ქვევრში ჩატყუებული - კვირის პალიტრა

ქვევრში ჩატყუებული

ლუკა - მჭედლიშვილების თბილისელი სიძე, ღვინის მოყვარულ კახელებს სმაში არაფრით ჩამოუვარდებოდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ლუკას ღვინის სმა

ემარჯვებოდა, ვენახის მოვლა-პატრონობა და მოსავლის აღება-დაბინავება დიდად არ ეპიტნავებოდა. თავსაც რომ იმართლებდა - ქალაქელი კაცი ვარ, არ მეხერხება სოფლის საქმე და წელს ნუ მომწყვეტთ, თქვენს ლამაზ გოგოს ჯერ კიდევ სჭირდება საღ-სალამათი ქმარიო...

სამაგიეროდ, როგორც კი ქვევრიდან სურაში ჩაარაკრაკებდნენ ქარვისფერ ღვინოს და შამფურზე მწვადიც აშიშხინდებოდა, ხელებდაკაპიწებული მიუჯდებოდა სუფრას, - კახელი გოგო იმიტომაც შევირთე ცოლად, რომ მადლიანი სუფრა იცითო. ნიკა პაპას ძალიან აბრაზებდა ქალაქელი სიძის უხეირობა. ითმინა, ითმინა და...

რთველი რომ ჩათავდა, მჭედლიშვილებმა ბევრი სტუმარი დაპატიჟეს. დილიდანვე თავს დაადგნენ ეთო და ლუკა. ეთო ქალებს შეუერთდა სამზარეულოში. ლუკამ კი მალე გამონახა თავისნაირი და მოჩრდილებულში ნარდის თამაში გააჩაღა. ცოტა ხანში პაპა ნიკა მონარდეებს მიუახლოვდა და:

- ლუკა, ბიჭო, ნარდის თამაშში რო მაგარი ხარ, ვიცი, მარა, ერთი დამანახვე, ღვინის ქვევრიდან ამოღება და სურებში ჩამოსხმა თუ შეგიძლია.

ლუკა, ცოტა არ იყოს, შეცბა, არ ელოდა თუ რაიმეს დაავალებდნენ, მაგრამ პაპა ნიკას სიჯიუტის ამბავი გაგონილი ჰქონდა და გაუხარდა კიდეც, ასეთ იოლსა და სასიამოვნო საქმეს თუ დააჯერებდნენ. წამოხტა და ხალისით გაჰყვა მოხუცს მარნისკენ. იქ ყოფნა და ბუხრის წინ ქეიფი განსაკუთრებულად უყვარდა... პაპამ სიძე ყველაზე დიდ ქვევრთან მიიყვანა. ლუკამ შიგ ჩადგმული კიბე რომ დაინახა, გაკვირვებით შეხედა მოხუცს.

- აქ ყველაზე ძველი ღვინო მაქვს შენახული, მაგრამ ნაკლულია, 100 ლიტრაღა იქნება დარჩენილი, ამიტომაც კიბით მოგიწევს ჩასვლა და ღვინის ამოტანა, - აუხსნა პაპამ და ურჩია, ფეხზე გაიხადე, შარვლის ტოტები აიკაპიწეო. ლუკა ასეც მოიქცა და ფრთხილად ჩაუყვა უზარმაზარ ქვევრში ჩაყუდებულ კიბეს. ცოტა ხანში პაპას ამოსძახა, ჭურჭელი მომაწოდეო. ნიკა პაპამ შეაგულიანა, - ნუ გეშინია, მაქედან ვერსად გადავარდები, ბოლომდე ჩადი და ჭურჭელსაც მოგაწვდიო. ჩადგა თუ არა ქვევრის ძირში ფეხი, მოხუცმა კიბე ოსტატურად ამოაცოცა. რასა შვრები, კაცოო?! - ამოსძახა შეშინებულმა ლუკამ. - შრომას გაჩვევო, - ნიშნის მოგებით მიუგო კმაყოფილმა პაპამ და ქვევრის სახეხ-საწმენდები ჩაუყარა უხეირო ქალაქელს - სანამ მაგ ქვევრს კარგად არ გახეხამ, ზემოთ არც ამოგიშვებო...

იცოცხლე, ერთ საათში ბდღვირი აადინა საქმეს... ნიკა პაპამ მერეღა ამოიყვანა სიძე ქვევრიდან და უთხრა: - ახლა შეგიძლია სუფრას მიუჯდე და ჩემი დაწურული ღვინოც დალიო... ე რა კარგი გახეხვა გცოდნია, ამის მერე სულ შენ უნდა გამოგარეცხინო ქვევრებიო. ლუკას ხმა აღარ ამოუღია, დაღლილ-დაქანცული (და გვარიანად შეშინებული) მიუჯდა სუფრას. ის-ის იყო, ლხინი იწყებოდა.