სიკვდილი მოღალატეს! - ანუ დანაშაული სიყვარულის სახელით - კვირის პალიტრა

სიკვდილი მოღალატეს! - ანუ დანაშაული სიყვარულის სახელით

რას იფიქრებდა, თუ ოდესმე ციხეში მოხვდებოდა - მას მკვლელობისთვის ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. რედაქციაში მისი ახლობელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, - ერთმა ქალბატონმა ამბავი უნდა გიამბოთ, სიარული უჭირს და იქნებ შინ გვესტუმროთო... ლიანა თ.-ს ორი წლის წინ რაღაც ინფექცია შეხვდა, რამაც კუნთების დამბლა გამოიწვია. ის ახლა ინვალიდის ეტლში ზის და გარე სამყაროს აივნიდან გასცქერის.

მასთან დეიდაშვილი ცხოვრობს, სწორედ ის, ვინც სტუმრობა გვთხოვა. ერთსაც და მეორესაც შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. ლიანას ორი ქალიშვილი ჯერ კიდევ მაშინ გათხოვდა, როცა დედა ქალთა კოლონიაში იხდიდა სასჯელს. ახლა არც ერთი საქართველოში არ ცხოვრობს. ქეთევანს შეეცოდა მარტო დარჩენილი დეიდაშვილი და მასთან გადავიდა საცხოვრებლად. წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით ჩამოდიან ლიანას შვილები, მერე კი ისევ უბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. სამაგიეროდ, ქეთევანის შვილები მოდიან ხშირად და მათი სტუმრობა ქალებისთვის დიდი სიხარულია.

ლიანა უკვე ექვს ათეულ წელს ითვლის...

"ვერ გადაყლაპა შეურაცხყოფა, რომელიც ქმარმა მიაყენა. ბევრი ტკივილი გამოიარა, თუმცა ახლაც იმას ამბობს, - თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, მაინც ვერ ავუვლიდი გვერდს ღალატს და ისევ იმის სურვილი გამიჩნდებოდა, რისთვისაც დამსაჯესო", - მითხრა ქეთევანმა მანამ, სანამ ლიანა დაიწყებდა თავისი ამბის თხრობას.

ლიანას 20 წლისას უკვე ორი შვილი ჰყავდა. ადრე შეუღლდნენ ის და დავითი, მაგრამ ნაადრევი ოჯახის ტვირთი მხრებზე არ დასწოლიათ - შეძლებული მშობლები ყველანაირად ეხმარებოდნენ. ცოლ-ქმარს კამათი მხოლოდ იმაზე მოსდიოდა, თუკი დავითი ზედმეტად გაერთობოდა მეგობრებთან. სამაგიეროდ, მოგვიანებით, შესარიგებლად, ძვირფას საჩუქრებს არ იშურებდა და სასეირნოდ მიჰყავდა ცოლი. მერე ნელ-ნელა შეიცვალა დავითი. აღარც დაგვიანების გამო წუხდა, არც ვალდებულად თვლიდა თავს, ცოლისთვის ანგარიში ჩაებარებინა.

- ხან დამაგვიანდება შინ მოსვლა, ხან - არა, ხან საერთოდ არ მოვალ და ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდიო, - უთხრა ერთხელ მკაცრად ცოლს. დავითის ასეთი გამოცვლა ძალიან უკვირდა ლიანას, თან სწყინდა, რადგან ქმარი მარტო მას კი არა, შვილებსაც უყურადღებოდ და გულგრილად ეკიდებოდა. მერე რა, რომ არ უჭირდა ოჯახს, ფული ხომ არ არის ყველაფერი?

ერთ მშვენიერ დღეს ლიანას ჩააწვეთეს, - მთელი ქალაქი ლაპარაკობს, რომ შენს ქმარს საყვარელი ჰყავსო. კარგა ხანს დუმდა ქალი, უნდოდა, დავითს ეთქვა სათქმელი, მაგრამ ის ძველებურად აგრძელებდა ცხოვრებას... ისევ ლიანამ წამოიწყო უსიამოვნო თემაზე ლაპარაკი... არ ელოდა ქმრისგან ასეთ რეაქციას - ეჭვიანობით დაავადებული და შეურაცხადი ეძახა ცოლს, თან დაემუქრა, - მეორედ აღარ გამიმეორო ეს სისულელე, თორემ ჩვენი ურთიერთობა დაშორებით დამთავრდებაო.

ლიანამ გადაწყვიტა, კერძო დეტექტივი დაექირავებინა. ულაპარაკოდ ჩაუთვალა იმდენი, რამდენიც დეტექტივმა მოსთხოვა. ერთ კვირაში ქალმა ყველაფერი დაწვრილებით იცოდა, ფოტოებიც ხელთ ჰქონდა. არც გასაღების დუბლიკატის დამზადება გასჭირვებია, რომელიც იმ ბინის კარს ერგებოდა, სადაც საყვარლები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

არა, ამას ნამდვილად ვერასოდეს წარმოიდგენდა ლიანა, რომ ცხელ გულზე ასეთ რამეს ჩაიდენდა. ადრე, როცა მეგობრები ქმრის ღალატზე ჩამოაგდებდნენ სიტყვას, ამბობდა, ასეთ დროს ქალი ქმარს უხმაუროდ უნდა გაეყაროსო... იმას როგორ იფიქრებდა, რომ ქმარს უკან დევნას დაუწყებდა, დეტექტივს დაიქირავებდა, შემდეგ კი რევოლვერს შეიძენდა ქმრისა და "იმ ქალის" მოსაკლავად... პატიმრობის შემდეგ ლიანას არაერთხელ უთქვამს: "ის დღეები რომ მახსენდება, ძველებურად მიპყრობს შურისძიების წყურვილი. ეს ისეთი გრძნობაა, თუ არ გამოცდი, ვერ გაიგებ.

კოლონიაში ყოფნისას და მერეც რამდენიმემ მითხრა: გეპატიებინა, თუკი ოჯახს არაფერი აკლდა, თავმოყვარეობა როგორმე უკან დაგეწიაო... თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს შეურაცხყოფას. დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე კი ერთი ნაბიჯია. იმდენად მიყვარდა დავითი, მისგან ყველაფერს ავიტანდი, გარდა ღალატისა. ჩემი მეტოქე ერთი უნიჭო მსახიობი ქალი გახლდათ, რომელსაც ჩემმა ქმარმა ცხოვრება მოუწყო.

მას 5 წლის შვილი ჰყავდა, ქმართან გაცილებული იყო და სხვის ოჯახს უდარდელად ანგრევდა. მართალია, როგორც მსახიობმა, ვერაფერს მიაღწია, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ქალმა - ყველაფერი მიიღო სხვისი ქმრისაგან: სიყვარული, სითბო, ყურადღება და ფუფუნებაც კი. ის, რაც წესით, მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო, ვერ გავუნაწილებდი სხვას".

...ლიანა თავს დაადგა საყვარლებს. რევოლვერი რამდენჯერმე ისროლა. ქალი მოცელილივით დავარდა ძირს, დავითმა კი ყვირილი ატეხა, - ეს რა ჩაიდინეო?! მისმა ყვირილმა თითქოს გონს მოიყვანა ლიანა, რევოლვერი იქვე მიაგდო და გარეთ გიჟივით გავარდა. იმ დღესვე დააპატიმრეს. არც უარობდა, - რისი ღირსიც იყვნენ, ის მიიღეს, ვნანობ, რომ დავითიც ვერ მოვკალიო... სინანული და ტკივილი მერე მოვიდა, როცა კოლონიაში გადაიყვანეს. ისიც იმიტომ კი არა, რომ კაცი მოკლა და დანაშაული გააცნობიერა... შვილები ენატრებოდა უსაზღვროდ. დავითი გოგონებს უშლიდა დედის ნახვას.

უფროსი ქალიშვილი 18 წლის რომ გახდა, დედას წერილი მისწერა, - ვთხოვდებიო. ორი წლის შემდეგ უმცროსმა მიჰბაძა დას. შვილების ქორწილმა და შვილიშვილების დაბადებამ ლიანას გარეშე ჩაიარა. გული სტკიოდა, რომ ცხოვრება თავის კალაპოტში ისე მიედინებოდა, თითქოს არც არსებობდა. მერე გაიგო, რომ გოგონები უცხოეთში წავიდნენ. ლიანას გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე დავითმაც რუსეთს მიაშურა. გათავისუფლებული დედა მალევე მოინახულეს შვილებმა. ძალიან ემოციური იყო მათი შეხვედრა.

ლიანას არასოდეს დაავიწყდება უმცროსი ქალიშვილის ტკივილით სავსე სიტყვები: - დე, ნუთუ, მამა ჩვენზე მეტად გიყვარდა, რომ შედეგზე არც დაფიქრდი, ისე გადადგი საბედისწერო ნაბიჯიო.  მაშინ ვერაფერი უპასუხა ლიანამ შვილს, ცრემლად დაიღვარა მხოლოდ, თუმცა შემდეგი წლები ბევრს ფიქრობდა ამ კითხვაზე. ბოლოს მიხვდა, რომ მაშინ მართლაც შვილებზე მეტად უყვარდა დავითი, ამიტომაც ვერ აპატია ღალატი და ამიტომაც მიიღო ასეთი შეუბრალებელი გადაწყვეტილება.

ლიანა იმასაც აღიარებს, რომ მკვლელობისათვის მხოლოდ პატიმრობით არ დასჯილა. ის, რომ იგი შვილებისა და შვილიშვილებისგან შორსაა, სულ მათ ნატვრაშია და მძიმედ დაავადდა, ღვთის სასჯელია და მაინც, ისევ იმეორებს: "კარგი იყო, არ ავყოლოდი გულისთქმას, მაგრამ ახლაც არ ვიცი, ის სიტუაცია რომ განმეორდეს, შესაძლოა, იგივე ჩავიდინო. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, მისი ღალატი გაუგონარ და უკიდურეს რამეს ჩაგადენინებს".