ძაღლის "დაწესებული" "მშრალი კანონი" - კვირის პალიტრა

ძაღლის "დაწესებული" "მშრალი კანონი"

თამილა და სოსო 20 წელია, უღელს ერთად ეწევიან. სიხარულიც ბევრი ჰქონიათ და წუხილიც, პრობლემა ხომ - თავზე საყრელი, მაგრამ ქალს ყველაზე მეტად ქმრის სასმლის სიყვარული ანერვიულებდა. დალევდა ერთ-ორ ჭიქას და მერე ყველაფერი თავდაყირა დგებოდა - კაცს ჭკუა ეცლებოდა, ათას სისულელეს სჩადიოდა...

რამდენი არ ეხვეწა თამილა ქმარს - ანტიალკოჰოლური კაფსულა ჩაიდგიო, ბევრჯერ ეჩხუბა კიდეც, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლია. ერთი "არევის" შემდეგ ცოტა ხანს "დადინჯდებოდა", წვეთს აღარ ჩაიკარებდა პირში, მერე კი, ისევ მიეპარებოდა ღვინოს ან არაყს და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. თამილა ერთხანს გაყრასაც ფიქრობდა, მაგრამ მიხვდა, შვილებს აერეოდათ გზა-კვალი, თან ენანებოდა თავისი ნაშრომ-ნაწვალები დასაშლელად. ერთ მშვენიერ დღეს "დაჭკვიანებული" სოსო ეკლესიაში წავიდა (ახლობლებმა ურჩიეს, ეკლესიაში იარე, შენც და შენს ოჯახსაც ეშველებაო) და შინ დაგლეჯილ-დასისხლიანებული დაბრუნდა. საქმე ის გახლავთ, რომ ეკლესიის დარაჯის ბუნჩულა, თეთრი, ბომბორა ნაგაზი მაინცდამაინც სოსოს დანახვაზე გადაირია, უკნიდან მიეპარა და ლამის ფეხი მოაჭამა.

გამვლელ-გამომვლელები საშველად მისცვივდნენ. ხორცგამოგლეჯილ კაცს ურჩიეს, - ახლავე წადი და ცოფის საწინააღმდეგოდ აიცერიო... სოსოს შრატი გაუკეთეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, - ერთი წლის განმავლობაში სასმელს არ გაეკარო, თორემ მოკვდებიო. კაცი ძალიან დაფრთხა,  მართალია, ღვინო უზომოდ უყვარდა, მაგრამ ამ სახიფათო სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლე ღვინის სიყვარულს ამჯობინა. მართლაც, წვეთი რაა, ისიც არ ჩაუკარებია პირში. თამილა დღე და ღამე იმ ძაღლის ლოცვაში იყო. იმ პერიოდში სოსო კარგ სამშენებლო ობიექტზეც გაამწესეს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეებს თითებზე ითვლიდა, კალენდარზე ყოველ გასულ დღეს წითელი ფანქრით შლიდა, ხოლო ის დღე, რომლის შემდეგ მისთვის "ხსნილი" იწყებოდა, განსაკუთრებულად ჰქონდა აღნიშნული - 23 დეკემბერს მზე ეხატა!!!

სხვისთვის იოლად და სასიამოვნოდ გაილია ის ერთი წელი, სოსოსთვის კი - ტანჯვა-წამებით. თამილა ეუბნებოდა, - ხომ შეგძლებია უღვინოდ გაძლებაო... არადა, ვაი, ასეთ გაძლებას. მოკლედ, სოსომ ისევ გაუტია, თამილამ კი იმაზე ფიქრი დაიწყო, სად ეპოვა ისეთი ძაღლი, რომელიც ბარძაყს და ხელს არ მოაჭამდა, მაგრამ კბილს კარგად გაჰკრავდა და დამფრთხალი სოსოც კვლავ "მშრალ კანონს" გამოაცხადებდა. თამილას მშველელად მეგობარი გამოუჩნდა - ჩემს მეზობელს ჰყავს დოგი, დებილი ძაღლი კი არის, მაგრამ პატრონის ნებისმიერ დავალებას ბრწყინვალედ ასრულებსო.

"შეთქმულები" სამშენებლო ობიექტზე ჩაუსაფრდნენ სოსოს. მას უკვე მოესწრო სამ ჭიქაზე მეტის დალევა და ბარბაცით მიუყვებოდა ქუჩას, როცა შავი დოგი გააფთრებული ეძგერა, წააქცია, მკლავში კბილები ჩაასო და შემდგომ ბრძანებას დაელოდა... ორ წუთში პატრონის სტვენა მოესმა, მაშინვე თავი მიანება "მსხვერპლს" და გაიქცა. სოსოს ჯერ ეგონა, - შავი მაჯლაჯუნა მომეჩვენაო, მაგრამ მარჯვენა მკლავს რომ დახედა, მიხვდა, ეს საშინელი რეალობა იყო და კიდევ ერთი წელი მოუწევდა "მშრალად" ყოფნა...

მეორე წელმაც მშვიდად ჩიარა. მესამე ჯერზე თამილამ "თავდამსხმელი" შეცვალა - წვიმაში ერთიანად გალუმპული კნუტი მიიყვანა შინ და რა გასაოცარიც უნდა იყოს, გვარიანად დაკაწრა მთვრალი სოსო. თამილასგან დარიგებულ-დასაჩუქრებულმა ექიმმა სოსოს აუკრძალა ალკოჰოლური სასმელი. უკვე სამჯერ ხართ აცრილი და აღარასოდეს დალიოთ, თორემ მოკვდებითო...

იმ დღიდან ხუთი წელი გავიდა. სოსო გადაეჩვია სმას, ახლა იგი ზღვისპირეთში დიდი მშენებლობის უფროსია, თამილას "ეშმაკობის" ამბავიც იცის, მაგრამ არ ბრაზობს, რადგან "მშრალი კანონის" შემდეგ უკეთესად წავიდა მისი ოჯახის საქმე...