"გვარმა დაჯარიმებას გადამარჩინა" - კვირის პალიტრა

"გვარმა დაჯარიმებას გადამარჩინა"

ამას წინათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომუშავე კონტროლიორებზე მოგითხრეთ. ისიც გიამბეთ, დაჯარიმებული გოგონა როგორ გაბედნიერდა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ მრავალი გამოგვეხმაურა, არ მეგონა, ასეთი "აქტუალური თემა" თუ იქნებოდა კონტროლიორების საქმიანობა... ვარჩიეთ სახალისო ამბავი გამოგვექვეყნებინა მათზე. აი, რა გვიამბო ჩვენმა მკითხველმა, 21 წლის თამუნა ოძელაშვილმა:

- სამგზავრო ტალონი მაქვს. მაგრამ ამას წინათ აღმოჩნდა, რომ ტალონზე არასაკმარისი თანხა იყო და ბილეთი ვერ შევიძინე, არც ხურდა მქონდა. ძალიან შევწუხდი. ვნატრობდი, მეგობრის სახლამდე ისე მივსულიყავი, კონტროლიორი არ ამოსულიყო. სულ ამაოდ! გაჩერებაზე ჯმუხი, მრისხანე სახის კაცი ამოვიდა. ამოსვლისთანავე დასჭექა: "აბა, ბილეთები წარმოადგინეთ!" ოღონდ საჯაროდ არ შევერცხვინე და ჯარიმის 5 ლარი წინდაწინ მოვამზადე. ჩემ გვერდით მჯდომმა ჩაიფხუკუნა, - ბარემ ტაქსით გემგზავრა, ამდენ ხალხში რას იჭყლიტებოდიო!.. გულის ფანცქალით ველოდებოდი მჭმუნვარესახიან კონტროლიორს. როცა მომიახლოვდა, საწყალობლად გავუღიმე და 5-ლარიანი გავუწოდე. მაშინვე შემომიბღვირა, - ეგ მე არ მჭირდება, დაბლა ჩამობრძანდი და იქ ვილაპარაკოთო. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა მის "მოქრთამვას", ხალხი ძლივს გავარღვიე და დაბლა ჩავედი. ჩემნაირი დაზარალებული კიდევ ორი დამიხვდა, ორივე ბიჭი. კონტროლიორმა სამივე აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა და იერიში ყველაზე მაღალზე მიიტანა:

- ამხელა აწოწილხარ და უფასოდ მგზავრობა რომ არ შეიძლება, ეგ არ იცი?

- რა ვქნა, უფროსო, ათლარიანის მეტი არ მაქვს და თუ დამიხურდავებ, კარგს იზამ!

კონტროლიორს ეამა "უფროსო", შეიშმუშნა და უბილეთო მგზავრის გვარ-სახელი ჩაიწერა, ჯარიმა მაინც გამოუწერა და გაუშვა. ახლა მეორეს მიადგა:

- თქვენი პირადობა მომეცით!

- არა მაქვს! - მოუჭრა ბიჭმა.

- სახელი და გვარი მითხარი და მისამართი, იცოდე, არ მომატყუო, თორემ წაგიყვან ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში და იქ დავადგენ შენს ვინაობას!

- არა, უფროსო, მოტყუება არც მიფიქრია, ზაქარია ვარ, ფალიაშვილი, - თქვა ბიჭმა და თვალი ჩამიკრა. ჩემი ღიმილი რომ არ დაენახა, პირი მივიბრუნე. კონტროლიორმა კიდევ ერთხელ ახედ-დახედა მას, ჩაიწერა "დაკავებულის" სახელი და გვარი.

- სად ცხოვრობ?

- რუსთაველის 55-ში.

- აი, გამომართვი ქვითარი, ერთი თვის განმავლობაში გადაიხადე, თორემ გაგიათმაგდება ჯარიმა, - უთხრა ბიჭს, რომელიც სიცილით თავს ძლივს  იკავებდა. მე აღარ მქონდა სასაცილოდ საქმე და შეწუხებული შევცქეროდი კონტროლიორს. "ზაქარია ფალიაშვილი" მგულშემატკივრობდა - ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან.

- არც თქვენ გაქვთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი?

- არა, შინ დამრჩა, - წავიკნავლე და გარს შემორტყმულ ცნობისმოყვარეებს დაბნეულმა გავხედე.

- შინ რას ტოვებთ, ძალიან გამძიმებთ? მითხარი შენი სახელი და გვარი!

- თამარ ოძელაშვილი!

კონტროლიორს კალამი გაუშეშდა, თავი არც აუწევია, ისე ამომხედა ქვემოდან. თვალებიდან მრისხანების ნაპერწკლებს აფრქვევდა:

- საშაყიროდ გაქვს საქმე?

- არა, ბატონო, არ გეშაყირებით, მართლა ოძელაშვილი ვარ!

გარშემომყოფები უკვე ხმამაღლა იცინოდნენ.

- მარაბდიდან ხარ? - არავის აქცევდა ყურადღებას კონტროლიორი.

- არა, თბილისელი!

- შეგამოწმო, თუ დაგიჯერო?

- თუ გნებავთ, შემამოწმეთ, მაგრამ ნამდვილად ოძელაშვილი ვარ და რა ვქნა? - მან "ზაქარია ფალიაშვილისა" ირწმუნა და ჩემი ოძელაშვილობა რა დაუჯერებელი იყო, არ მესმოდა.

- ბავშვობიდან მიყვარდა არსენა ოძელაშვილი, ჩემი კერპია. მასეთი კაცი 4-5 კიდევ რომ გვყავდეს დღეს, ამქვეყნად უსამართლობა აღარ იქნებოდა. ვინ იცის, მისი შთამომავალიც ხარ... ის მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა და მის მოგვარეს ვერ წაგგლეჯ 5 ლარს. თავისუფალი ხარ, თუ უნდათ, გამათავისუფლონ ამ ადგილიდან! - თქვა კონტროლიორმა, რომელსაც თურმე არსენა რქმევია. მამამისსაც ჰყვარებია მარაბდელი და მის პატივსაცემად დაურქმევია შვილისთვის ეს სახელი.A

მართალია, თქვენი წერილის გმირივით ბედი არ გამხსნია, მაგრამ გვარმა დაჯარიმებას აშკარად გადამარჩინა...