე გიხდება, აღარ გაიხადოო, - უთხრეს და ნიკოლოზიც ასე თეთრად მორთულ-მოკაზმული მიადგა მიშა ექიმს. სტომატოლოგი სახეგაბრწყინებული შეეგება, - შენი "კიჭები" რახანია გელოდებაო, მაგრამ თაროზე აღარ დახვდა. მაგიდას გადახედა. არც იქ იყო. უცებ იმ კუთხისკენ გაექცა თვალი, სადაც მის ძაღლს უყვარდა ჯდომა. რექსას ნიკოლოზის "კბილები" თათებშუა მოექცია.

ექიმს დაზარალებულმა სიძემ დაასწრო და ძაღლს პირიდან გამოჰგლიჯა პროთეზი. რექსა, ძვალი წამართვესო, გაავდა და ეცა ნიკოლოზს... ექიმმა ვერაფრით გამოარიდა ძაღლს პაციენტი, შარვლის ტოტები ხომ გამოჰგლიჯა, მერე პიჯაკს მიეტანა. ექიმმა წყლიან ვედროს სტაცა ხელი და ორთაბრძოლაში ჩართულებს შეასხა. ძაღლი წკავწკავით გავარდა, ნიკოლოზი კი იდგა, შარვალგამოხეული და აღარ იცოდა, რა ექნა...

ქორწილი მეორე დღეს მაინც გადაიხადეს, ოღონდ სიძეს თეთრი კოსტიუმი აღარ ეცვა და აღარც იღიმებოდა...
marina babunashvili
24 მაისი 2011 12:16
ჩემო ნატა, პირადად მკითხე და გეტყვი! თუმცა ამჯერად მეც წერილობით გიპასუხებ: რასაც შენ სისულელეს უწოდებ, იმას ჩვენი მკითხველი ყოველდღიურად მწერს ან მოდის და მიამბობს!!!!
nata
23 მაისი 2011 19:24
და ფანტაზიის უშრეტ წყაროზე.. საიდან მოდის ლამაზ თავში ამდენი სულელური ისტორია
marina babunashvili
23 მაისი 2011 15:19
ჩემო ქეთო, გაიხარე...ვეცდები არ მოგაკლოთ სახუმარო ამბები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები