"თეთრხალათიანი მგლები"
"თეთრხალათიანი მგლები"
რამდენიმე წლის წინ რედაქციაში მესტუმრა ძალიან ცნობილი ადამიანის დედა და თავისი გაუნელებელი დარდი გამიზიარა. ქალბატონი ნანა (სახელი შეცვლილია) პირველ შვილს დღემდე უშედეგოდ ეძებს... მიხვდით ალბათ, წერილის მთავარი თემა ბავშვის უკანონო გაშვილება-გასხვისებაა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ამ "საქმიანობას" ერთ-ერთი სამშობიარო სახლი დიდი გულმოდგინებით ეწეოდა. ნანამ   სწორედ იქ იმშობიარა. ქალს ახლაც ყურში ჩაესმის ექიმის სიტყვები: "აი, როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ბავშვი, ეს ჩვილი ბავშვის ნამდვილი ეტალონია..." მესამე დღეს კი ნანას თავზარდამცემი
ამბავი აცნობეს, - ბავშვს ასფიქსია განუვითარდა და გარდაიცვალაო. თავს იკლავდა სასოწარკვეთილი ქალი, - თუკი ჩემი შვილი ჯანსაღი ბავშვის ეტალონი იყო, ორ დღეში განა რა მოხდა ისეთი, რომ ჩვილის გადარჩენა ვეღარ მოახერხესო?"...

გავიდა წლები და ერთხელ, გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა შემზარავი წერილი სათაურით - "თეთრხალათიანი მგლები", სადაც
მხილებულნი იყვნენ იმ და კიდევ სხვა სამშობიარო სახლების ექიმები. ეჭვი, რომელიც წლების განმავლობაში ღრღნიდა ნანას, უფრო გაუღრმავდა... ეძება, მაგრამ ბავშვის კვალს ვერ მიაგნო. "კვირის პალიტრასაც" იმ იმედით ესტუმრა, ეგებ, ახლა მაინც გამომეხმაუროს ვინმეო, მაგრამ ამაოდ!

ქალბატონი ნანას ამბავი ჩვენი მკითხველის წერილმა გამახსენა. ესეც დაახლოებით იმდაგვარია, ოღონდ თბილისში კი არა, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში მოხდა...

ქეთისა და ტატოს პატარაობიდან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათ მშობლებს არ უნდოდათ შვილების ნაადრევად დაოჯახება. მიუხედავად ამისა, ბავშვები სკოლის დამთავრებისთანავე გაიპარნენ. მშობლები ძალიან გაბრაზდნენ, ახალშეუღლებულები არც ერთმა და არც მეორემ არ მიიღო. მხოლოდ ტატოს ბაბუას შეეცოდა ყმაწვილები და მათ ერთოთახიანი ბინა დაუქირავა, - ცოტა ხანს მანდ იყავით, სანამ თქვენებს წყენა გადაუვლითო. უფროსებს კი წყენამ არცთუ ისე მალე გადაუარათ. ქეთი ძალიან ნერვიულობდა, ორსულობაც ცუდი ჰქონდა. მერე დედას შეებრალა და ქმრის მალულად ნახულობდა შვილს. ქეთის მძიმე მშობიარობა ჰქონდა, მაგრამ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მეოთხე დღეს კი გამოუცხადეს, - ბავშვი გარდაიცვალაო.

ქეთი დეპრესიაში ჩავარდა... მიხვდნენ მშობლები, რომ ახალგაზრდები დაიჩაგრნენ და დრო დადგა მიტევებისა... მოკლედ, ქეთი ჯერ მისმა მშობლებმა წაიყვანეს თავისთან, ცოტას მოვახედებთო... ორი თვის მერე ბიჭის მშობლებმა პატარა ქორწილიც კი გადაუხადეს ახალგაზრდებს. ერთი წლის შემდეგ გაჩნდა ვაჟი, მალე მას გოგონაც მიჰყვა და ახალგაზრდების ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა... ათი წლის ჰყავდა პირველი შვილი, ქეთის ერთი უცნობი ქალი რომ ესტუმრა და გაუგონარი რამ ჩააწვეთა: - იცი, რომ შენი შვილი ცოცხალია და თბილისში იზრდება ერთ ოჯახშიო? ქეთი ვერ იჯერებდა, რომ ბავშვი სხვამ მოჰპარა და გაუყიდა! ლილის (ასე გაეცნო ქალი მას) თავისი ანგარიშები ჰქონდა მეან-გინეკოლოგთან.

ისინი ერთად მუშაობდნენ, ლილი ანდრო კ.-ს საყვარელიც იყო და თანამზრახველიც... თუმცა, დრო რომ გავიდა, ანდრომ უფრო ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა (ისიც ექიმი გახლდათ) და ლილის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. უთხრა, - ღვთის წინაშე მეტს აღარ შევცოდავო და "თანაშემწე" სამუშაოდან გაათავისუფლა. ლილიმ კი მოგვიანებით გაიგო, რომ ანდრო თავის ახალ მეწყვილესა და კიდევ ორ ექიმთან ერთად იმავე საქმეს განაგრძობდა. გამწარებულმა ლილიმ დაიქადა, - მეც ჩავვარდები და იმათაც ჩავყრი, არც ერთს არ გავახარებო. დაადგინა ქეთის მისამართი და ერთ მშვენიერ დღეს კარს მიადგა... თუმცა ქეთისთვის ეს დღე სულაც არ გახლდათ "მშვენიერი". მეხდაცემული იჯდა და დამუნჯებული უსმენდა ქალს.

ტატო ამ ამბავმა ძალიან აღაშფოთა და იმ ღამესვე მიეჭრა ანდროს. სამართალდამცველებმა ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან გაცოფებულ კაცს ექიმი. ტატო დააპატიმრეს. ლილი კი - ამ ყველაფრის მოწმე და მაღიარებელი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგეს. ანდროს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქალაქში, ბევრი ნაცნობ-მეგობარიც ჰყავდა - ის უდანაშაულო გამოდიოდა, ტატო კი - შეურაცხადი. ბოლო წუთებში ისევ გამოჩნდა ლილი და მარტო ანდრო კი არა, კიდევ რამდენიმე ექიმი ამხილა, რომლებიც 5 წელი ვაჭრობდნენ ჩვილებით. ამას გარდა, ყველა ის მშობელი დაასახელა, რომელთაც უთხრეს, შვილი მოგიკვდათო, სინამდვილეში კი გაუყიდეს. დამნაშავეებს (ლილის ჩათვლით) სასჯელი შეუფარდეს...

ასე დაიწყო ტატოს და ქეთის ტრაგედია. თბილისში იმ ოჯახში მივიდნენ, სადაც მათი შვილი იზრდებოდა. მშობლებმა უთხრეს, ბავშვის შვილად აყვანის დროს დედის წერილი გვქონდა - ბავშვს ნებით ვტოვებ და მასზე პრეტენზია არასოდეს მექნებაო. რა თქმა უნდა, ეს წერილიც ყალბი იყო. გამზრდელებმა ქეთის და ტატოს სთხოვეს, - ბიჭმა არ იცის, ნაშვილები თუ არის, გულს ნუ ატკენთ, ნუ გაუმჟღავნებთ სიმართლესო. თავიდან მართლა არაფერი უთხრეს 12 წლის ბიჭს, მაგრამ შინ დაბრუნებული ქეთი საშინელ დღეში ჩავარდა, ვერაფერს უდებდა გულს, სულ პირველი შვილი ედგა თვალწინ. ასე გაგრძელდა ორი წელი...

ბოლოს, ვეღარ გაძლო, თბილისში ჩამოვიდა და სკოლასთან დახვდა შვილს. დემეტრე უკვე 14 წლის იყო... ძალიან განიცადა, რაც ბიოლოგიური დედისგან მოისმინა. თავიდან ნამდვილ მშობლებთან დაბრუნება მოუნდომებია, მერე მათაც ვერ შეეწყო, ვეღარც გამზრდელები იგუა, ყველაზე აიყარა გული... ბოლოს გამზრდელებმა ფსიქოლოგი შინ მოუყვანეს და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ბიჭი ძლივს დააწყნარეს...

ქეთის და ტატოს იარა ახლაც მოუშუშებელია, ეს იმიტომ, რომ "თეთრხალათიანმა მგლებმა" სხვისი უბედურების ხარჯზე გამდიდრება გადაწყვიტეს...