სხვისი შვილები - კვირის პალიტრა

სხვისი შვილები

ნატა და რეზო სიყვარულით შეუღლდნენ. ალბათ, ძალიან ბედნიერად ჩათვლიდნენ თავს, რომ არა უშვილობა. შეუღლებიდან 7 წლის მერე ბინა გაყიდეს. მეზობლებს

უთხრეს, მოსკოვში მივდივართ, იქაურ სამედიცინო კვლევის ცენტრში ჩვენი ანალიზის პასუხები გავგზავნეთ და შემოგვითვალეს, ჩამოდითო. დიდი ფული სჭირდება მკურნალობას, ამიტომაც გავყიდეთ ბინაო.

ცოლ-ქმარი თბილისში ორი წლის შემდეგ დაბრუნდა, თან 5 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა ჩამოიყვანეს. ბინა კი ძველი საცხოვრებლიდან საკმაოდ შორს, სხვა უბანში იყიდეს...

ვერავინ გაიგებდა ალბათ, საიდან გაჩნდნენ რეზოს და ნატას ცხოვრებაში ეს პატარები, ნათესავს რომ არ მოეთხრო მათ შესახებ:

რეზოს 16 წლიდან უყვარდა ნატა. სკოლა რომ დაამთავრა, ნოვოსიბირსკში გაამწესეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად. თავდაპირველად, ნაწილში მარტო ის იყო ქართველი და როგორც მაშინდელ საბჭოთა ჯარში ხდებოდა, უმრავლესობამ უმცირესობის დაჩაგვრა მოინდომა. "სტარიკები" წამდაუწუმ მის დამცირებას ცდილობდნენ, ხან რას ავალებდნენ, ხან - რას. მაგრამ რეზო აინუნში არ აგდებდა მათ ბრძანებებს. ამიტომ ხშირი იყო ჩხუბი. რეზოს გვერდში მხოლოდ ჩელიაბინსკელი საშა დაუდგა და თავისიანები გაამტყუნა, - რა წესია, ამდენი ერთს რომ უბაგუნებთო.

სამ თვეში ახალი ნაკადი მოვიდა ნაწილში, სადაც 4 ქართველი იყო. მაშინვე შეიკრა ქართველთა ჯგუფი, რომელშიც ერთი რუსი - საშა ერია მხოლოდ. ამიერიდან ვერავინ უბედავდათ დაჩაგვრას. უფროსობასაც კი რაღაცნაირი რიდი გაუჩნდა მათ მიმართ. ორი წლის განმავლობაში საშას, რეზოს და დანარჩენი ქართველების ურთიერთობა ძალიან გაღრმავდა.

სამხედრო სამსახურის მოხდის მერეც არ შეუწყვეტიათ მეგობრობა. რეზომ თბილისში დაბრუნებისთანავე შეირთო ნატა. ქორწილში, რა თქმა უნდა, საშაც დაპატიჟა. ორი წლის შემდეგ საშა დაოჯახდა, მისალოცად რეზო და ნატა ესტუმრნენ და ერთი კვირითაც დარჩნენ. მათი ურთიერთობა ოჯახებით გაგრძელდა. ზაფხულშიც ერთად ისვენებდნენ, ხან სოჭში, ხან გაგრაში... საშას და ლარისას ჯერ ბიჭი შეეძინათ, იგორი, შემდეგ გოგონა, ნასტია.

ერთ კვირა დილას რეზოს ჩელიაბინსკიდან საშას ნათესავმა ცუდი ამბავი შეატყობინა - შენი მეგობარი და მისი ცოლი ავარიაში დაიღუპნენო... რეზო და ნატა მეორე დღესვე გაფრინდნენ ჩელიაბინსკში. გული დაეწვათ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვების ნახვისას. პატარა იგორმა იცნო რეზო, მისკენ გაექანა და გულში ჩაეკრა. გადაწყვიტეს, ბავშვები ეშვილებინათ და საქართველოში წამოეყვანათ. საშას და ლარისას ნათესავებს გაუხარდათ - თქვენზე კარგად ვინ მიხედავს პატარებსო. რეზომ და ნატამ ცოტა ხნით ჩელიაბინსკში დატოვეს პატარები. ამ ხნის მანძილზე კი ბინა გაყიდეს და ისევ უკან დაბრუნდნენ ბავშვების ჩამოსაყვანად.

საქართველოში დაბრუნებულებმა ჯერ გურიაში წაიყვანეს პატარები. რეზოს დედამ ითავა ცოტა ხნით მათი აღზრდა. ბავშვებმა მალე გაიტეხეს ენა და ცოტა ხანში უაქცენტოდ ალაპარაკდნენ ქართულად. იგორს გიორგი დაარქვეს, ნასტიას - ნათია.

ბავშვები რომ წამოიზარდნენ, მშობლებმა სიმართლე უთხრეს - მაინც ეშინოდათ, ვაითუ ბავშვებს ვიღაცამ ცუდად უთხრას რამე და გული ეტკინოთო. გიორგიმ და ნათიამ კი მათ ამაგი და ზრუნვა დაუფასეს და სიყვარულს სიყვარულთივე უპასუხეს. გამოხდა ხანი, იგორ-გიორგიმ ქართველი გოგო შეირთო ცოლად და ნასტია-ნათიაც ქართველს გაჰყვა. ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს და დღემდე ემადლიერებიან ქართველ მშობლებს, რომ ბედის ანაბარა არ დატოვეს ობლები და მყუდრო და თბილი ოჯახი გაუჩინეს...