"მეორედ პატიების სურვილი აღარ მაქვს!" - კვირის პალიტრა

"მეორედ პატიების სურვილი აღარ მაქვს!"

ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ მიუტევე ადამიანს, მერე არ უნდა წამოაძახო და არც დაამადლო. ის კი არა, არც უნდა ინანო შენი საქციელი, მაგრამ ვაღიარებ, ვნანობ ჩემს გულმოწყალებასა და დიდსულოვნებას. ვნანობ, რომ შეურაცხყოფასა და ტკივილზე თვალები დავხუჭე და ცხოვრება ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი მომხდარაო.

ჩემი მეუღლე პროფესიით მშენებელი ინჟინერია, ხან მუშაობდა, ხან - არა. ბოლო ხანს სამუშაო არ ჰქონდა. შვილებთან ყოფნას, საოჯახო საქმეებში ჩემს დახმარებას, ეზოს უსაქმურებთან ჯდომა და თამაში არჩია. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, დამატებით ვიღებდი საქმეს, რომ ანაზღაურება მეტი მქონოდა, შაბათს კი ბაზრიდან მთელი კვირის მარაგი მომქონდა შინ. იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან დაინახავდა ჩემს გარჯას, დააფასებდა და თვითონაც ეცდებოდა რამეს, მაგრამ ორი წელი ისე გავიდა, ხელი არ გაუნძრევია.

როცა შევახსენე, - ეცადე, სამუშაო იშოვო, დომინოს ან ნარდის თამაში ვერაფერს გვიშველის, ბავშვებს კი აწი უფრო მეტი დასჭირდებათ-მეთქი, ისე გაბრაზდა, თითქოს ბავშვის მამა კი არა, უცხო იყო და უსამართლოდ ვითხოვდი მისგან დახმარებას. ხელი ჩავიქნიე, ნერვების აშლას და ორომტრიალს ვარჩიე, ჩუმად მეკეთებინა საქმე. დედამთილმა მირჩია (იგი ცალკე ცხოვრობდა) - არ მიაქციო ყურადღება და მალე მოვა გონსო.

"გონს მოსვლა" კი ის აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა... ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ბავშვებსაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს, ან სად იყო მამა, რატომ აღარ მოდიოდა შინ... ამბავი მომიტანეს, - ღამის ბარის მეპატრონე ქალთან ცხოვრობს, ის ქალი ინახავს და კაციც ბედნიერიაო. ჩემი დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც.

შვიდი თვის შემდეგ ჩემმა ქმარმა ნათესავები გამომიგზავნა, - შერიგება მინდაო. ბიჭიც და გოგოც ისე განიცდიდნენ უმამობას, შევუთვალე - შეგიძლია მობრძანდე-მეთქი. შინ მობრუნებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო "ოჯახის კაცობა". მერე ისევ წავიდა, ამჯერად სხვაგან, ოღონდ ისე დიდი ხნით აღარ, როგორც პირველად.

როცა თავისი ჩანთით კვლავ მომადგა, აღარ მივიღე. იცით, როგორ განაწყენდა? საყვედურებით ამავსო თავის ნათესავებთან, - პრობლემა გამიხადა ხანდახან გახალისებაო, თურმე მუდმივად უნდა ვაპატიო სისულელეები, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ღალატი. უკვე აღარ მაინტერესებს არც ყოფილი ქმრის, არც არავის აზრი - ერთხელ შევძელი პატიება, მეორედ მიტევების სურვილი კი აღარ მაქვს.

ნინო ბ.