როცა სხვისი ბედნიერება არ გახარებს - კვირის პალიტრა

როცა სხვისი ბედნიერება არ გახარებს

ვეხმაურები წერილს "შურით დასამარებული შესაშური მეგობრობა"... მეც მეგობარმა მიღალატა. სულხან-საბას თავის ლექსიკონში კარგად აქვს განმარტებული: "შური არს მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა". ყველაფერი ნათელია. მაგრამ ადამიანი უნდა შეებრძოლოს ქვენა გრძნობებს.

მე და ლელა უმაღლეს სასწავლებელში დავუახლოვდით ერთმანეთს. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. გამოცდებისთვის ჩემთან ვემზადებოდით ხოლმე. დრო რომ გავიდა, დედაჩემმა მკითხა, - ლელასთან სახლში თუ ყოფილხარო. მას არასოდეს დავუპატიჟებივარ თავისთან. გამომიტყდა, - დედა გათხოვდა, საქართველოში არ ცხოვრობს, დედინაცვალთან კი არ მაქვს კარგი ურთიერთობაო. შემეცოდა, მერე აღარაფერს ვეკითხებოდი. ვატყობდი, ძალიან განიცდიდა თავის ოჯახურ მდგომარეობას. ალბათ, ამიტომაც იყო ასე მონდომებული, მიზანდასახული და შრომისმოყვარე. დღე და ღამეს ასწორებდა, რომ ყველა საგანი კარგად ჩაებარებინა.

ბიჭებთან არ მეგობრობდა, არ უყვარდა მათთან ურთიერთობა. ერთხელ მე უმაღლესი ქულა მივიღე ერთ-ერთ საგანში, მან კი ერთი ქულით ნაკლები. მაშინ პირველად შევატყვე, რომ ჩემი წარმატება არ გაუხარდა. მოგვიანებით, როცა დაფიქრდა თავის საქციელზე, საჭიროდ ჩათვალა, აეხსნა: განა ის მეწყინა, შენ რომ მაღალი ქულა მიიღე, მე რომ არ შემიფასეს ცოდნა სათანადოდ, იმაზე დამწყდა გულიო.

არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა, მაგრამ მას მერე ვატყობდი, ლელას ჩემი ბევრი რამ შურდა: გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ახალი ჩასაცმელი, თაყვანისმცემლები და რა ვიცი... მეორე მეგობარმა ლელას ეს თვისება მალევე შეამჩნია და მირჩია, გულს ნუ გადაუშლი და ეცადე, ნელ-ნელა ჩამოსცილდე, თორემ ადრე თუ გვიან ინანებო. ბოლო ხანს ვატყობდი, რომ არ სიამოვნებდა, როცა ჩემს თაყვანისმცემლებზე ველაპარაკებოდი.

ბოლო კურსზე გაცვლით სასწავლო პროგრამაში ჩავერთეთ, ამერიკაში ერთი წლით უნდა წასულიყო ჩვენი სასწავლებლის ყველაზე წარმატებული სამი სტუდენტი... მოკლედ, ლელამ ყველაფერი გააკეთა, რომ იმ სამეულში მოხვედრილიყო. ერთ-ერთი სამთაგანი ჩემი თაყვანისმცემელიც გახლდათ. ამერიკიდან გიო და ლელა შეყვარებულები ჩამოვიდნენ, რამდენიმე თვეში კი დაქორწინდნენ. ვერ გეტყვით, რომ მათი ბედნიერებით სიხარულით ფრთები გამომესხა-მეთქი... ზოგი იტყვის, შენც ხომ შეგშურდა მეგობრისო, მაგრამ მას რომ მაქინაციებით არ ჩაეგდო ხელში გასამგზავრებელი საბუთი და გიოსთანაც რომანი არ გაეჩაღებინა, მისი წარმატება და ბედნიერება ნამდვილად გამახარებდა. მაშინ კი ტკივილის მეტი ვერაფერი ვიგრძენი და კარგა ხანი დამჭირდა ამის მოსანელებლად.

ამის შემდეგ ლელას თავი ისე ეჭირა, თითქოს მე ვატკინე გული, ჩემთან ურთიერთობა შეწყვიტა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის ქმართან ერთად უცხოეთში წავიდა. მე კი აქ დავიწყე მუშაობა. მალევე გავთხოვდი. ცოტა ხანში გავიგე, ლელა და გიო გაშორდნენო. ლელა იმდენად ამბიციური იყო, გიოსნაირი ბიჭი ვერაფრით იგუებდა...

ანა, თბილისი