ყველასგან მიტოვებული - კვირის პალიტრა

ყველასგან მიტოვებული

მეცხრე კლასში იყო, როცა ელენე თბილისიდან  მის სკოლაში გადმოვიდა. ელენეს მამიდა სკოლის დირექტორი გახლდათ და ელენეს მშობლებმა კარგი ატესტატისთვის მამიდასთან გაუშვეს. მალე გაირკვა, რომ ელენეს და  გიორგის ერთმანეთი შეუყვარდათ. მამიდამ ეს ამბავი რომ შეიტყო, თავში შემოიკრა ხელი და ძმისშვილს შეუტია:

ჩემთან სიყვარულობიას გასამართად გამოგზავნესო? მაგრამ ელენეს  არც უფიქრია მამიდის საყვედურების მოსმენა. სკოლის დამთავრების მერე გიორგიმ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა, ელენემ - პედაგოგიურში. ლექციები არც იყო დაწყებული, უფროსების დაუკითხავად რომ გაიპარნენ. ელენეს მშობლები ახალგაზრდებსაც გაუნაწყენდნენ და მამიდასაც, რომელმაც სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია ძმისშვილს...

გიორგის მშობლებმა ელენეს მამიდას სთხოვეს მოყვრებთან შუამდგომლობა და თინათინმაც საყვედურებით აავსო ძმა:

-  იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდები დალოცო და ხელი შეუწყო, ჯიუტობ და იბუტები, რა დროს ეგააო?

მოტყდა ოთარი და დას ესღა უთხრა: - ჩემს დაუკითხავად რომ წაიყვანა ჩემი ქალიშვილი, ამის გამო ვემდურიო.

ასე იყო თუ ისე, ქორწილი  გადაიხადეს. გიორგის მშობლებმა ახალგაზრდებს თბილისში ბინა უქირავეს, რადგან  გიორგიმ განაცხადა, ცოლის მშობლებთან არ ვიცხოვრებო.

ბავშვი რომ გაჩნდა, სწავლა  გაუჭირდა ელენეს და  გადაწყვიტა მშობლებთან გადასულიყო, მაგრამ გიორგისგან კატეგორიული უარი მიიღო, - შვილი შენ უნდა გაზარდო, ან სწავლას დაანებე თავი, ან დაუსწრებელზე გადადიო. ამაზე წაკამათდნენ, მაგრამ ელენემ დათმო. გიორგი მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ მშობლები დილით, სანამ ის ლექციებზე იქნებოდა, ძიძას დაუქირავებდნენ. უმაღლესი რომ დაამთავრეს, გიორგიმ  რაიონისკენ გაიწია. ამაზეც მოუვიდათ უთანხმოება, მაგრამ ისევ ელენემ დათმო, აიკრა გუდა-ნაბადი და  გიორგის გაჰყვა.

ელენე კარგა ხნით ჩარჩა მთაში. მაგრამ ბავშვი როგორც კი სასკოლო ასაკისა გახდა,  ყური აღარ დაუგდო ქმარს და თბილისში  მშობლებთან დაბრუნდა.   გიორგიმ სმას მიჰყო ხელი, ცოლთან დაშორებას სიდედრ-სიმამრს აბრალებდა და  თბილისში მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდა, რომ ცოლთან  ეჩხუბა. ერთ-ერთი სკანდალის დროს, როცა ჭკუადაკარგულმა გიორგიმ ელენეს თავში მუშტი ჩაარტყა და აკივლებული სიდედრი  კედელს მიანარცხა, სიმამრმა სანადირო თოფს სტაცა ხელი და სიძე გააფრთხილა, - თუ დროზე არ გაგვეცლები, გესვრიო. გიორგიმ სიმამრს უცებ აართვა თოფი, გონს მოსვლაც ვერავინ მოასწრო, რომ  იატაკზე დაგდებული ოთარი სისხლში ცურავდა. გიორგიმ თოფი მოისროლა და კარი ლამის გაგლიჯა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ოთარი საავადმყოფოში გადაიყვანა. გადარჩა, მაგრამ მთელი ოჯახი კარგა ხანს ვერ გამოვიდა შოკიდან. გიორგი იმავე საღამოს დააკავეს და 15 წელი მიუსაჯეს.

სამი წლის შემდეგ ელენეს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ოპერაცია დაგვიანებული გამოდგა... ნატოს აღზრდა ბებია-ბაბუამ ითავა.

გავიდა დიდი დრო. გიორგი  ციხიდან გამოვიდა. შეცვლილი, სინანულითა და ტკივილით სავსე. ქალიშვილი 21 წლისა დახვდა,  40 წლის კაცი ბერიკაცს ჰგავდა. ნატამ ახლოს არ გაიკარა... ახლობლებმა ცოლის მოყვანა ურჩიეს.  მეზობელი სოფლიდან ქვრივი ქალი ითხოვა.

არც ამჯერად გაუმართლა. ორი წლის შემდეგ ცოლი ავადმყოფობით გარდაეცვალა. რომ გაიგო, ნატა თხოვდებოდა, მისვლა და მილოცვა გადაწყვიტა  და ნათესავს შვილთან შუამდგომლობა სთხოვა. ნატომ შემოუთვალა - რომ კვდებოდე, წყალს არ დაგალევინებო. ამ საშინელი განაჩენით განადგურებული და ცოცხალ-მკვდარი გიორგი სოფელში დაბრუნდა.

ნატო ახლა სამი შვილის დედაა. გიორგი კი მარტოსული და უბედურია, ყველაზე მტკივნეული  მისთვის ისაა, რომ შვილი არ ცნობს.