მოულოდნელი სიხარული - შვილი გამომიჩნდა, საკუთარი სისხლი და ხორცი - კვირის პალიტრა

მოულოდნელი სიხარული - შვილი გამომიჩნდა, საკუთარი სისხლი და ხორცი

ისე უცებ გაფრინდა წლები, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. ვცხოვრობდი ლაღად, მდიდრულად, ბოჰემურად - დიდი ქონება დამიტოვეს მშობლებმა. მიუხედავად დროს ტარებისა, არ გამინიავებია. მეც კარგ ადგილას ვმუშაობდი, მერე ბიზნესს მივყავი ხელი...

ერთი სიტყვით, არასოდეს მიჭირდა. რომანებიც და თავგადასავლებიც არ დამკლებია. ხომ იცით, როცა კაცს ფული ბლომად აქვს და გარეგნობითაც არა უშავს, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მეც კმაყოფილი ვიყავი. საუკეთესო მეგობრები მყავდა და მყავს. ზოგი ძალიან აქტიურობდა, ზოგიც ზედმეტი ჩიჩინით არ მაწუხებდა, მაგრამ ყველას უნდოდა ჩემი დაოჯახება. მე კი ყურს არავის ვუგდებდი. გონს რომ მოვედი, მივხვდი, რა ფუჭი ყოფილა კაცის სიცოცხლე უშვილძიროდ.

სადაცაა, 60 შემისრულდება, მყავს დისშვილები, უახლოესი მეგობრის შვილები, მაგრამ საკუთარი რომ არ მყავდა - გულს მიკლავდა...

და იცით, რა უცნაური და უსაზღვროდ  სასიხარულო ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში? - შვილი გამომიჩნდა, საკუთარი სისხლი და ხორცი.. ქალი, რომელიც ერთხანს მიყვარდა, ბათუმში ცხოვრობდა (წლების წინ ბიზნესის გამო ხშირად მიწევდა ბათუმში ყოფნა); როცა მითხრა, ბავშვის გაჩენა მინდაო, ცივი უარი ვუთხარი, ფულის დასტა დავუტოვე და მისკენ აღარც გამიხედავს. არადა, თბილი და მომხიბვლელი ქალი იყო, ბევრს მოსწონდა. მე კი ეშმაკი მყავდა შეჩენილი - არ მინდოდა ცოლი და მორჩა. ციცის აღარ შევუწუხებივარ. დარწმუნებული ვიყავი, აბორტს გაიკეთებდა.

ჩემმა მეგობარმა ჯაბამ კი, ამ რამდენიმე თვის წინ, ბათუმში ყოფნისას, როცა ერთ ოჯახში წვეულებაზე მოხვდა, ციცი იცნო. ციცის ახლდა ძალიან ლამაზი, 19 წლის გოგონა, რომელიც ჯაბამ მე მიმამსგავსა. ციცის გამოელაპარაკა და ყველაფერი გაირკვა. გაგიჟდა ჯაბა, იმდენი ქნა, ციცი დაიყოლია ნათიას თბილისში გამოშვებაზე და ძმაკაცი ჩემს შვილთან ერთად შინ მომადგა. რა დამემართებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ.

გადავწყვიტე, ჩემი დიდი სიხარული თქვენთვის გამეზიარებინა. მე ახლა მშვენიერი გოგონა მყავს და უბედნიერესი კაცი ვარ.

ყველაფერი მისთვის მინდა და რასაც მოისურვებს, არაფერს მოვაკლებ.

გ. სახვაძე, თბილისი