"შვილების ფსიქიკას ვანადგურებდი" - კვირის პალიტრა

"შვილების ფსიქიკას ვანადგურებდი"

ვისაც ოჯახში ან საახლობლოში წამალდამოკიდებული ადამიანი ჰყოლია, იცის, ეს რამხელა დარდი და ტკივილია.

როგორც წესი, წამალდამოკიდებული ადამიანი ყველაფერზე მიდის, ოღონდ ხელში ჩაიგდოს ნარკოტიკი. როცა ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, იძულებული გაგვხადა მე და მისი მშობლები, დიდი, საკუთარი სახლი (ლოტკინზე) გაგვეყიდა. განქორწინება მინდოდა, მაგრამ დედამთილ-მამამთილს პატივს ვცემდი, ისინი კი გამუდმებით მეხვეწებოდნენ, არ მიმეტოვებინა, - იქნებ გამოსწორდეს, შენ რომ ზურგი აქციო, მთლად წახდება და გაუბედურდებაო.

დრო რომ გავიდა და ჩვენი ბინა ნელ-ნელა დაცარიელდა, მივხვდი, სიტყვა "გამოსწორდება" პირობითი ცნება იყო. ნარკომანის ნებისყოფა მხოლოდ საპნის ბუშტია.

შვილები წამოიზარდნენ და ხასიათი გაუფუჭდათ, ბოლოს, კატეგორიულად მომთხოვეს, - შენ თუ არ გაქვს თავმოყვარეობა, ჩვენ გვრცხვენია და აღარ გვინდა ნარკომან მამასთან ცხოვრებაო... მტკიცედ გადავწყვიტე განქორწინება.

დედამთილ-მამამთილი ძალიან წუხდნენ, მაგრამ მათ თავიანთი შვილი თუ ენანებოდათ, რომელსაც სულაც არ უნდოდა "გამოსწორება", მე ჩემები მედარდებოდა, რომლებსაც ჩემი დათმენით მომავალს ვუნადგურებდი. როცა მიხვდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო, ბინიდან წილი მოითხოვა. გავოგნდი, მას ხომ ჰქონდა ოროთახიანი ბინა, რომელშიც მისი მშობლები ცხოვრობდნენ, მაგრამ უარი მითხრა, - ის ბინა დედ-მამის და დის არისო (და გათხოვილი ჰყავდა და ქმრის ბინაში ცხოვრობდა). მივხვდი - ჩემი გამწარება უნდოდა. აღარ დავეძებდი აღარაფერს, ოღონდ მშვიდი ცხოვრება გვღირსებოდა. 3-ოთახიანი ბინა გავყიდე.

ერთოთახიანი ბინის საყიდელი ფული მივეცი, მაგრამ ის მშობლების ბინაში გადავიდა, ფული კი ერთ წელიწადში დახარჯა წამალში. ცალკე მყოფი ვგრძნობდი, რა ბედნიერებაა მშვიდად ცხოვრება. მეცოდებოდა ქმრის მშობლები, რომლებსაც სიბერე გაუმწარა შვილმა, მაგრამ მე მათი შველა უკვე აღარ შემეძლო. 17 წელი შევალიე ჩემი ქმრის აწეწილ ცხოვრებას და გონს გვიან მოვეგე... ჩემი ქმარი წამლის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა სამი წლის წინ. მის მშობლებს კი ახლა მე და ჩემი შვილები ვპატრონობთ. ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეა და რა ვქნა, - იმ უბედურის სიკვდილის შემდეგ მისმა მშობლებმაც დაისვენეს და ჩვენც.

ნ.გ. თბილსი