”ოპერაცია მარის” ტრაგიკული დასასრული - კვირის პალიტრა

”ოპერაცია მარის” ტრაგიკული დასასრული

სამი ვაჟის შემდეგ, როცა ქეთევანსა და გიორგის ნანატრი ქალიშვილის შეძენის იმედი გადაეწურათ, სწორედ მაშინ მოუვლინა ღმერთმა მეოთხე შვილი. სიხარული იმდენად მოულოდნელი იყო, რომ კარგა ხანს არც სჯეროდათ...

ღვთისმშობლის მიძინების წინადღეს გაჩნდა გოგონა და, რაღა თქმა უნდა, მარიამი დაარქვეს. მაშინ უფროსი ვაჟი 18 წლის იყო, უმცროსი კი 14-ის. პატარა მარიამმა ოჯახს რომ დიდი სიხარული მოუტანა, უფროს-უმცროსიანად ყველას გოგონას სახელი ეკერა პირზე. "მარიმ პირველი სიტყვა თქვა... მარიმ გაიარა... მარიმ იეშმაკა", - ყოველი დღე გოგონათი იწყებოდა და მთავრდებოდა. ქეთევანს სამსახიობო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ხანდახან ეპიზოდურ როლებსაც თამაშობდა ხოლმე. ხუმრობდა, - ჩემი მთავარი "სცენა" ოჯახია, შვილები - ყველაზე საყვარელი "გმირებიო". ხანდახან ფილმებშიც გაიელვებდა, მარის გაჩენის შემდეგ ყველაფერს თავი დაანება... 6 წლის იყო მარი, მუშტაიდის ბაღში სეირნობისას ცოლ-ქმარს ბოშა რომ გამოეკიდა - ფული მომე და გიმკითხავებო. ვერ მოიშორეს თავიდან. გიორგიმ ხურდა ჩაუყარა მუჭში, - აჰა და თავი დაგვანებეო.

ქალმა ჯერ დედას უყურა, მერე გოგონას მიაჩერდა და სახე მოეღრუბლა - ამ ბავშვს მიხედეთ, დიდი განსაცდელი ელისო. გუნება წაუხდა ქეთევანს, გიორგის კი ეს სასაცილოდ არ ეყო. დაღონებულ ცოლს ეხუმრებოდა, - მკითხავმა ანკესზე როგორ წამოგაგოო.

მარის თაყვანისმცემლები სკოლაშივე მოუმრავლდა. მშობლები მიხვდნენ, რომ ასეთი ქალიშვილის პატრონებს ათმაგად უნდა ეფრთხილათ და გოგონას მარტოს აღარსად უშვებდნენ. ძმები კი ლამაზ დაიკოს მცველებივით გვერდში ედგნენ.

ტრაგიკული ამბავი ოთხი წლის წინ მოხდა. მარის 16 წელი შეუსრულდა. დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა. იყო უამრავი თაიგული და საჩუქარი, რომელიც უცნობ-ნაცნობმა თაყვანისმცემლებმა გამოუგზავნეს... მალე ზაფხულიც დადგა და ქეთევანმა მარი და მისი ორი მეგობარი ბათუმში წაიყვანა დასასვენებლად. იქ ბინა ჰქონდათ. მარის ძალიან უყვარდა იქაურობა, დედას ეხვეწებოდა ხოლმე, ბათუმში გადავსახლდეთო. ზაფხულობით კი სიამოვნებით მიდიოდა დასასვენებლად.

...გოგონები დროს კარგად ატარებდნენ და ქეთევანსაც ამხიარულებდნენ, შვილის მეგობრებთან ასაკიც კი ავიწყდებოდა.

საღამოობით მათთან ერთად სეირნობდა. დილით არ მიჰყვებოდა ზღვაზე, მიაჩნდა, რომ არაფერი იყო საშიში. გოგონები 1-2 საათს დაყოფდნენ სანაპიროზე, შემდეგ რომელიმე კაფეში ან ბუნგალოში დასხდებოდნენ. თბილისში უფრო ეშინოდა ქეთევანს მარის მარტო გაშვებისა, ვიდრე ბათუმში. იმ წელს კი მარის უიმედოდ შეყვარებული ბიჭი გაჰყვა უკან. ბერდო 20 წლის იყო, მან ჯერ კიდევ მაშინ დაადგა გოგონას თვალი, როცა ის მეხუთე კლასში იყო. გოგონა რომ გაიზარდა და დამშვენდა, ბიჭს მთლად გადაეკეტა ჭკუა. თუ გაიგებდა, მარი მავანს უყვარსო, საქმეს ურჩევდა. იყო ერთი ცემა-ტყეპა და ორომტრიალი. მარი და მისი მეგობრები ამ ამბებით ძალიან ხალისობდნენ, ქეთევანს კი ეშინოდა და შვილს აფრთხილებდა,   - იმ თავზე ხელაღებულს ახლოს არ გაეკაროო. ბერდო უკვე სტუდენტი იყო. უნივერსიტეტში მკაცრი დისციპლინა იყო და ლექციებს ვერ აცდენდა, ამიტომ უბნელ ბიჭებს სთხოვდა, მარის ყურადღება მიაქციეთო. გოგო რომ პირს არ უჩვენებდა, თანდათან გაგულისდა და დაიქადა, - მოვიტაცებ და მერეც ამიწიონ ცხვირი მისიანებმაო...

ბათუმში მარის მეზობლად დაიქირავა ბინა, თავისი გეგმა ძმაკაცებს გაანდო. ბიჭები ხუთი დღე შორიდან უთვალთვალებდნენ გოგონებს, კარგად შეისწავლეს მათი დღის განრიგი... მოკლედ, ბიჭებმა მარის მოტაცება და ზუგდიდის რაიონის ერთ სოფელში, ბერდოს ძმაკაცის ბებია-ბაბუასთან წაყვანა გადაწყვიტეს. მართალია, ბიჭები ნერვიულობდნენ, ამბობდნენ კიდეც, - ცალი ფეხი ციხეში გვაქვსო, მაგრამ შეყვარებულ ბიჭს რას შეაგნებინებ? "ოპერაცია მარის" დილით ჩატარება გადაწყვიტეს. სანამ დედამისი ქვეყანას შეყრის, ჩვენ უკვე ზუგდიდში ვიქნებითო.

ჯერ მარის მეგობრების გატაცებაც უნდოდათ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს - დღისით-მზისით სამი გოგოს წაყვანა არ იყო იოლი საქმე, ხარჯიც მეტი იქნებოდა და დავიდარაბაცო. იმ დილას ბერდო და მისი ძმაკაცები ექვსი საათიდან უთვალთვალებდნენ გოგონებს. ისინი რვის ნახევარზე გამოჩნდნენ და ზღვისკენ წავიდნენ. სანამ სანაპიროზე გავიდოდნენ, მანამდე უნდა ემარჯვათ, თორემ მერე გაჭირდებოდა გაძალიანებული და აკივლებული გოგოს მანქანამდე მიყვანა. მანქანა მოწყვეტით გააჩერეს გოგონებთან. სამი ბიჭი მარის ეცა, პირზე ხელი ააფარა და მანქანაში უკრა თავი. მარის მეგობრები მერეღა მოვიდნენ გონს, როცა მანქანა თვალს მიეფარა. წივილ-კივილით გაიქცნენ სახლში, რომ ქეთევანისთვის ეს ამბავი დროულად ემცნოთ. თავზარდაცემულმა ქალმა მაშინვე პოლიციას შეატყობინა ეს ამბავი, შემდეგ თბილისში დაურეკა ქმარს და შვილებს...

ამასობაში კი მანქანა ზუგდიდისაკენ მიქროდა. მარი აღარ კიოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. რას იფიქრებდა, თუ ბერდო ამას გაბედავდა, მაგრამ სიყვარულით თავგზაარეული ადამიანისგან თურმე ყველაფერი მოსალოდნელი ყოფილა. ბერდო სიყვარულს ეფიცებოდა, ჰპირდებოდა, ხელისგულზე გაცხოვრებო, ჩემთან ბედნიერი იქნებიო, მაგრამ მარის თითქოს არაფერი ესმოდა... ორ საათში მოიღრუბლა, მთებში იჭექა და მოქუფრული ციდან თავსხმა წვიმა წამოვიდა. მძღოლს სისწრაფე არ შეუნელებია. უცებ თავაწყვეტით მომავალი სატვირთო მანქანა გამოჩნდა, დამუხრუჭება ვერც ერთმა მოასწრო... გაისმა საშინელი დაჯახების ხმა. მანქანა ორჯერ გადატრიალდა და ხრამში გადავარდა. სატვირთოს მძღოლიც ერთიანად სისხლში ცურავდა, მაგრამ ცოცხალი იყო. ხრამიდან ამოყვანილი მანქანის მგზავრთაგან არც ერთს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

..."ოპერაცია მარი" ტრაგიკულად დამთავრდა...