დედის არჩევანი - კვირის პალიტრა

დედის არჩევანი

თეოს ძალიან უკვირდა, რომ ამ 43 წლის წარმოსადეგ კაცს აქამდე ცოლი არ ჰყავდა. ვიდრე დავითს ცოლად გაჰყვებოდა,  მეგობრები სასიძოზე აზრებს ერთმანეთს  უზიარებდნენ. ზოგს მოსწონდა, ზოგიც ეჭვობდა, რამე საიდუმლო ხომ არ იფარება, აქამდე უცოლოდ რომ დარჩაო...

თეო პატარა გოგო იყო, მამუკა რომ გაიცნო. მათ ერთმანეთი დიდხანს უყვარდათ. მერე მამუკა დაიჭირეს და სამი წელი მიუსაჯეს. ამ ხნის განმავლობაში წერილებს სწერდა და ეხვეწებოდა, თუ არ დამელოდები, თავს მოვიკლავო... თეოს რად უნდოდა გაფრთხილება, ისედაც მასზე ფიქრში ათენ-აღამებდა.  მამუკას გათავისუფლებისთანავე წყვილი ჩუმად დაქორწინდა. სულ ტყუილი გამოდგა მამუკას ფიცი-მტკიცი - ტყუილად ჩამსვეს ციხეშიო, გარდა იმისა, რომ წამალდამოკიდებული იყო, ნარკოტიკის გაყიდვასაც ახერხებდა. თეო ფეხმძიმედ იყო  მამუკა ისევ  რომ დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გოგონა გაჩნდა.

თეო მთლიანად ბავშვზე გადაერთო. მხოლოდ ღამე, როცა მარტო რჩებოდა თავის წუხილთან, მაშინ მისწვდებოდა ფიქრით ქმარს. გულის კუნჭულში სჯეროდა, რომ კვლავ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ხმამაღლა არაფერს ამბობდა. გამოხდა ხანი და პატარას შეამჩნიეს, რომ ხმაურზე რეაქცია არ ჰქონდა - თამუნა დაბადებიდან ყრუ აღმოჩნდა. თეოს გული გაუცივდა მამუკაზე.

დიდი ნერვიულობა სავალალო შედეგით დასრულდა... როცა მამუკა გათავისუფლდა, თამუნა უკვე 8 წლის იყო. დედა გოგონას სპეციალურ სკოლაში ატარებდა. ლამაზი ბავშვი იყო, ყველას თვალი ზედ რჩებოდა, მისი სიყრუე კი დედას გულს უგლეჯდა. თეომ აღარ მოისურვა მამუკასთან ცხოვრება, მშობლებთან გადაბარგდა, მაგრამ არც იქ ასვენებდა ქმარი. მივიდოდა თეოს მშობლების სახლთან და სახალხოდ ლანძღავდა "გაქცეულ" ცოლს. ერთ დღეს საწოლში მკვდარი იპოვეს მამუკა. წერილი დაეტოვებინა - ჩემი ცოდვა თეოს კისერზეაო.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. თეო 30 წლის იყო, დავითი  შემთხვევით რომ  გაიცნო მეგობრის ოჯახში. ყველას მოსწონდა სიმპათიური და საქმიანი დავითი, მშობლებიც და მეგობრებიც ურჩევდნენ თეოს დავითის შემოთავაზებაზე უარი არ ეთქვა.. და როგორც იქნა, დაიყოლიეს...

დავითი არც გერს, არც თეოს არაფერს აკლებდა. გავიდა ორი წელი და ბავშვი, რომელიც ასე სურდა ცოლ-ქმარს, არ უჩნდებოდათ. ექიმებთან დაიწყეს სიარული. დავითი აღმოჩნდა უშვილო. კაცი ძალიან დადარდიანდა, თავის თავში ჩაიკეტა, სულ სამსახურში იყო, შინ გვიან მოდიოდა. მერე თეომ შესთავაზა, - თუ გინდა, ბავშვი ავიყვანოთო. დაფიქრდა დავითი. ერთი შეხედვით, თეოს შემოთავაზება არ ჩანდა ურიგო... დატრიალდნენ თეოს მეგობრები და სამშობიაროდანვე მოახერხეს ჩვილის აყვანა, რომელზეც დედა უარს ამბობდა. ჯანმრთელი და საღ-სალამათი ბიჭი იყო. თეო ნამდვილად ბედნიერად გრძნობდა თავს და ვერც აცნობიერებდა, რომ მათ ოჯახში საავდრო ღრუბელი გროვდებოდა.

ერთხელ, შემთხვევით, ქმრის ტელეფონით საუბარს მოუსმინა:

- ამ ყრუ გოგოს რა ვუყო, ძალიან მაღიზიანებს, სულ ცხვირწინ მიტრიალებს, თეოს ვერ ვეუბნები, ვიცი, უარს იტყვის, თორემ სიამოვნებით გავისტუმრებდი ყრუ-მუნჯთა ინტერნატშიო...

თეოს გული მოეწურა, ცუდად გახდა. თურმე, დავითის კეთილშობილება, ვაჟკაცობა და დიდსულოვნება - ყველაფერი ყალბი ყოფილა. მას ქალი უყვარდა, მის შვილს კი ვერ იტანდა. თეო მორალურად გატყდა, დავითის არც დანახვა, აღარც ხმის გაგონება უნდოდა. გაოცებული კაცის თვალწინ ჩაალაგა ნივთები, მამას დაურეკა, - მოდი და წამიყვანეო. მოჰკიდა ბავშვებს ხელი და ცივად გაიხურა კარი. თუკი თავიდან აშინებდა მეორედ გადადგმული ნაბიჯი, ვაითუ არასწორი იყოს და ხალხის საქილიკო გავხდეო, ახლა აღარ აინტერესებდა საზოგადოების აზრი.

დედამ თეოს შესთავაზა, - თამუნა მე დამიტოვე, შენ კი დაუბრუნდი ქმარსო, მაგრამ ცივი უარი უთხრა, - ეს მეორედ არ მიხსენო, თორემ აქედანაც წავალ და აღარასოდეს დაგენახვებითო. შესარიგებლად მისულ დავითს კი უთხრა: - ჩემი ყრუ შვილი შენს თავს ათასჯერ მირჩევნია, უზრუნველ ცხოვრებას ვერ ვანაცვალებ ჩემს გოგონასო. ისევ აქოთქოთდნენ ახლობლები, ნაცნობები თუ უცნობები, - ეს რა გააკეთა,  რა კაცი დატოვა, რა აწყობილ ოჯახზე თქვა უარიო... თუმცა ბევრი ამართლებდა თეოს...

P.S. ზოგჯერ გგონია, ადამიანს კარგად იცნობ, შენი ახლობელი ხდება, მაგრამ შესაძლოა ერთმა ფაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ამ დროს უცებ იჩენს თავს ყველა მანკიერი თვისება. ქალმა შეიძლება ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი, შვილის გამო  კი წყენას ვერ გადაყლაპავს.

ალბათ, ასეც უნდა იყოს!

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, უნდა დათმოს თუ არა დედამ შვილი უზრუნველი ცხოვრებისა და პირადი ბედნიერების სანაცვლოდ?