"ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო" - რას წერს პედაგოგი საკუთარ მაგალითზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ?
20-09-2021
"ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო" - რას წერს პედაგოგი საკუთარ მაგალითზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე ?
მწერალი, მასწავლებელი, 4 შვილის დედა მაია სარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც მრავალშვილიაონობის თემას და ამ თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ეხმაურება:

"რას აჩენდი ამდენს?
მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, რა ძალიან მეშინია, როცა ვინმე მრავალშვილიან დედაზე ამბობენ: რას აჩენდა ამდენს, თუ რჩენა არ შეეძლოო? ჩვენ იმედად აჩენდაო? რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, რომ მართლები არიან, მაინც მეშინია… შესაძლოა იმიტომაც, რომ დაახლოებით იგივე გამოვიარე თავად.
ახლობლების თუ შორებლების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებული
იყო ჩემი მესამე და განსაკუთრებით მეოთხე ფეხმძიმობით. ისიც უთქვამთ, ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო. იმდენად დამფრთხალი ვიყავი, მეოთხეჯერ რომ დავფეხმძიმდი, ვმალავდი, ვიდრე 5 თვის არ გავხდი და მუცელი ძალიან არ დამემჩნა.
მესმის, ვინც წუხდებოდა ჩემი ყოველი მომდევნო დაფეხმძიმების გაგებით, მხოლოდ
სიყვარულით მოსდიოდათ, ზრუნვით და საერთოდ არ მაქვს მათი მძიმე სიტყვები თუ მძიმე მზერა გულში შემონახული, მაგრამ დანაშაულის განცდა დღემდე მომყვება. არ ვიცი, რა დანაშაულის, მაგრამ მრცხვენია ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ქმრის თავგანწირული შრომა თუ ფულის გამომუშავების ჩემი უმწეო მცდელობები მაინც არ არის ხოლმე ზოგჯერ საკმარისი და ვინმესგან თანხის სესხება გვიწევს. ამ დროს სულ ეს წინადადება გადამეჭირება ხოლმე დამსახურებული როზგივით: რას აჩენდი ამდენს?
დიახ, ერთმა გასაცოდავებულმა ქალმა გააჩინა 4 შვილი და მეხუთესაც აპირებდა, მაგრამ დაიწვნენ. ყველანი. რატომ აჩენდა ამდენს? არ ვიცი. ამბობენ გონებაშეზღუდული იყო ეს დედაო, პრობლემები ჰქონდაო. პატრიოტიზმის გამო სულაც არ გაუჩენიაო. დაბალი დონის მაჩვენებელია, ქალი რომ თავს ვერ იცავს ამდენჯერ დაორსულებისგანო. როგორც ყოველთვის, უამრავ რამეს ამბობენ ისინი, ვინც მარად მართალია და ხილული თუ უხილავი მტკიცებულებები და ფაქტები მათ მხარეს ამყარებენ, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, ძალიან მეშინია ამ წინადადებების:
რას აჩენდა ამდენს?
ჩვენს იმედზე აჩენდა?
დიახ, წესით, ჩვენ ყველანი ერთმანეთის იმედით ვიბადებით და ვარსებობთ ამ არც თუ ისე მხიარულ სამყაროში. დიახ, ჩვენ იმედზე იყო მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ და თუ მაინცადამაინც რამე სამაგიეროს ველოდით მისგან, ეს მისი შვილების თვალები იყო და მათი პატარა გულები. კიდევ 5 წყვილი სუფთა თვალის არსებობა ამ ჩვენს სასოწარმკვეთად გასაცოდავებულ და დაცოტავებულ ქვეყანაში ცოტაა?
ზოგჯერ მინდა ვთქვა: მე თქვენ არავის გელაპარაკებით, საერთოდ არავის! ვთქვა და სამუდამოდ დავმუნჯდე, მაგრამ მარტო არა ვარ. 4 შვილი მყავს. ამიტომ ვერსადაც ვერ წავალ. ვიქნები ამ გულების გადამაქვავებელ საზარელ სამყაროში. ვიქნები სულ სხვა მზის ამოსვლის მოლოდინით. ვიქნები, ვიდრე გავძლებ!"- წერს მწერალი სოციალურ ქსელში. (წყარო)


22 სექტემბერი 2021 23:23
თქვენ შვილებს გაუმართლათ რომ ასეთი ძლიერი და სიღრმისეულად მოაზროვნე დედა ჰყავთ, წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი
ნელი კამკამიძე
21 სექტემბერი 2021 16:30
შენ გაიხარე დაგაგიმრავლდეს შენი შვილებით შენ გმირი ხარ და ვინც ეს არ იცის სცხვენოდეს იშას
მალხაზი
21 სექტემბერი 2021 15:21
დიდებულო ქალბატონო შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი თქვენ და თქვენს შვილებს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები