მშობლებო, ფრთხილად!.. ანუ "მწვალებელთა" საზარელი გატაცება - კვირის პალიტრა

მშობლებო, ფრთხილად!.. ანუ "მწვალებელთა" საზარელი გატაცება

მკითხველს ბოდიშს ვუხდი იმ საზარელი სცენის აღწერისათვის, რაც წერილშია, მაგრამ ამას ჩემი რესპონდენტის თხოვნით ვაკეთებ, რომელმაც სულ ახლახან შვილის გამო დიდი ნერვიულობა გადაიტანა - ძლივს გამოსტაცა თავისი 15 წლის გოგონა საზარელ დაჯგუფებას.

"მწვალებლები" - ასე ჰქვია   მოზარდებისგან შექმნილ "ორგანიზაციას", რომლის წევრები ცხოველების წამებითა და საკუთარი თავის გვემით სიამოვნებას იღებენ.

ლიკას მამამ თავისი ბიზნესის წყალობით პრესტიჟულ უბანში ოთხოთახიანი ბინის ყიდვა შეძლო. 14 წლის გოგონა ახალი უბნის სკოლაში თანაკლასელებმა გულღიად მიიღეს.

ერთხელ, თანაკლასელმა გოგონამ, რომელიც აშკარად ლიდერობდა არათუ კლასში, არამედ სკოლაშიც, გვერდზე გაიხმო ლიკა და საიდუმლო გაანდო:

- ჩვენ მაგარი დაჯგუფება გვაქვს. ცხოველებზე ცდებს ვატარებთ... კატას, ძაღლს, ზაზუნას მუცელზე ვჭრით ხოლმე და მის შიგნეულობას ვსწავლობთ.

- ვეტერინარები უნდა გამოხვიდეთ? - გულუბრყვილოდ იკითხა ლიკამ.

- არა, შე სულელო, რა ვეტერინარი, რის ვეტერინარი,  მოდი და დარწმუნებული ვარ, ძალიან დაგაინტერესებს ის, რაც ჩვენთან ხდება.

ქეთის საკუთარი სახლი ჰქონდა. მშობლები დილიდან საღამომდე სამსახურში იყვნენ, ამიტომ "ორგანიზაციის" წევრები ვითომდა სამეცადინოდ მასთან იკრიბებოდნენ. "მწვალებელთა" ჯგუფში ოთხი ბიჭი და რვა გოგო იყო. ლიკა ზარ-ზეიმით მიიღეს, დავთარშიც ჩაწერეს და სეანსის ოთახში თავისი ადგილი მიუჩინეს.

რიტუალი დაიწყო და ოთახში კნუტი შემოიყვანეს... ჯერ ნემსს ურჭობდნენ, საბრალო საცოდავად კნაოდა, მერე აჩხავლდა. შემდეგ ერთმა ბიჭმა ერთი თათი მოაჭრა, მას დანარჩენებმაც მიჰბაძეს... თათებს კუდი მიაყოლეს და ლიკას გული წაუვიდა. გონს რომ მოვიდა, მეორე ოთახში იწვა, აღარც კნავილ-ჩხავილი ისმოდა. უცებ გაიფიქრა, უთუოდ სიზმარი ვნახეო, მაგრამ რუსკამ, ქეთიმ და დანარჩენებმა დაამშვიდეს, - პირველად ყველას ასე ემართება. მერე კი ეჩვევიან, ნებისყოფა უმტკიცდებათო.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ლიკა თანდათან ჩაერთო მათ საქმიანობაში - თვითგვემას ამჯობინებდა. თითოეული წევრი, რიგრიგობით, სხეულის რომელიღაც ნაწილს (ფეხს, ხელს, მკერდს ან მუცელს) ბასრი დანით, მაკრატლით, შუშის ნატეხით ან სამართებლით ისერავდა. სჯეროდათ, რაც მეტად ეტკინებოდათ, მით მეტად გაძლიერდებოდნენ...

თამარი, ლიკას დედა: - ახალი სახლის რემონტით ისე ვიყავი გართული, რომ კარგა ხანს ჩემი შვილისთვის არაფერი შემიმჩნევია. მეორე - ნიკა, შვიდი წლით უმცროსია ლიკაზე. ჩემი გოგონა იმდენად ჭკვიანი იყო, რომ მის იმედად მთელი დღე შემეძლო ბავშვი დამეტოვებინა. მართალია, შინ ბებოც გვყავს, მაგრამ ის უკვე ხანდაზმულია და ლიკა მას ჰპატრონობდა, წნევას უზომავდა, წამლებს ასმევდა. ლიკა კარგადაც სწავლობდა, ერთხანს ვიოლინოთი იყო გატაცებული, ახალ სკოლაში გადასვლის მერე კი უარი თქვა, - ბევრი მაქვს სამეცადინოო.

ინგლისურზე, მათემატიკასა და სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა. რამდენიმე თვეში ცეკვაც მიატოვა, - ჩემს კლასში ძალიან ძლიერი მოსწავლეები არიან, ერთად იკრიბებიან და მეცადინეობენ, მეც მათ უნდა შევუერთდეო. არაფერში ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ლიკასაც კარგად ახასიათებდნენ მასწავლებლები და მის თანაკალასელებსაც.

ერთხელ, როცა მე და ჩემი ქმარი შინ  დავბრუნდით, ლიკას ოთახში შევიხედე, ეძიIნა. ღამის სიგრილე შემოდიოდა ღია სარკმელიდან, შვილს საბანი გადახდილი ჰქონდა, ვიფიქრე, - არ გაცივდეს-მეთქი და საბნის გადაფარება მოვინდომე. ახლოს რომ მივედი, კინაღამ გული გამისკდა, - ორივე ფეხი დასერილი ჰქონდა (ეტყობა, იმიტომ დადიოდა სულ შარვლით, რომ არაფერი შემემჩნია). თავზარდაცემულმა მამამისი მოვიყვანე, შუქი ავანთე ოთახში და ღრმად ჩაძინებული გავაღვიძე, - ახლავე მითხარი სიმართლე, რა ხდება შენს თავს, თუ გინდა, რომ რამე არ ავუტეხო თავს-მეთქი.

ისეთი დაბნეული იყო, ფიქრის დროც არ ჰქონდა, თან მიხვდა, რომ აღარ ვეხუმრებოდი და ყველაფერს დაწვრილებით მოგვიყვა. მოსასულიერებელი შევიქენი. ლიკა ძალიან შეშინდა და გვიან გააცნობიერა ის საზარელი რამ, რასაც  მეგობრებთან ერთად სჩადიოდა. მეორე დღესვე გავაგებინე  "ორგანიზაციის" შესახებ კლასის დამრიგებელს, მან კი ყველა "მწვალებლის" მშობელი ერთად შეგვყარა... რამდენიმე სასწრაფოდ სხვა სკოლაში გადაიყვანეს. მეც მინდოდა ლიკასთვის გარემო შემეცვალა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, თავად ლიკამ პირობა დადო, რომ მსგავს სისაძაგლეს აღარ ჩაიდენდა.

არდადეგები რომ დაეწყოთ, ლიკა და მისი ორი მეგობარი  ნაცნობ მონაზვნებთან გავუშვი. იქ ისინი ლოცვასა და შრომაში ატარებდნენ დროს. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, - შვილს უნდა ენდობოდეს მშობელი, მაგრამ ბოლომდე, თავის ნებაზე არ უნდა მიუშვას, მით უფრო გარდატეხის ასაკში, როცა ათასი ფიქრი უტრიალებთ თავში, უამრავი რამ აინტერესებთ და ამ ინტერესმა შეიძლება სწორი გზიდან გადაახვევინოს...

მე დავშალე ის საშინელი ბუდე, რომელსაც მოზარდები "მწვალებლებს" უწოდებდნენ. სხვათა შორის, მათგან რამდენიმე დღეს ფსიქოლოგთან დადის. წელს ისინი სკოლას ამთავრებენ. კიდევ კარგი, მოზარდები მშობლებს დაგვემორჩილნენ, სხვა შემთხვევაში ასე კარგად არ მთავრდება ყველაფერი... ამიტომ მინდა, ყველას მივმართო, ვისაც შვილები ჰყავს: მშობლებო, ფრთხილად, ყურადღებით იყავით, თორემ თუ დაგვიანდა, მერე გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.