15 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო - კვირის პალიტრა

15 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

ნინოს ოთხი ვაჟი ჰყავდა. უმცროსი ვაჟი წლინახევრისა იყო, როცა დაორსულდა. ექიმმა - ტყუპ გოგონას ელოდეო, უთხრა და უსაზღვროდ გაახარა ქალი. მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ამან ბავშვებზეც იმოქმედა და პატარა თამთა და ბაია საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეთორმეტე დღეს ექიმებმა უთხრეს, ბაიას მდგომარეობა უცებ დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შევძელითო.ძლივს მოაბრუნეს ნინო... მერე შეუძახეს, - თამთას დედის რძე მოაძლიერებს და მის გადასარჩენად უნდა იბრძოლოო. მეთვრამეტე დღეს ნინო მხოლოდ ერთი გოგონათი დაბრუნდა შინ...

გავიდა 15 წელი. თამთა  ლამაზი და ჭკვიანი გოგონა დადგა. მარტო ოჯახის კი არა, მთელი სანათესაოს, სამეზობლოს და სკოლის თვალი იყო. გოგონას განსაკუთრებით ძმები ანებივრებდნენ. უფროსი ძმა, გიორგი უკვე დაოჯახებული იყო, ცალკე ცხოვრობდა, მაგრამ ყოველდღე რომ არ ენახა, მისი ხმა არ გაეგონა, არ შეეძლო.

იმ ზაფხულს ნინომ თამთა და მისი მეგობარი ზღვაზე დასასვენებლად წაიყვანა. მამამ და გიორგიმ გააცილეს. გიორგისაც უნდოდა ცოლ-შვილის წაყვანა ქობულეთში, მაგრამ სამსახურის გამო ჯერ არ უხერხდებოდა წასვლა, ამიტომ ცოლ-შვილს დაჰპირდა, შინ ცოტა ადრე დავბრუნდები და კუს ტბაზე გაგასეირნებთო.

საღამოს მანქანით ავიდნენ ტბაზე. სანაპირო ხალხით იყო სავსე. უცებ ახალგაზრდების ჯგუფს  გოგონა გამოეყო და გაიქცა. უკან ბიჭი დაედევნა. გიორგი ინტერესით მიაჩერდა წყვილს. ახალგაზრდები მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ გოგოს. ბიჭი მალე წამოეწია, ხელი მოჰკიდა, შემოატრიალა და... გიორგი განცვიფრდა - თამთა იყო! არადა,  დილით გააცილა დედა და და ზღვაზე. აქ საიდან აღმოჩნდა, ნუთუ, უკან ისე დაბრუნდნენ, რომ მას არაფერი გააგებინეს. გიორგის სისხლი აუვარდა თავში, წყვილს მიეჭრა, გოგო ბიჭს ხელიდან გამოჰგლიჯა და უყვირა, - აქ რა გინდა, შენ ხომ ქობულეთში უნდა იყოო. გოგო გაშეშდა, ბიჭმა კი - ვინ ხარ და რა გინდაო? გაცეცხლებულმა გიორგიმ ისეთი გაულაწუნა  ყბაში, კარგა მანძილზე მოისროლა თავხედი. "თამთამ" დაიკივლა და საშველად მეგობრებს უხმო. ისინიც მათკენ გამოემართნენ.  წაქცეული უცებ წამოდგა და გიორგის გინებით მივარდა. ატყდა ერთი ამბავი. გიორგის ცოლი გაოგნდა - ქმარი ასე წონასწორობიდან გამოსული არასოდეს ენახა, მაგრამ მული რომ თვალში მოხვდა, იმანაც იყვირა, - თამთა, აქ რა გინდაო? გოგომ კი ტირილი დაიწყო, - რა გინდათ ჩემგან, რას მერჩით? მე თამთა კი არა სალომე ვარო. გიორგი და მაიკო გაშრნენ. ასეთი მსგავსება ორი სხვადასხვა ადამიანისა, წარმოუდგენელი იყო. ცოტათი რომ დამშვიდდა, გიორგიმ დალაგებით აუხსნა, რაშიც იყო საქმე. სალომეს კი ტელეფონის ნომერი გამოართვა, - მინდა შევხვდეთ და ჩემი და გაჩვენოთო.

გიორგიმ ღამე თეთრად გაათენა. მეორე დღეს კი მამას ყველაფერი უამბო. დავითი საგონებელში ჩავარდა, - ხომ შეიძლება, ის გოგონა ჩვენი თამთას ტყუპისცალი იყოს, იქნებ მაშინ ექიმებმა მოგვატყუეს და ბავშვი გაგვიყიდესო.

