შურით დასამარებული შესაშური მეგობრობა
შურით დასამარებული შესაშური მეგობრობა
შური ავთვისებიან სენს ჰგავს. ერთხელ თუ მოუშვი სიახლოვეს, მერე სულში ჩაგიძვრება  და მოგიწამლავს გულს, გონებას, ფიქრსა და სიტყვას. ორი მეგობრის ამბავი მიამბო ჩვენი გაზეთის ერთმა მკითხველმა. ვინაობის გამჟღავნება ალბათ იმიტომ არ ისურვა, რომ ისიც "იმ ორის" მეგობარი იყო (ერთ-ერთისა კი ახლაც არის).

ისინი (დავარქვათ მათ ნინო და თეკლა) მეგობრების შვილები იყვნენ. მათ შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი თვე იყო, ამიტომაც დედებმა ბაღშიც ერთად შეიყვანეს და სკოლაშიც. ყველგან ერთად დადიოდნენ - ცეკვაზეც,
ცურვაზეც და ინგლისურზეც.

ნინოს დედა ქმარს ვერ შეეწყო და გაშორდა. მამამ მეორე ოჯახი შექმნა, რასაც 10 წლის ნინო უკიდურესად განიცდიდა. არაერთხელ უთქვამს, - რომ არა თეკლა, მშობლების დაშორებას ვერ გადავიტანდიო. იგი დედისერთა იყო. თეკლას კი უმცროსი ძმა ჰყავდა.

ნინოს დედას გაუჭირდა ქმრის გარეშე, ათასი თავსატეხი
გაჩნდა უკაცო ოჯახში, ცალკე მოხუცი მშობლები, ცალკე მოზრდილი გოგონა, მისი სწავლა-განათლება, მაგრამ თეკლას დედა გვერდში ამოუდგა. გოგონები იმდენად ხშირად იყვნენ ერთად, რომ გარეგნობითაც კი  დაემსგავსნენ ერთმანეთს. საკუთარი მამა არ ჰპატრონობდა და ნინო ამბობდა, - ჩემი მამა თემურიაო (თეკლას მამა. - ავტ.). ეს ძალიან ახარებდა კეთილ კაცს, თემურს და მართლაც მამასავით ზრუნავდა შვილის მეგობარზე.

მერე გოგონები უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. სანამ მათ გვარებს გაიგებდნენ, ყველას დები ეგონა, არადა თეკლა ერთი თავით მაღალი იყო ნინოზე, უფრო გამხდარი, უფრო მიმზიდველი. ნინოს ამხანაგები საყვარელ და თბილ ადამიანად მიიჩნევდნენ, თეკლა კი მართლა ძალიან ლამაზი გოგო დადგა... გოგონებს უზომოდ უხაროდათ ერთმანეთის წარმატება, მაგრამ...  გამოჩნდა მოხდენილი, უნივერსიტეტში გამორჩეული ბიჭი, ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გიგა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. პირველი, რაც ნინომ საკუთარ თავს შეამჩნია, ის იყო, რომ გიგას დანახვაზე თბილი ტალღები დაუვლიდა ტანში. მერე ის გააცნობიერა, რომ გიგა თეკლას თვალს არ აშორებდა და აქედან დაეწყო გამუდმებული თავის ტკივილები.

"მიყვარს, ვერ ვერევი ამ გრძნობას, არადა ვიცი, განზე უნდა გავდგე", - თითქმის ყოველდღე მოძღვრავდა საკუთარ თავს, მაგრამ ატყობდა, ის მეორე, რომელიც მის სულში ღრმად ჩამძვრალიყო, უფრო და უფრო ეწინააღმდეგებოდა. ნინო სულ იმას ცდილობდა, თეკლა იმ ადგილს არ გაჰკარებოდა, სადაც გიგა და მისი მეგობრები ტრიალებდნენ. მერე ნინო იმაშიც გამოუტყდა თავს, რომ ის, რაც ადრე უხაროდა და ეამაყებოდა - თეკლას წარმატება, მისი გარეგნობა და ურიცხვი თაყვანისმცემელი - ახლა საშინლად აღიზიანებდა და გულს უსერავდა. საკუთარ თავთან ჭიდილით რომ დაიღალა, ხელი ჩაიქნია და ბოლომდე გადაეშვა შურის მორევში.

ნინო უკვე აშკარად იბრძოდა იმ "ბედნიერებისთვის", რომელიც მას სულაც არ ეკუთვნოდა. თეკლას და გიგას უყვარდათ ერთმანეთი და როცა მეგობარი ნინოს დაწვრილებით უამბობდა განვლილი დღის შესახებ, ის ისეთ კომენტარს უკეთებდა, წესით, თეკლას უნდა სწყენოდა, მაგრამ ხომ იცით, სიყვარულისგან აღტაცებული და გაბრუებული ადამიანი სხვათა რჩევებს და შეხედულებებს ყურს არ უგდებს... ნინომ გადაწყვიტა, ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა. მაკა ამოირჩია ამისთვის.

იგი თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ბევრი მეგობარი ჰყავდა უნივერსიტეტში. მოხდენილი, ყოველთვის გემოვნებით ჩაცმულ-დახურული გოგო ყველას ყურადღებას იპყრობდა. ამბიციურიც იყო - მიაჩნდა, რომ მასზე კარგი არავინ დადიოდა თბილისში. ნინო მას მიუჩოჩდა, იმდენი ქნა, გიგაზე ფიქრი დააწყებინა. მაკა იმათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, მხოლოდ ფიქრით რომ შეეწუხებინა თავი, მისთვის მოქმედება იყო მთავარი... ნინო კი, შურით იმდენად იყო ავსებული, რომ ოღონდ თეკლა დაეშორებინა გიგასთვის და აღარ დაეძებდა, ბიჭი  ვის აირჩევდა. დარწმუნებული იყო, რომ თუ მთავარ მეტოქეს მოიშორებდა, მაკას მოცილება არ გაუჭირდებოდა...

მოკლედ, თეკლამ არ აპატია გიგას "ერთი-ორი გასეირნება". ბიჭი გაბრაზდა, - თუ ვუყვარდი, უნდა ეპატიებინაო და... ცოლად შეირთო მაკა. არადა, ნინოს  იმედი ჰქონდა, თავქარიან მაკას გიგა არ გაუყადრებდა თავს, მათი ხანმოკლე ურთიერთობით კი თეკლა შეურაცხყოფილი დარჩებოდა და დაშორდებოდა შეყვარებულს. დაღონებული გიგა ნინოს გადაუშლიდა გულს და სწორედ, ამ წუთებისთვის გოგოს ტექსტიც მომზადებული ჰქონდა: თეკლას საბაბი უნდოდა შენთან დასაშორებლად, მას დიდი ხანია სხვა უყვარსო... მერე მათ შორის გაიბმებოდა სასიყვარულო სიმები და...

ერთი წლის მერე გიგა და მაკა დაშორდნენ. მაკა მიხვდა, რომ ქმარს არ უყვარდა. ორი თვის ბავშვიანად მშობლებს დაუბრუნდა...  ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ერთ მყუდრო კაფეში გადააწყდა ტკბილად მოჭუკჭუკე ნინოს და გიგას. მაკას გაახსენდა, რა გულმოდგინედ "ჩარხავდა" მათ ურთიერთობას ნინო, როგორ არწმუნებდა, ბიჭს ძალიან მოსწონხარ, რომ თეკლა მისთვის ერთ-ერთი რიგითი გოგოაო... ყველაფერს მიხვდა და გადაწყვიტა, თეკლასთვის დაწვრილებით მოეყოლა ის, რაც მოხდა.

ბზარი ისედაც გაჩენილი იყო მეგობრებში, მაკას მონათხრობმა კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა. ნინო ისე იყო ანთებული გიგასთან დაწყებული რომანით, რომ უკან აღარ დაიხია და აღიარა, - დიახ, როგორც მე მინდოდა, ისე გავაკეთე ყველაფერიო, - ეგონა თეკლა-მაკასგან იმედგაცრუებული გიგა ამას არად ჩააგდებდა, სიყვარულისთვის ბრძოლას კი აუცილებლად დაუფასებდა, მაგრამ შეცდა... გიგამ არ აპატია "მახის დაგება", თეკლამ კი წერტილი დაუსვა 20-წლიან მეგობრობას...
niania
16 იანვარი 2017 11:52
თეკლამ -მაკას,
მაკამ-ნინოს,
ნინომ გიგას...
თხამ ვენახი შეჭამა ! :DDD
Lii
16 იანვარი 2017 00:01
Qartuli da sakmaod nacnobi siujetia.adamianebi sheidzleba gverdshi amogodgnen gachirvebisas,magram bednierebas ar gapatieben :(
teo
17 აგვისტო 2011 23:49
ეს რა ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი იყო?? :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები