კიდევ ერთი შეწირული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი შეწირული სიცოცხლე

ვეხმაურები წერილს "გზააბნეული კაცი მიყვარდა" და გწერთ ჩემი ახლობლის ამბავს... ნარკოტიკმა მათი ოჯახიც ისევე შეიწირა, როგორც მრავალი სხვა.

ირაკლი თავიდანვე თვალში არ მოსდიოდა ციცის დედას, - სულ ქუჩაში დგას, საეჭვო ბიჭებთან მეგობრობსო, მაგრამ გოგონას მაინც ირაკლიზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ერთი წელი ჩუმად ხვდებოდა, ბოლოს, მშობლების დაუკითხავად, დაჰკრა ფეხი და გათხოვდა.

ირაკლის მატერიალურად ძლიერი ოჯახი ჰქონდა. ბაბუა ცნობილი მეცნიერი იყო. უფროსი და, ტანსაცმლის დიზაინერი, პარიზში გაემგზავრა სასწავლო კურსებზე, იქ ფრანგი შეუყვარდა და დარჩა კიდეც სიყვარულისა და მოდის ქალაქში.

ირაკლი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. ციცის გარეშე ვერ გავძლებ, ცოლად უნდა შევირთოო, - გამოუცხადა ოჯახს და მალე ახალსკოლადამთავრებული გოგო შინ მიიყვანა. მოკლე ხანში ციცი მიხვდა, რომ დედამისს ტყუილად არ აწვალებდა ეჭვები, მაგრამ რაღას იზამდა... საგულდაგულოდ მალავდა ქმრის სიგლახეს. ირაკლი არ მუშაობდა. მამამისმა ხან ნარკოლოგიურში მიიყვანა, ხან მონასტერში გაგზავნა, მაგრამ მოკლეხნიანი შესვენების შემდეგ ისევ თავიდან იწყებოდა გოლგოთა... ოჯახში ვერ ბედავდა გაკეთებას, ამიტომ ყოველდღე კარგი მუშაკაცივით შინიდან დილაადრიან გადიოდა და გვიან ღამე ბრუნდებოდა. მშობლებს უკვე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, მხოლოდ ციცი "ეომებოდა".

ერთხელაც, შემზარავი ამბავი გააგებინეს, - ირაკლი და მისი  ძმაკაცი ერთი კორპუსის სარდაფში მკვდრები იპოვესო. ბიჭებს რაღაც საშინელება გაუკეთებიათ და მაშინვე ცუდად გამხდარან. ერთმა  სარდაფიდან ამოსვლა მოახერხა და ისიც იქვე გათავდა.  იმის ნაცვლად, რომ 25 წლის ბიჭებს ძალა და ენერგია არ დაეშურებინათ სასარგებლო საქმის საკეთებლად, ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას გამოსდგომოდნენ, ნაადრევად, ძალიან უაზროდ მოისწრაფეს სიცოცხლე.

ახლა ციცის და ირაკლის შვილი 6 წლისაა და სჯერა, უცხოეთში წასული მამიკო სულ მალე ჩამოვა, ყველას გაახარებს და რაც მთავარია, პატარა ბიჭს აღარასოდეს მიატოვებს...

ს.ნ. თბილისი