მშობელს დიდი სიფრთხილე მართებს - კვირის პალიტრა

მშობელს დიდი სიფრთხილე მართებს

აუღელვებლად ვერ წაიკითხავ წერილს ახალგაზრდა "მწვალებელთა" შესახებ. მართლაც, რამხელა ყურადღება მართებს მშობელს, რომ შვილის გარდატეხის ასაკში რაიმე მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროს!

ჩემი ახლობლის 16 წლის ვაჟი, რომელიც ვიოლინოს შესანიშნავად უკრავდა და კონსერვატორიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, 7 წლით უფროს გოგონას გადაეყარა. ყველას გვეგონა, რომ გოგონა მისი დროებითი გატაცება იყო, მაგრამ შევცდით!.. ბიჭი ხშირად აცდენდა რეპეტიტორის გაკვეთილებს და მთელი დღე მაკასთან ერთად ოპერის ბაღში იჯდა. იქ ბევრი წამალდამოკიდებული ახალგაზრდა იკრიბებოდა. ლევანი მოჯადოებულ-მონუსხულივით იქცეოდა. მაკას ნებისმიერ დავალებასა თუ მითითებას ზომბირებულივით ასრულებდა...

რომ არა ლევანის მშობლების ძალისხმევა, მცდელობა შვილის გადასარჩენად, ბიჭი უსათუოდ დაიღუპებოდა... მაკა როკერი, თან ნარკომანი აღმოჩნდა. მან ლევანი თავის მეგობრებს გააცნო. ბიჭმა გული აიცრუა სწავლაზე, ოთახში როკერების დიდი პლაკატები გააკრა. დედამისი ერთხანს ფიქრობდა, რომ ეს მისი ახალი გატაცება იყო, არ სიამოვნებდა, მაგრამ არც უშლიდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს გატაცება გადაუვლიდა. ერთხელ ლევანი მთვრალი დაბრუნდა შინ, თუმცა ალკოჰოლის სუნს ვერ გრძნობდა. ასე გამეორდა რამდენჯერმე.

ქალი დაეჭვდა და გადაწყვიტა, შვილისთვის ეთვალთვალა. ასე მიაგნო იმ ბუდეს, რომელშიც მისი შვილი იყო ჩათრეული... ლევანი გამოსტაცეს იმ ხალხს, ახლა ის უკვე საუკეთესო მუსიკოსია და უცხოეთში მოღვაწეობს. რომ არა დედის განგაში, უსათუოდ დაიღუპებოდა.

თ. კ., თბილისი