როგორც მოვა, ისე წავა, წავა თავისთავადა...
ნათქვამია, სიყვარულს რას გაუგებო... მართლაც, ზოგისთვის სიყვარული ზვავივით წამოვა, ზოგისთვის კი პირველი თოვლივითაა.
ჩემი მეგობარი ბიჭების სასიყვარულო კურიოზები მინდა გიამბოთ და ცოტა გაგახალისოთ...

ჯაბა, კახა და დათო ჩემი კლასელები არიან. 6 წლის წინ დავამთავრეთ სკოლა, მაგრამ მეგობრობას დღემდე ვაგრძელებთ და ამით ძალიან ვამაყობთ.
ჯაბას იცით, როგორ შეუყვარდა ლიკა? მითხრა, - მისმა სიარულის მანერამ მომხიბლა, შემთხვევით დავინახე ქუჩაში და ისეთი ეშხიანი იყო, კარგა ხანს ვერ მოვწყვიტე თვალიო. მერე გასდევნებია უკან და
15 წლის ლიკა ტანვარჯიშის დარბაზში რომ შევიდა, მიხვდა, სპორტსმენი შეჰყვარებოდა. კარგა ხანს ჩუმად უთვალთვალებდა, - ისეთი ჰაეროვანი და მოქნილია, ისე ლამაზად გამოსდის ყოველი მოძრაობა, რომ ლამისაა გავგიჟდეო. მათი უთიერთობა ოჯახის შექმნით დამთავრდა და ახლა 2 წლის საბა ჰყავთ.

კახამ გოგონა, რომელსაც კარგა ხანს დასდევდა კუდში,
იმიტომ გადაიყვარა, რომ სუფრასთან მის ჭამას უყურა, არ მოეწონა და გადაწყვიტა, აღარ შეხვედროდა. მეორე დღესვე გამომიცხადა, მაიასკენ გამხედავი არ ვარო. რამდენი არ ვეჩიჩინე, - ასე არ შეიძლება, ამ წვრილმანის გამო ზურგი როგორ უნდა შეაქციო-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, თქვა და გაათავა!

დათოს ეკას სიყვარული კი მაშინ დაეტაკა, როცა მისი სიმღერა მოისმინა. ეკა ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ხმა აქვს. საკმარისია, დაიწყოს სიმღერა, რომ ძალიან მომხიბვლელი ხდება. სიმღერა ასე ალამაზებდეს ადამიანს, პირველად ვხედავ. დათო იმ "მოსმენის" შემდეგ მთვრალივით დადიოდა და ამბობდა, - ან ის იქნება ჩემი ცოლი, ან არავის შევირთავო. მათი ურთიერთობაც კარგად დასრულდა. ახლა ჯვარს იწერენ.
ეს წერილი კი, რითიც დავიწყე, იმითვე მინდა დავასრულო: დიახ, სიყვარული თუ გესტუმრათ, არავინ იცის, რას იზამთ. რა თქმა უნდა, დიდი გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ თუ რაიმე მიზეზმა გული აგიცრუათ ძვირფას ადამიანზე, როგორც გესტუმრათ, ისევე წავა, ვეღარავინ და ვერაფერი დააბრუნებს.

ნატო დუმბაძე, თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები