"შევცდი ცოლად რომ მოგიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა გვერდით მყავდეს ქალი, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობსო"
16-08-2021
"შევცდი ცოლად რომ მოგიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა გვერდით მყავდეს ქალი, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობსო"
"ბათუმიდან თბილისისკენ მოვდიოდით, როცა გზაში თორნიკემ მითხრა, ძალიან შევცდი, რომ ცოლად მოგიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა გვერდით მყავდეს ქალი, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობს, ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები, დარჩი შენი მშობლების სახლშიო... არადა, ფეხმძიმედ ვიყავი... ძალიან მრცხვენოდა ჩემი ოჯახის, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩამოვედით თბილისში, ქმარმა კი დამტოვა და წავიდა..."

ზოგჯერ ერთმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, კალაპოტიდან ამოაგდოს და ვერასდროს გამოასწორო... 37 წლის ლიზი თავის
საბედისწერო შეცდომაზე გვესაუბრა.

- რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა­ ადამიანი, რომელიც ჩემი სულელური ნაბიჯით დაზარალებული ადამიანებიდან ერთ-ერთი იყო. ეს იყო ჩემი პირველი ქმარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიღებულ ჩემს უაზრო გადაწყვეტილებას შეეწირა...

19 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში­ ახალგათხოვილ დეიდაშვილთან წავედი სტუმრად. შეყვარებულთან ვიკამათე და ვითომ მის
გასაბრაზებლად ტელეფონი თბილისში დავტოვე და დაუმშვიდობებლად წავედი, არც მითქვამს, რომ მივდიოდი... ვფიქრობდი, გული არ მოუთმენს და სამ დღეში თავადაც ჩამოვა ბათუმში-მეთქი. მსგავსი­ არაფერი გაუკეთებია...

ერთხელაც დეიდაშვილის ეზოსთან ახლოს ახალგაზრდები ხელბურთს თამაშობდნენ და დამიძახეს. ისეთი ამბები დავატრიალე,­ მაშინვე ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ასე გავიცანი ჩემზე 3 წლის უფროსი, დინჯი და სიმპათიური თორნიკე, რომელსაც დანახვისთანავე შევუყვარდი. მთელი დღეები ხან რას ვთამაშობდით, ხან რას, ღამით კი ვტიროდი, რომ დათამ უჩემოდ ერთ კვირას ისე გაძლო, არათუ ჩამომაკითხა, არც დაინტერესდა, სად გავქრი...
თორნიკე შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა და გვერდიდან არ მცილდებოდა. გულწრფელად ვუთხარი, სხვა მიყვარს-მეთქი, ჩამეძია, მერე სად არისო, ნაჩხუბრები ვართ-მეთქი. გინდა გამოცადო, რამდენად უყვარხარ? დაურეკე და უთხარი, აქ ერთი ბიჭია, მოსვენებას არ მაძლევს-თქო, და მის რეაქციას დავაკვირდეთო. თუ ჩამოვა, დაველაპარაკები და თუ რამეა, მოვუბოდიშებ კიდეცო... მისი თანდასწრებით აღარ დავურეკე, მაგრამ საღამოს გულმა არ მომითმინა და დავრეკე. სად დაიკარგე, გოგოო, მისაყვედურა დათამ... შევატყვე, ნასვამი იყო. მაშინვე მივახალე, აქ ერთი ბიჭია, ნერვებს მიშლის-მეთქი, მერე ჩამოდი, მანდ რაღაზე ჩერდებიო... მე კი ველოდი, ჩამოვიდოდა და წამიყვანდა. მისი ჩამოსვლის ლოდინში რამდენიმე ჯოჯოხეთური დღე გავიდა. თორნიკეს თავს ვარიდებდი, მაგრამ მიზეზს ყოველთვის პოულობდა, რომ ვენახე. ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა, მაგრამ მაინც დათა მეწერა ენაზე.
ერთ საღამოს თორნიკემ მანქანით მოგვაკითხა, გავისეირნოთო. უარი არ მითქვამს, ციხისძირში წავედით. გოგონები და მისი მეგობარი ბიჭი სადღაც დატოვა, მე კი სახლში წამიყვანა, მშობლები, ძმა და რძალი გამაცნო. გაოცებული ვიყავი, მაგრამ ისტერიკა ვერ ავტეხე, ცოტა ხანს დავრჩეთ, ყავა დავლიოთ და სახლში წაგიყვანო... ის ხალხი თავს მევლებოდა. დედამისი გვერდით მომიჯდა, ეს ერთი კვირაა თორნიკე სულ შენზე ლაპარაკობს, ძალიან შეიცვალა, აქამდე სულ უცხოეთში წასვლას იქაჩებოდა, ეს დღეები კი ხმა არ ამოუღიაო.

ღამდებოდა. თორნიკეს სახლში წაყვანა მოვთხოვე. ამიერიდან ჩემი ცოლი ხარ, ეს არის შენი სახლიო, მითხრა გაბადრულმა. ავტირდი, ხომ იცი, შეყვარებული მყავს-მეთქი. არ გყავს, შენ გიყვარს, მას არა, თორემ აქამდე ცხრაჯერ ჩამოვიდოდაო. შენ თუ არ გიყვარვარ, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო. ერთი სიტყვით, ასე გავხდი მისი ცოლი. რამდენიმე თვე მისაღებში დივანზე მეძინა. ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობდნენ, თორნიკე მამშვიდებდა, ცოტა დრო გვჭირდება, ერთმანეთს შევეჩვიოთ, ისე მიყვარხარ, ერთ ჭერქვეშ რომ ვართ, ისიც მაბედნიერებს, ჯერ ვითომ შეყვარებულები ვიყოთო, ხუმრობასაც კი ცდილობდა. ჩემი ოჯახი რომ ჩამოვიდა, დათაზე ლაპარაკი ავუკრძალე. ერთმა დაქალმა მაინც მითხრა, შენი გათხოვების მერე ბათუმში თქვენი მისამართის გაგებას ცდილობდაო... რაღა დროსი იყო, ცხოვრება დამინგრია.

უცხო ქალაქში ცხოვრებამ უფრო მომანატრა დათა და ის ბედნიერი დღეები. ჩემს უხასიათობას ვერ ეგუებოდა ქმრის ოჯახი. რძალი წამკბენდა ხოლმე, თუ არ გინდოდა, რას მოჰყვებოდიო... წელიწად-ნახევრის შემდეგ თორნიკეს უძილობა დაეწყო, ამას კი პრობლემები მოჰყვა. თბილისში გამოუშვეს. მარტო წადი-მეთქი, რას ამბობ, ოჯახის წევრები მაინც არ გენატრებაო? ერთი სიტყვით, გამოვყევი. გზაში მითხრა, ძალიან შევცდი, რომ ცოლად მოგიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდა გვერდით მყავდეს ქალი, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობს, ამიტომ დარჩი შენს სახლშიო... არადა, ფეხმძიმედ ვიყავი და ესეც ვუთხარი. მგონი, არ დამიჯერა... ერთ დღეს, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, გზიდან დამირეკა, სახლში მივდივარ, გაიყარა ჩვენი გზებიო... შოკში ვიყავი. ჩემი ოჯახისაც მრცხვენოდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩამოვედით, ქმარმა კი დამტოვა და წავიდა. ჯერ დედ-მამასთან არაფერს ვამბობდი, იქნებ აზრზე მოვიდეს, რაღაცები გადახარშოს და ჩამოვიდეს-მეთქი. საღამოს დედამთილმა დამირეკა, რა ხდება თქვენს თავს, რატომ დაშორდითო. მე არავის დავშორებივარ, თორნიკემ გადაწყვიტა ასე-მეთქი. ისეთი გაბრაზებული იყო, ფეხმძიმობის ამბავი რომ ვუთხარი, კაცმა არ იცის, ვისი შვილიაო, მიპასუხა და ტელეფონი გამითიშა. იატაკზე ვიჯექი და ვტიროდი. დედაჩემი მაწყნარებდა, შენს შვილს როგორმე გავზრდითო... მეორე დღეს ბიძაშვილები ამოცვივდნენ, მათ შორის ისიც, ვისგანაც დათა გავიცანი. მითხრა, იცის შენი ამბავი, მასთან საუბარს შეძლებო?.. მისი დანახვა არ მინდა-მეთქი, მაგრამ მეორე დილით ორივე ერთად მოგვადგა. დათას დანახვაზე ჩემები აიმრიზნენ. მან მამაჩემს უთხრა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, ჩემი პასიურობის გამო მოუვიდა ლიზის ეს შეცდომა, ორივეს შეცდომაა და მე გამოვასწორებ, დღესვე მიმყავსო...

- როგორ?
- ჩაალაგე შენი ნივთები და წავიდეთო,­ მითხრა. მშობლები სახტად დარჩნენ. მე ისტერიკულად ვტიროდი, ხომ შეგეძლო ასე ადრეც მოქცეულიყავი, ფეხმძიმედ ვარ იმ კაცისგან-მეთქი. არაფერია, ჩემს თავზე ვიღებ, ჩვენი პირველი შვილი იქნებაო. მამაჩემმა მითხრა, იცოდე, მეორე სისულელეც არ ჩაიდინო, თორემ ჩვენკენ გამოხედვას დაემშვიდობეო... ვაღიარებ, გულის სიღრმეში ბედნიერი ვიყავი, ჩემი ცხოვრების სიყვარულის ცოლი ვხდებოდი. ერთი სიტყვით, გავყევი დათას. ახლა მისი ოჯახის წევრები ჩაცვივდნენ შოკში. დედ-მამა ჰყავდა და და, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა. მანამდეც ყველანი მიცნობდნენ, მათთან სახლშიც დავდიოდი საერთო მეგობრებთან ერთად, რძალოს მეძახდნენ... საბოლოოდ, მისმა მშობლებმაც დათა გაამტყუნეს, თუ უყვარდი, გაბრაზებული აქ რას დალოთაობდა, ჩამოსულიყო ბათუმში და წამოეყვანეო. ერთი სიტყვით, ნორმალურად მიმიღეს.

დედამთილმა იცოდა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი, მამამთილმა - არა. მოვა დრო და მე თვითონ ვეტყვიო, დათას დედამ. უკვე აღარ ვნანობდი თორნიკესთან დაშორებას, იმ ადამიანთან ვცხოვრობდი, ვინც სამყაროს მერჩივნა. ყოფილი ქმრის ახლობლები პერიოდულად მწარე მესიჯებით მშხამავდნენ, სახლიდან წასული ერთ კვირაში გათხოვდი, ხომ გეტყობა, ვინც ხარო, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. დათა ხანდახან გამოურევდა თავისებურს, დილით გავიდოდა, საღამოს დაბრუნდებოდა, ისე, რომ არც მკითხავდა, რამე ხომ არ მჭირდებოდა... მალე ჩვენი გოგონა გაჩნდა, დათას სულ უნდოდა პირველი შვილი გოგო გვყოლოდა და სახელიც თავად შეურჩია. თორნიკემ არ ვიცი, როგორ გაიგო ბავშვის ამბავი, დამირეკა და მომილოცა... მისი ზარი ჩემს ქმარს არ მოეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს. დათა თავიდან მეხმარებოდა, შემდეგ უკვე ვგრძნობდი, რომ პასუხისმგებლობის აღება უჭირდა. ღამე ძილი სურდა, ბავშვი კი ჭირვეულობდა, ღამეების თევა გვიწევდა. დათას რეაქციაზე ვხვდებოდი, რომ ბავშვი თავის შვილად ვერ მიიღო. მისგან განსხვავებით, დედამთილი სულ მეხმარებოდა. დათას სამსახური არ ჰქონდა და არც ცდილობდა შოვნას. მისი მშობლების კმაყოფაზე ვიყავით, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. რამდენჯერმე ვუთხარი, იქნებ რამე ნახო-მეთქი. გამოჩნდება რამეო, მპასუხობდა უდარდელად.

ერთ დღეს, უეცრად, მამამთილი გარდაიცვალა ინფარქტით. დათა ამის შემდეგ ძალიან შეიცვალა, მეტი პასუხისმგებლობის აღებამ მოუწია და ეს აღიზიანებდა. მეგობრებთან ყოფნას მაინც ვერ ელეოდა. ვფიქრობდი, ჩვენი შვილი გვეყოლება და შეიცვლება-მეთქი. როდესაც მეორე ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, უზომოდ გამიხარდა, ეს ჩვენი სიყვარულის განმტკიცებისა და ოჯახის გადარჩენის იმედი იყო. დათას ძალიან გაუხარდა, მაგრამ როცა მეორე ბავშვიც გაჩნდა, ისევ ძველებურად იქცეოდა - სახლიდან გარბოდა. არც მუშაობაზე ფიქრობდა, არადა, მამამთილის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ხანდახან მულისგან გამოგზავნილი თანხა სულზე გვისწრებდა. თანდათან ურთიერთობა დაგვეძაბა. დათას ვსაყვედურობდი, არასდროს გყვარებივარ, არც მაშინ, არც შემდეგ, როდესაც ცოლად მომიყვანე, მხოლოდ გეცოდებოდი-მეთქი. ჩემებურად მიყვარხარო, მპასუხობდა და სახლიდან გარბოდა.

შეუღლებიდან მეოთხე წელს დავშორდით. დედამთილი მეხვეწებოდა, ორი ბავშვით სად უნდა წახვიდე ან ვის ხელში მტოვებ, თავად მიბრძანდესო... ვერაფრით ვიფიქრებდი, ოჯახშიც თუ ისეთივე პასიური იქნებოდა, როგორიც შეყვარებულობისას იყო... ერთი სიტყვით, დარჩენას აზრი არ ჰქონდა, თან სულ ხინჯად მქონდა, რომ ფეხმძიმე მომიყვანა ცოლად და ბევრის მოთხოვნის უფლება არ მქონდა. მშობლებიც მეუბნებოდნენ, შენც წვალობ და იმასაც აწვალებო.

ჩვენი განშორება დათამ ძალიან განიცადა. მე ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. მაშინ პირველად დავფიქრდი, რომ თორნიკესთან დაშორება შეცდომა იყო, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, თორემ არაერთხელ მინდოდა გვერდით მისნაირი ძლიერი მამაკაცი მყოლოდა. მას რომ არ მიეღო დაშორების გადაწყვეტილება, ცოტაც და, შემიყვარდებოდა კიდეც.

- მერე აღარ შეხვედრიხართ?
- რამდენიმე ხნის წინ პირველად ნახა შვილი. დათას ედო სოციალური ქსელის თავის გვერდზე და ეტყობა, მოძებნა. ბავშვი ძალიან ჰგავს მამას და ბებიასაც. არ ვიცი, რა უქნა თავის ჯანმრთელობას, რას სვამდა, როგორ ცდილობდა დანგრეული ოჯახის ტკივილის გაყუჩებას. ფილტვის კიბო დაემართა... მისი ოჯახი დამიკავშირდა, თბილისში ჩამოვიყვანეთ, იქნებ ნახოო. მივედით მე და ჩემი შვილი. გადაფითრებული იყო, ტიროდა და პატიებას მთხოვდა, არ უნდა გამეშვი, ჩემთან დაცული მაინც იქნებოდიო. ნამდვილად არ უნდა გაგეშვი, რადგან თითქმის მიყვარდი-მეთქი. ძალიან განიცადა, ერთი სიტყვით რომ გენიშნებინა, შენთვის მნიშვნელოვანი ვიყავი, ამას არ გავაკეთებდიო. ერთი თვის წინ გარდაიცვალა. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს... რაც მთავარია, ჩემს გოგონას ვერ ვეუბნებოდი, რომ ის მამამისი იყო, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად გაიგებს. მთელი დღეები თავს ვიმტვრევ იმაზე ფიქრით, როგორ ვუთხრა...

ნინო აფხაზავა
ნატა
24 აგვისტო 2021 02:32
Სულელი, სუსტი ქალი. Როგორ იბადებით ესეთები, საკუთარ თავს როგორ ვერ იცავთ, თუ არ მინდა ვინ გაᲛიბედავს და გამათხოვებს, ქვის ხანაა?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები