"არ გაბედო სახლიდან ფეხის გადგმა, თორემ ყელს გამოგჭრიო" - ვინ არის მართალი? - კვირის პალიტრა

"არ გაბედო სახლიდან ფეხის გადგმა, თორემ ყელს გამოგჭრიო" - ვინ არის მართალი?

ისინი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს. ნათია 18 წლის იყო, გიგა - 22-ის. ნათიას მშობლებს  ქალიშვილის გათხოვება ნაადრევად მიაჩნდათ და არც გიგა მოსდიოდათ თვალში. გიგა ეჭვიანი და მძიმე ხასიათის იყო. ნათია პირველივე უსიამოვნების შემდეგ მიხვდა, რომ ისინი დიდხანს ვერ იქნებოდნენ ერთად.

ცოტა ხანში გიგა ლანძღვა-გინებიდან ცემაზე გადავიდა - 4 თვის ორსულ ნათიას მუცელი მოეშალა. გამწარებული გოგო  მშობლებთან დაბრუნდა. გიგამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი - ნათიამ დედის რჩევით აბორტი გაიკეთაო...

ნათია: -  ძალიან მინდოდა დიდი ქორწილი გვქონოდა და თეთრი კაბა ჩამეცვა, მაგრამ გიგამ მთხოვა, - არ გვინდა ზედმეტი ხარჯი, სჯობს, სადმე წავიდეთ, თაფლობის თვე იქ გავატაროთო.  დაქორწინების შემდეგ  გიგას ბებიამ თავისი ბინა დაგვითმო. თავდაპირველად ძალიან გამიხარდა, ვის არ უნდა ცალკე ცხოვრება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, მშობლებთან ერთად რომ გვეცხოვრა, გიგა თავისი პათოლოგიური ეჭვიანობის სცენებს ვერ გამიმართავდა...

ჩემებმა პატარა ქორწილი  მაინც გადაგვიხადეს. მერე მამამ თავის მეგობართან (ერთ-ერთი დასასვენებელი სახლის დირექტორია) ბორჯომში გაგვიშვა. თბილისში  რომ დავბრუნდით, იმ დღიდან დაიწყო კოშმარი.  ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ლექციებზე სიარული ხომ უნდა გამეგრძელებინა, გიგას კი ნერვები ეშლებოდა. ერთ-ერთი წაკამათების შემდეგ ვკითხე, - რა გინდა, სწავლას თავი დავანებო-მეთქი? მიკიბ-მოკიბა - ლექციების შემდეგ არ უნდა იგვიანებდე, გათხოვილი ქალი ხარ და არ შეგფერის დაგვიანებაო. ისედაც თავპირისმტვრევით მივრბოდი შინ, რომ გიგა არ წამჩხუბებოდა, მეტი რა უნდა მექნა. ერთხელ, ჯგუფელებმა დამირეკეს, -  კურსელის ოჯახში იყვნენ შეკრებილი, მოდი და ქმარიც წამოიყვანეო. როგორ არ მეხვეწებოდნენ, მაგრამ ვუარობდი, არ მინდოდა გიგასთან ერთად წასვლა, რადგან ვიცოდი, იქ რამეს გამომიჩხრეკდა და შემარცხვენდა. მარტო წასვლა ხომ წარმოუდგენელი იყო. კვირადღე იყო და გიგა ეზოში მეზობლებთან ერთად ნარდს თამაშობდა. შინ ისე შემოვიდა, ვერც გავიგე. მოისმინა, მე რომ მეგობრებს ვუხსნიდი, - შინ საქმე მაქვს და ვერ წამოვალ-მეთქი. უცებ გამომტაცა ყურმილი, გიჟივით ჩასძახა ჩემს კურსელებს, - რომ გეუბნებათ, გაიგეთ, თუ არადა, სხვანაირად ვიცი მე ლაპარაკიო და ისეთი გინება დაიწყო, კინაღამ გული გამისკდა. ყურმილი რომ დაახეთქა, ვუსაყვედურე. ასე რატომ მოიქეცი-თქო,  ისეთი სილა გამაწნა, თვალთ დამიბნელდა და წავიქეცი. მუცელზე ვიფარებდი ხელს, რომ წიხლი არ მომხვედროდა.

მერე მომაძახა, არ გაბედო სახლიდან ფეხის გადგმა, თორემ ყელს გამოგჭრიო  და გარედან ჩამკეტა, ტელეფონი კი გამორთო. სამი დღის მერეც რომ არ შემეხმიანა დედაჩემი, გამიკვირდა. მუცელი დროდადრო წამომტკივდებოდა ხოლმე. გიგა კი დამიტკბა, მეფერებოდა, სიყვარულს მეფიცებოდა.  მეოთხე დღეს მუცელი ძალიან ამტკივდა. გიგა სამსახურში იყო. წერილი დავწერე და ფანჯრიდან გადავუგდე მეზობელს, თან ვთხოვე, ქაღალდზე მითითებულ ტელეფონზე დაერეკა და ჩემი მშობლებისთვის ეთქვა, რომ ქმარს შინაპატიმრობაში ვყავდი. ჩვენები მაშინვე მოცვივდნენ. თურმე, იმ გარეწარს ჩემებისთვის უთქვამს, - სვანეთში დაგვპატიჟა მეგობარმა და იქ არ იჭერს მობილური, არ ინერვიულოთ, თუ ვერ შეგეხმიანეთო... მამაჩემმა პატრული გამოიძახა, კარი გააღეს და ასეთ დღეში რომ მნახეს, მაშინვე სამშობიაროში წამიყვანეს. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. აუცილებელი შეიქნა ნაყოფის მოცილება... სულიერად განადგურებული ვიყავი, გიგამ კი - ამას არ გაპატიებთო და სასამართლოში შეიტანა სარჩელი - თურმე, მე მოვკალი საკუთარი შვილი, რადგან მისი მამა აღარ მიყვარდა. მის მშობლებს უკვირთ, რატომ დავშორდი გიგას. ის კი არ იციან, რომ მათი შვილი პათოლოგი ადამიანია და ოდნავ ნასვამიც კი შეურაცხადი ხდება.

გიგა: - სასამართლოში სარჩელი შევიტანე და ვუჩივლე ცოლსაც და სიდედრსაც. დარწმუნებული ვარ, ნათია დედამისმა დაიყოლია. ჩემს ადგილზე ნებისმიერი კაცი ამას გააკეთებდა. როგორია, 4-5 თვეში ბავშვს ველოდები, ცოლი კი შინიდან მიიპარება და აბორტს იკეთებს. ჩემი შვილის სიკვდილს არ ვაპატიებ არავის. განა არ ვიცი, რაც აწუხებდათ. მე ისეთი მაყუთიანი არ აღმოვჩნდი, როგორიც უნდოდათ და ამან გააცოფა სიდედრი.

ახლა ამბობენ, პათოლოგიურად ეჭვიანი იყოო. მაშინ ჯერ მითხრან, რომელ ქართველ კაცს ესიამოვნება, ცოლი რომ საათობით ელაპარაკოს თანაკურსელ ბიჭებს და მერე დამადანაშაულონ. მე მართალი ვარ და ვინც დამნაშავეა, იმან აგოს პასუხი.

P.S. ამ ამბიდან ლოგიკური დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია, მკითხველო!