"მონადირე" დედიკოები და ბედის მაძიებელი ქალიშვილები
"მონადირე" დედიკოები და ბედის მაძიებელი ქალიშვილები
ბედი უცნაური რამაა, მეოცნებე გოგონები ზოგჯერ ისეთ ვინმეს გადაეყრებიან, თავბედს იწყევლიან. ზოგი ეგუება უღირს ქმარს, ზოგიც უკანმოუხედავად გამორბის ოჯახიდან... არადა, ყველა დედას სურს, თავისი ქალიშვილი კარგ ბედში ჩავარდეს, ჰქონდეს უზრუნველი ცხოვრება და გვერდს უმშვენებდეს ღირსეული მამაკაცი... ხშირად დედები შვილებთან ერთად იბრძვიან სასურველი სასიძოს მოსაპოვებლად.

თავის დროზე ნინომაც ასე შექმნა ოჯახი. გარეგნობით ვერ დაიკვეხნიდა, მის მეგობრებს  ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, მას კი - არც ერთი. არადა, ერთი ბიჭი  უყვარდა ძალიან. იმდენი იბრძოლა,
ის ბიჭი მოგვიანებით მისი ქმარი გახდა, მაგრამ მანამდე არაერთი ღამე გაუთენებია გოგიზე ფიქრით... მერე დედამისმა გაიკითხ-გამოიკითხა სასიძოს ამბავი. კარგი ოჯახიშვილია, მაგრამ მას უკვე ჰყავს საცოლეო, - უთხრეს. ჩაეღიმა ქალს, - ვნახავთ, ვის მოიყვანს გოგი ცოლადო და დატრიალდა... ნინოს მეგობრების დაპატიჟებას მიჰყო ხელი.
ხან ტკბილი სუფრა, ხან ხინკალი, ხან აგარაკზე წვეულება არ მოაკლო შვილის ამხანაგებს, რომელთა შორის გოგიც იყო და... ერთ მშვენიერ დღეს, როცა ახალგაზრდები  გვიან დაიშალნენ, ნინოს დედამ დაიჩემა, -  გოგი ნასვამია და ვერ დავსვამ საჭესთან, დარჩეს ამაღამ ჩვენთან, თქვენ კი (შვილის მეგობრებს მიუბრუნდა) მის მშობლებს გააგებინეთ, რომ უსაფრთხო ადგილას არისო. გოგის მართლა არაფრის თავი არ ჰქონდა და "უსაფრთხო ადგილას" ჩაეძინა...

დილით გვერდით თვალცრემლიანი ნინო დახვდა. იმ დღიდან 25 წელი გავიდა. ნინოს და გოგის ორი შვილი შეეძინათ - საბა და თიკა. ვაჟმა ადრე შეირთო ცოლი და გოგის მშობლების დანატოვარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, გოგონაზე კი ადრეული ასაკიდან დაიწყო დედამ ზრუნვა. თიკა  დედას დაემსგავსა - დაბალი და ჩასკვნილი. როცა გოგონა დაიწუწუნებდა, რატომ გავჩნდი ასეთი შეუხედავიო, დედა არიგებდა: - ნუ დარდობ,  თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა,  ერთად ვიბრძოლებთ მის ხელში ჩასაგდებადო...

მეცხრე კლასში იყო თიკა, თანაკლასელი რომ შეუყვარდა, მაგრამ ბიჭი ზედ არ უყურებდა. დედას გაენდო და რჩევაც სთხოვა. ქალმა არჩევანი დაუწუნა: ამ ბიჭისთვის არც ღირს ნერვიულობა, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახიდან არის, აქეთ შემოგვაჩერდება ხელებში, მთელი სიცოცხლე გაიტანჯები, ასე რომ, დაივიწყეო... და თიკამაც დაუჯერა. არ გასულა დიდი დრო და დედამ შვილს თავისი გეგმა გააცნო: ჩვენი მეზობლების, სხირტლაძეების ბიძაშვილი, თემო, კარგი სასიძოა. როცა მამიდაშვილებს ესტუმრება, შენც შედი და შეათვალიერე. თემოს ბიძა კანადაში ცხოვრობს, ბიჭის ოჯახიც ძლიერია, თვითონაც ბანკში მუშაობს. მერე რა, რომ ჯერ არ გაქვს სკოლა დამთავრებული. თუ მოახერხე და მისი გული მოინადირე, სწავლასაც დაგიფინანსებენ და არც არაფერს მოგაკლებენ. აბა, შენ იციო...

კვიცი რომ გვარზე ხტის, ხომ გაგიგიათ? თიკას დედის ალღო აღმოაჩნდა. იმდენი ქნა, ბიჭმა ყურადღება მიაქცია, მერე ბარში დაპატიჟა, მერე ქალაქგარეთ... ცოტა ხანში თემომ თავისიანებს გამოუცხადა, -  პატარა გოგო შემიყვარდა და სკოლას როგორც კი დაამთავრებს, ცოლად უნდა შევირთოო. გაგიჟდნენ თემოსიანები, აქეთ მამიდა აიფოფრა -  მეზობლები კი არიან და კარგი ურთიერთობაც მაქვს მათთან, მაგრამ ჩემი ძმისშვილისთვის უკეთესი მინდოდაო. შეყვარებული (ან იქნებ მოჯადოებულ-მონუსხული) ბიჭი ესპანეთში გაუშვეს დასასვენებლად - ეგებ დაივიწყოს ეს პატარა, მაგრამ ძალიან მარჯვე გოგოო. თემო წარამარა ურეკავდა თიკას. როცა გოგომ ტირილით უთხრა, - უშენოდ მოვკვდებიო, 5 დღით ადრე ჩამოვიდა მადრიდიდან.

თიკას გარეშე ვერ ვიცოცხლებო, - გამოუცხადა თავისიანებს თემომ და მათაც ჩაიქნიეს ხელი.
თიკამ სკოლა წელს დაამთავრა. ნიშნობა უკვე ჰქონდათ. მისაღებ გამოცდებს მორჩება თუ არა, ჯვარს დაიწერენ, სამოგზაუროდ წავლენ ევროპაში და სექტემბერში ქორწილსაც გადაიხდიან...

რომ არა გამოცდილი "მონადირე" დედიკო, თიკა ასეთ ბედში ვერ ჩავარდებოდა. ნინოს დევიზი კი ასეთია: საკუთარ ბედ-იღბალს ადამიანი თავად ჭედავსო!..
რა ვიცი, იქნებ არის ამაში სიმართლის მარცვალი...
ninia
27 დეკემბერი 2011 15:27
მდააააააააა..........სიტყვები არ მყოფნის .:)))))))))
nodo
08 სექტემბერი 2011 14:46
რა მარაზმია........
nana
21 ივლისი 2011 16:58
ჩემი აზრით, კაცი რომელსაც ქალი მართლა ასე ,,გამოიწერს", როგორც კატალოგიდან ვიწერთ ხოლმე რამეს, არც ღირს რაიმედ. ფიტულიაა უბრალოდ.... ან მარიონეტი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ასეთი კაცები მონადირე ქალებს, ისე კი ვურჩევდი, რომ ნადირობას შეეშვან, რადგან მსხვერპლი ყოველთვის ცდილობს გაქცევას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები