"რომ დაბრუნდეს, გეფიცებით, ყველაფერს ვაპატიებ" - კვირის პალიტრა

"რომ დაბრუნდეს, გეფიცებით, ყველაფერს ვაპატიებ"

როცა წავიკითხე წერილი, "ზოგჯერ შვილი ყველაზე დიდი მტერია", ჩემი ამბავი დამიდგა თვალწინ. მეც იგივე გამიკეთა შვილმა, რაც იმ ქალბატონს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იგი საკუთარმა შვილმა გაწირა, მე კი შვილობილმა, რომელიც ქვეყანას მერჩივნა.

"ჩემს შვილს აღვირახსნილს ეძახდნენ, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ყოფილიყო!"

ადრე გავთხოვდი. ქმარს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ დედამთილმა იმდენი უჩიჩინა, ჩემი თავი შეაძულა, - რად გვინდა უშვილო ქალი, ბერწ ძროხას კლავენ, უშვილო ქალს კი აგდებენო... 4 წლის მერე დავშორდით. მან მალევე მოიყვანა ცოლი. მერე აღმოჩნდა, რომ უშვილო მე კი არა, თავად ის გამოდგა. მეორე ცოლსაც რომ გაშორდა, ისევ მომიბრუნდა, პატიება მთხოვა, მაგრამ ვიცოდი, სანამ დედამისი ცოცხალი იყო, მასთან მშვიდი ცხოვრება არ მეღირსებოდა, ამიტომ შერიგებაზე უარი ვუთხარი.

სოფელში ვეღარ გავჩერდი, გადავწყვიტე, თბილისში, ჩემს დასთან წამოვსულიყავი. მას კარგი ქმარი ჰყავდა, ვიცოდი, გვერდში დამიდგებოდნენ. ჯერ სამსახური უნდა მომეძებნა, მერე კი ბინასაც ვიქირავებდი.

მართლაც, დამ და სიძემ მალე მიშოვეს სამსახური, ერთ-ერთი დაწესებულების ბუფეტში დავიწყე მუშაობა. ბინაც მახლობლად დავიქირავე და განვაგრძე ცხოვრება. ზურაბს (ჩემს ქმარყოფილს) დედა გარდაეცვალა და თბილისში  ჩამომაკითხა. ყოველდღე მიმეორებდა, უშენოდ დავიღუპებიო, თან პატიებას მთხოვდა. შევურიგდი და სამი წლის შემდეგ გოგონა ვიშვილეთ. სამსახურს თავი დავანებე, ბავშვთან ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ზურაბი მშენებლობაზე მუშაობდა, ზოგჯერ ფული არ გვქონდა, გვიჭირდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით. გოგონას დედაჩემის სახელი, ქეთევანი დავარქვი... მისთვის ყურადღება არასოდეს მომიკლია, მე და ზურაბი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ბავშვს კარგად და უზრუნველად ეგრძნო თავი.

14 წლის იყო ქეთი, ზურაბი რომ გარდაიცვალა. მაშინ უკვე ვმუშაობდი, თორემ უკიდურესად გამიჭირდებოდა. არ ვიცი, რა დაემართა ქეთის გარდატეხის ასაკში,  სულ გაღიზიანებული იყო, თავისთვის ოთახში ჩაიკეტებოდა და ხმასაც არ მცემდა. ხშირად შინ გვიან მოდიოდა, მატყუებდა. რამდენჯერმე ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომ ვცემე კიდეც. მან კი წამომაძახა, - ჩემი ნამდვილი დედა რომ იყო, ასე არ გამიმეტებდიო. ვიღაცამ უთხრა, რომ აყვანილი იყო, მაგრამ ვინ, ვერ დავადგინე. სკოლა რომ დაამთავრა, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩააბარა. შინ გოგო-ბიჭები მოჰყავდა და ჰქონდათ გვიანობამდე ღრიანცელი. მერე მეზობლებმა მისაყვედურეს, - მშვიდი ცხოვრება გვინდა, თან არ გვინდა, ჩვენმა შვილებმა ამ აღვირახსნილებს უყურონო. ლამის გავგიჟდი. ჩემს შვილს აღვირახსნილს ეძახდნენ, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა ყოფილიყო! ქეთის ვუთხარი, - აირჩიე: ან შენი საეჭვო მეგობრები, ან მე-მეთქი და არც დაფიქრებულა, - რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებიო...

იმ დღიდან კარი გაიხურა და წავიდა, ორჯერ მოვიდა თავისი ნივთების წასაღებად. ახლა სად ან ვისთან არის, არც კი ვიცი. ძალიან ვდარდობ. ვიცი, მაინც არ დამემორჩილება და რა ვქნა? ჩემმა დამ არაერთხელ მითხრა, - არ უნდა გეშვილა, ვინ იცის, რა გენეტიკის იყოო.

ძალიან მენატრება ის დრო, როცა პატარა ქეთი ხელჩაკიდებული დამყვებოდა და თვალებში შემომციცინებდა. გული მიკვდება, როცა მახსენდება. ძალიან მენატრება. რომ დაბრუნდეს და პატიება მთხოვოს, გეფიცებით, ვაპატიებ ყველაფერს...

ნელი მჭედლიშვილი