შოკოლადისფერი სხეულის საიდუმლო... - კვირის პალიტრა

შოკოლადისფერი სხეულის საიდუმლო...

ლამაზი, მიმზიდველი, ნაზი, ეშხიანი, ჩამოქნილი, წერწეტი, მარწყვივით ან ბალივით ქალი... ასეთი კომპლიმენტები ჩვენს "ძაან დონე" საუკუნეში ერთობ ძველმოდურად ჟღერს. ეს ყველაფერი ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა - მოვლილი. ჰო, თუ მოვლილი ქალის სტატუსს ფლობ, ეს ნიშნავს, რომ როცა გვერდით ჩაუვლი, შენი შემხედვარე ქალები შურით სკდებიან, კაცებს კი სულ ცოტა უკლიათ გულის გასკდომამდე (პულსის აჩქარება, ყბის ჩამოვარდნა, გახშირებული სუნთქვა, გუგების გადიდება და... და ა.შ). ყველა ქალი ინდივიდუალურად ლამაზია, მაგრამ "მოვლილ ქალთა" ძირითადი ნაწილი "ერთნაირად მოვლილია." გარუჯული, ნადიეტარი სხეული, გრძელი, წითლად შეღებილი ან "ფრენჩიანი" ფრჩხილები, რომელიმე "დენტალ" კლინიკის ქათქათა ღიმილი და მოდური სუნამო...

სახურავი, აივანი, სოლარიუმი თუ ზღვა - მთავარია ნამზეურის გამომზეურება  მზიურ ქალაქში

ხელოვნური სილამაზე

წავიდა, ჰეეეე!.. ჰო, წავიდა ის დრო, როცა თეთრი ქალი ქვეყნის თვალი იყო. იდეალურ სილამაზედ თეთრი პირისახე და გიშერივით (მაყვალივით, ნახშირივით, კუპრივით) შავი თვალ-წარბ-დალალი (ეს უკანასკნელი, რაც შეიძლება გრძელი) რომ ითვლებოდა. სილამაზე უბრალოებაში, სიმარტივესა და ბუნებრიობაში იყო: თეთრი კანი, შავი თმა. მორჩა. ამ ფერადმა 21-ე საუკუნემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დღეს ბუნებრიობა და უბრალოება მოუვლელობად აღიქმება. ქალები ძალ-ღონესა და ფულს არ იშურებენ, რომ გალამაზდნენ: კანს იმუქებენ (ირუჯებიან) და თმებს იღიავებენ. მუქი ფერის თვალებზე ღია ფერის ლინზებს ირგებენ. ცხვირს იმოკლებენ და ტუჩებს იდიდებენ.ეს ყველაფერი ბევრ დროს, ენერგიას, მოთმინების უნარს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ფულს მოითხოვს. რა ქნან უფულოებმა? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ბოლოს და ბოლოს შეგიძლია თქვა, რომ ამ ყველაფერზე უარს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო ამბობ: გარუჯვა ნაოჭებს აჩენს, შეღებვა თმას აუხეშებს, სილიკონის მკერდი კაცებს არ მოსწონთ, პლასტიკური ოპერაცია სახეს გამომეტყველებას უკარგავს, ლიპოსაქცია კი... ნუ, ამაზეც შეიძლება რამის მოფიქრება...ხშირად ისინი, ვინც გალამაზების თანამედროვე ხერხებს უარყოფენ, თავს იმშვიდებენ - "მერე რა, რომ ფული არ მაქვს, რომც მქონდეს, ასი წელი არ დავიჭიმავდი სახეს."

KvirisPalitra.Geსანამ მშვენიერი სქესის ერთი ნაწილი თავს იმშვიდებს, რომ სილამაზე ბუნებრიობაშია, ხოლო მეორე ნაწილი ფულს არ იშურებს ხელოვნურად გალამაზებისთვის, ამ დროს მესამე ნაწილი იმაზე ფიქრობს, როგორ მოახერხოს, უფულოდ მიაღწიოს ისეთივე შედეგს, როგორსაც ფულიანები აღწევენ. თმის ძვირად ღირებულ შამპუნს თუ არ ხმარობ, არაა პრობლემა, ამას ვერავინ გაიგებს. ძვირად ღირებულ სალონში სახის გაწმენდაც თამამად შეგიძლია ფულის გადაყრად მონათლო და ფერიმჭამელებს სახლში შეებრძოლო მამაპაპური "მჭადის ფქვილის ნიღბით," სხვებთან კი "სვეტსკურად" იწუწუნო, რომ თბილისის ყველა პრესტიჟული სალონი შენი გამდიდრებულია. მოკლედ, ათასი ალტერნატივა არსებობს.ზაფხულია. ეს სეზონი დანარჩენებისგან იმითაც განსხვავდება, რომ შეგიძლია სხეული (უფრო კი - ნამზეური) ჩვენს მზიურ ქალაქში მაქსიმალურად გამოამზეურო.

სოლ-არ(!)-იუმი

რა ხანია შევეჩვიეთ, რომ ჩვენი ქალაქის "სვეტსკობა" ზამთარ-ზაფხულ ერთფერია. სოლარიუმის ხელოვნური ნამზეური იმდენად ბომონდურ-სვეტსკურად ითვლებოდა, რომ ზღვაზე გარუჯულებიც სოლარიუმს "იბრალებდნენ". გამოხდა ხანი და პრესამ უამრავი სტატია, ტელევიზიამ კი გადაცემა მიუძღვნა სოლარიუმის მავნებლობას... ასე იყო თუ ისე, სოლარიუმს თითქოს შეველიეთ, "ზაგარს" - ვერ. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ნამზეურის მიღების ხერხები და მეთოდები, მაგრამ ერთი რამ დღემდე უცვლელია: გარუჯული სხეული მოდურია, სექსუალური, მიმზიდველი. და კიდევ: ასეთი შედეგის მისაღებად ყოველი გზა გამართლებულია, მთავარია, ლამაზ ტყუილში შეფუთო. ამას კი ისეთივე ნიჭი სჭირდება, როგორიც ვთქვათ, ლექსების წერას.

მეგობრული რჩევები

- რა მაგარი "ზაგარი" გაქვს, სად გაირუჯე? - ეს კითხვა ზაფხულობით გამარჯობას ენაცვლება ხოლმე. არ გირჩევთ გულახდილობას, თუკი სიმართლე ისაა, რომ:

... სოფელში ისვენებდი და ზოგჯერ მდინარეზე ჩადიოდი დედასა და გაუთხოვარ დეიდასთან ერთად;

... მზეს დახარბებული შუადღემდე ოფლად და "ჯონსონ ბეიბის" ზეთად იღვრებოდი;

... ეს "ზაგარი" აივნის დამსახურებაა;

... მერამდენეღაცა ხარისხის დამწვრობა მიიღეთ და წყლულებს თურმანიძის მალამოთი იშუშებდით;

... წუხელ ზურგზე დამ კანი აგაფცქვნათ...

... ამ ნამზეურმა კინაღამ შეგიწირათ - მზის დარტყმა მიიღეთ... თქვენი კორპუსის სახურავზე.

დარწმუნებული იყავით, ასეთი გულახდილობისთვის აუცილებლად ირონიას დაიმსახურებთ, ფარულს მაინც. თანაც მოგვიანებით ისეთი საზოგადოების წრეში გაგჭორავენ, სადაც ყველა "დაზაგრული" ან აივანზე გატანილი წყლით სავსე ტაშტიდან ინამავდა სხეულს და სიცხით ლამის გული მისდიოდა, ან სულაც სოფელში ურემზე გადაფარებულ პირსახოცზე იყო წამოკოტრიალებული და ქათმების კრიახის ან გოჭების "საყვარლობა" ღრუტუნის ფონზე ირუჯებოდა.

ჯობია, უწყინარი ტყუილი მოიგონოთ, შემდეგ კი თავს ძალა დაატანოთ და თვითონვე დაიჯეროთ. მთავარი გაკეთებულია. ნამზეური - მიღებულია, ტყუილი - მოფიქრებული. ახლა ნუღარ შეგაშინებთ შეკითხვა:

- რა მაგარი `ზაგარი" გაქვს, საიდან?

ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე თუ მკითხავთ, შესაძლო პასუხის ოპტიმალური ვარიანტი ასეთია:

- ოქროს ქვიშებზე ვისვენებდი, დაქალებთან ერთად.

დამაჯერებლობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ:

- ძაან მაგარი იყო, რაა...

ასეთ ტყუილს, უნდა ითქვას, ერთგვარი რისკიც ახლავს. მაგალითად, ზედმეტად ცნობისმოყვარეები შეიძლება წვრილმანებით დაინტერესდნენ (სასტუმროს სახელწოდება, პირობები, ხარჯები...). ეს კი უხერხულობას შეგიქმნით. როგორ მოვიქცეთ? როგორ და, უნდა წაუყრუოთ, შეეცადოთ ყურადღება სხვა თემისკენ მიმართოთ. მაგალითად, მოიგონეთ ფლირტ-ისტორია: დაკუნთულ ირლანდიელზე (რომელიც გასაქანს არ გაძლევდათ ოქროს ქვიშებზე გატარებული მთელი ორი კვირის განმავლობაში); ან ვნებიან ზანგზე; ან მდიდარ თურქზე; სულაც ქვიშაში ნაპოვნ ძვირფას სამკაულზე.

მოკლედ, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. არ არის მთლად სასიამოვნო საქმე, იჯდე და საკუთარ თავზე ცრუ ამბები შეთხზა, მაგრამ რას იზამ, პრესტიჟი მსხვერპლს მოითხოვს...

ბოლოთქმის ნაცვლად

ქალები ხშირად ვწუწუნებთ იმის გამო, რომ განგებამ უფულობა დაგვანათლა, რომ სხვები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ჩვენ კი... დარწმუნებული იყავით, დიდი ალბათობაა, რომ მას, ვისიც გშურთ (ის "ფირმაში" ისვენებდა და მე საწყალი "კრიშაზე" ვირუჯები), სინამდვილეში არაფერი აქვს შესაშური. უბრალოდ, ტყუილის ლამაზად შეფუთვა შეუძლია. ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნდეთ, როცა სახურავზე პირსახოცს და კრემს აიტანთ, არ დაიზაროთ, დურბინდიც გაიყოლეთ. მენდეთ, წელიწადის ამ დროს, მეზობელ სახურავებზე უფრო ხშირად გადააწყდებით "ფირმაში დამსვენებელ" ნაცნობებს...

ნათია როსტიაშვილი

ჟურნალი "ბომონდი", ივლისის ნომერი