მითი და რეალობა ნამზეურზე - კვირის პალიტრა

მითი და რეალობა ნამზეურზე

გიყვართ გარუჯვა, მაგრამ გარშემომყოფები გირჩევენ საათობით არ გაჩერდეთ მზეზე, ზომაზე მეტად არ გაშავდეთ, დასხივება არ მიიღოთ და ა.შ. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რამდენად სასარგებლოა ნამზეური და შეიძლება თუ არა ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

ამბობენ, რომ D ვიტამინს ორგანიზმი მხოლოდ ნამზეურის მიღების დროს იღებს, ის კი აუცილებელია ორგანიზმისთვის.

- არ არის აუცილებელი საათობით მზეზე წოლა იმისათვის, რომ ორგანიზმმა D ვიტამინი მიიღოს. ამისთვის უბრალოდ მზიან ამინდში გასეირნებაც საკმარისია.

კანმა შოკოლადისფერი რომ მიიღოს, ამისთვის სისტემურად უნდა გაირუჯოთ.

- ნამზეურის ფერს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათგან უმთავრესია მელანინის რაოდენობა ორგანიზმში. მელანინი ორგვარია: ფეომელანინი (ყვითელი) და ეუმელანინი (ყავისფერი და შავი). ნამზეურის ფერსაც სწორედ ეს სახეობები განსაზღვრავენ.

ამბობენ, რომ ამა თუ იმ პროდუქტების მიღება ხელს უწყობს ნამზეურის მიღებას.

- თუ გსურთ, კარგად გაირუჯოთ, რაციონი გაამდიდრეთ C, A, E ვიტამინის შემცველი პროდუქტებით. პლაჟზე გასვლის წინ სასურველია სტაფილოს წვენის დალევა.

ამბობენ, რომ ნამზეურის მიღება და ზღვაში ბანაობა ციკლის დროს არ შეიძლება.

- ციკლის დროს ზღვაში შესვლა მართლაც არ არის სასურველი, რადგან ამ დროს ქალის ორგანიზმში ადვილად აღწევს ინფექციები. ნამზეურის მიღება შეიძლება, მაგრამ დიდხანს მზეზე ყოფნა არ გარგებთ. გადით თორმეტ საათამდე და ოთხი საათის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადებების რისკი იზრდება.

ამბობენ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები ხელს უშლის ნამზეურის მიღებას.

- მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება აუცილებელია. ამ დროს ნამზეურს იღებთ ნელა და ის უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ.

მთაში უფრო სწრაფად ირუჯები, ვიდრე ზღვაზე.

- მთაში მზე უფრო მწველია, ვიდრე ზღვაზე. ამიტომ, იქაც აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება. დამცავი საშუალებების ყიდვის წინ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას. ისინი თქვენი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ. სახის კანისთვის ცალკე დამცავი იყიდეთ.

პლაჟზე აუცილებლად თავზე უნდა გეფაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ თავის კანის დამწვრობა მიიღოთ.

ჟურნალი ”...და ქალი”