ეჭვიანობისგან განკურნების საუკეთესო ხერხი - კვირის პალიტრა

ეჭვიანობისგან განკურნების საუკეთესო ხერხი

დღიდან შეუღლებისა, ვერა და ვერ მოაშლევინა ლევანა ბერიძემ ცოლს ეჭვიანობა. ნანა ყველაზე ეჭვიანობდა - მეზობლის კოხტა გოგოზე, ქმრის თანაკურსელებზე თუ ქუჩაში გამვლელ ლამაზმანზე. ვერც ასაკმა დაამშვიდა. ეჭვის მარცვალი წლების განმავლობაში ისე გაუღვივდა, არაფერი ეშველებოდა...

ისე, სულო ცოდვილო და, ლევანაც "კაი ჩიტი" იყო! იცოდა ხოლმე თქმა: კაცის თვალი ოხერია, ქალისკენ თავისით გარბისო... ახალგაზრდობაში როგორღაც უძლებდა ნანას შემოტევებს, ცხოვრების დაღმართისკენ მიმავალი კი ძალიან დაიღალა და ცდილობდა, ეჭვიანი ცოლისთვის საბაბი არ მიეცა; თუმცა, ეჭვით დაავადებულისთვის საბაბის მოძებნას რა უნდა! აბობოქრებულ ნანას ლევანა აწყნარებდა, - თვალებახვეული ხომ არ ვივლი, ხან ვის შევხედავ, ხან - ვის.

რაღა დროს ჩემი ქალებიაო...

60 წლის იუბილეზე ნანას შვილებმა საჩუქრად მობილური ტელეფონი მიართვეს. გაუხარდა და მერე როგორ - აწი უკეთ გავაკონტროლებ ჩუმჩუმელა მამათქვენსო. ოჯახსაც და მეგობარ-ნათესავებსაც ძალიან ახალისებდათ ხანდაზმული ცოლ-ქმრის მუდმივი კინკლაობა, მაგრამ ყველაზე მეტად 14 წლის შვილიშვილი, საბა ერთობოდა. ხანდახან ლევანას აშანტაჟებდა კიდეც: ბაბუ, ხუთი ლარი მომე, თორემ ბებოს ვეტყვი, გუშინ რომ ერთ ქალთან სეირნობდიო.

- როდის დამინახე ქალთან ერთად? მეტიც არ უნდა ბებიაშენს, - ცხარობდა ლევანა, მაგრამ ფულს მაინც აძლევდა შვილიშვილს.

ერთხელ, მეგობრებთან სტუმრობის შემდეგ ნანამ ისევ "აუშვა აფრები" - თამადად რომ აგირჩიეს, სადღეგრძელოების თქმისას კაცებისთვის გემზირა, რაღა იმ ორ ქალს მიშტერებოდიო... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და კვლავ შავმა კატამ გაირბინა ცოლ-ქმარს შორის. ჩხუბის მეორე დღეს, სავარძელში "მისვენებულ" ლევანას საბა მიუცუცქდა და მეგობრულად ჰკითხა:

- რაო, ბაბუ, ისევ გაგიხურა ბებომ?

ლევანამ საწყალი თვალებით შეხედა ბიჭს და ხელი ჩაიქნია, - აქაოდა, ბებიას აღარაფერი ეშველებაო.

- გინდა, მაგარი რამე გასწავლო?

- რა? - გამოცოცხლდა ლევანა.

- რა და, მობილურის ახალი ნომერი აიღე, დაურეკე ბებოს და სასიყვარულო მესიჯები მისწერე. თავიდან შეიძლება არ გიპასუხოს, მერე ალბათ, გაგლანძღავს კიდეც, მაგრამ ბოლოს, მაინც წამოეგება ანკესს. შენც დაეჭვდები, ბებო რომ წარამარა მობილურზე იქნება მიჩერებული. მან ჯერ არ იცის, როგორ უნდა მესიჯების წაშლა, ჰოდა, შენც წაიკითხავ და აუტეხავ ერთ ამბავს... ამის მერე, შანსი არაა, ბებომ კიდევ გაგიმართოს ეჭვიანობის სცენები. თუ მაინც წამოიწყო, შენ უკვე სათქმელი გექნება.

- ბიჭოოს! შენ რა მაკვარანცხი და მოხერხებული ყოფილხარ. ყოჩაღ, ამას ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი, - გაუხარდა ლევანას...

...და ბაბუამ ზუსტად შეასრულა შვილიშვილის რჩევა.

ერთ მშვენიერ დღეს ნანას ვიღაც კაცმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ნანა შინ იყო, ლევანაც იქვე ტრიალებდა (მან თავდაპირველად მეგობარს სთხოვა დახმარება). ქალი ძალიან დაიბნა. ლევანამ კი ყურები ცქვიტა, - ვინ გირეკავს და რა უნდაო? ნანამ, - ნომერი შეეშალათო. იმ დღიდან დაიწყო ქალის გასაჭირი. ვიღაც "ოხერი" ყოველდღე წერდა: - არ იფიქრო, რომ უცნობი ვარ, შენს ძველ უბანში ვცხოვრობ. პატარაობიდან მიყვარხარ, მაგრამ ვერაფერს გიბედავდი.

ახლა დავქვრივდი, ვიცი, რომ არც შენ ხარ ბედნიერი და მინდა ერთად ვიყოთ. დამიჯერე, ცხოვრების თავიდან დაწყება სამოცი წლის ასაკშიც შეიძლებაო... ნანამ რაღაცნაირად ისწავლა სამესიჯო ტექსტის აკრეფა და შიგადაშიგ პასუხებსაც გზავნიდა, ბუნებრივია, აინტერესებდა, ვინ იყო და სად ცხოვრობდა "გივი", ან საიდან გაიგო მისი მობილურის ნომერი.

"მიჯნური" კი ამ კითხვებზე არ პასუხობდა, კვლავ სიყვარულს ეფიცებოდა და მომავალს გეგმავდა... დადგა დრო შურისძიებისა! ლევანა მობილურს მიჩერებულ ცოლს უცებ თავს დაატყდა, ტელეფონი წაართვა და როცა სასიყვარულო მესიჯები წაიკითხა, საცრისოდენა გაუხდა თვალები, არაადამიანური ხმით იყვირა, - ამას მიმალავდიო?.. იქ ამბავი ატყდა, მტრისას! დაბნეული და გაფითრებული ნანა ენას ვეღარ აბრუნებდა პირში...

14 წლის საბამ, როგორც იტყვიან, ათიანში გაარტყა - იმ დღის მერე ნანას ლევანასთვის ზედმეტი სიტყვა აღარც უთქვამს.