მეორე დღეს გიორგიმ სალომეს დაურეკა, მაგრამ გოგონას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.  ინანა ბიჭმა, რომ  ბინის მისამართი არ გამოართვა. დავითმა და გიორგიმ გადაწყვიტეს, სანამ დაზუსტებით რამეს არ დაადგენდნენ, დედისთვის აღარაფერი ეთქვათ.

გავიდა ორი კვირა. ნინო და თამთა კმაყოფილნი დაბრუნდნენ ქობულეთიდან.

ერთი თვის შემდეგ კი გიორგის სამსახურში სალომე ესტუმრა.

- თქვენ რომ დაგშორდით, მეც საგონებელში ჩავვარდი. როგორც თქვენ მითხარით, თამთას, ისევე როგორც მე, მარჯვენა ლოყაზე ჰქონია ხალი. შინ მისულმა დედას რომ ვუამბე ყველაფერი, შეცბა. მერე, როცა გაიგო, რომ ტელეფონის ნომერიც მოგეცით, ისე აღელდა, წნევამ აუწია. მთხოვა, ვიღაც მანიაკი არ იყოს, ასე ხშირად ატყუებენ გოგონებსო და ნომერი შემაცვლევინა. დედა ძალიან მიყვარს, ვერ გავბედე შეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სრულიად შემთხვევით, როცა მშობლებს ეგონათ, რომ მეძინა, გავიგონე მათი საუბარი. დედა ეუბნებოდა, - რაღა ვქნათ, ყველაფერი რომ გამჟღავნდესო. მამამ უპასუხა, - მეც ძალიან ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები ისე მაქვს შედგენილი, ვერავინ შემოგვედავება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ საიდუმლო არ გამჟღავნდესო. ამის გაგონებაზე ისტერიკა დამემართა.

ჩემს ფორიაქს მშობლები ამჩნევდნენ, ვატყობდი,  განიცდიდნენ ჩემს მდგომარეობას, მაგრამ კვლავინდებურად დუმდნენ. სიმართლის გაგება მინდოდა. უკვე აღარ ვეჭვობდი, რომ აყვანილი შვილი ვიყავი. მოთმინების ძაფი რომ გამიწყდა, მშობლებს გამოვუცხადე, - თუ სიმართლეს არ მეტყვით, შინიდან წავალ და თვალით აღარ დაგენახვებით-მეთქი. სხვა გზა არ ჰქონდათ, ყველაფერი მიამბეს. თურმე, მათი ახლო მეგობარი მუშაობდა ბავშვთა საავადმყოფოში, ის ცდილობდა უშვილო ცოლ-ქმარს დახმარებოდა და როცა გაიგო, ოთხშვილიან ოჯახს კიდევ ტყუპი გოგო შეეძინა, გადაწყვიტა, რისკზე წასულიყო. სიტუაცია ყველანაირად შესაფერისი იყო. მე და ჩემი ტყუპისცალი მართლაც ცუდად ვიყავით, მერე კი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მათ უნდოდათ. დოკუმენტები გააყალბეს, მამაჩემი ხომ ისეთ სამსახურშია, ყველაფერზე მიუწვდება ხელი და  ასე გავხდი  მათი შვილი...

სალომეს ნაამბობის შემდეგ სიმართლეს ფარდა აეხადა. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო დედა-შვილის და ტყუპის შეხვედრა. სალომე შეძლებულ ოჯახში აღიზარდა, სადაც მას არაფერი მოჰკლებია. გამზრდელმა მშობლებმა აღიარეს, რომ შვილის ყოლის სურვილის გამო დიდ ცოდვაში ჩაცვივდნენ, მაგრამ ამ ცოდვის გამოსწორებას იმითღა ცდილობდნენ, რომ ერთადერთ ქალიშვილს ყველანაირად ხელს უწყობდნენ აღზრდასა და განათლების მიღებაში. მართლაც 15 წლის სალომემ სამი უცხო ენა უკვე იცოდა, მშობლებმა იგი ოთხი წლის წინ ლონდონში გაუშვეს ერთთვიანი საზაფხულო-სასწავლო პროგრამით. დადიოდა ჩოგბურთსა და სამეჯლისო ცეკვებზე... მოკლედ, არაფერი აკლდა.

ნინო და დავითი  მიხვდნენ, რომ წარსულის ცოდვას თუ გამოეკიდებოდნენ, უპირველესად, მათი გოგონა და დანარჩენი შვილებიც დაზარალდებოდნენ. ამიტომ გულისტკივილი წარსულს გადააბარეს და მეექვსე შვილის პოვნით გამოწვეულ დიდ სიხარულს დასჯერდნენ.

სალომე-ბაია ბედნიერია, რომ ჰყავს ზუსტად მისნაირი დაიკო, ოთხი უფროსი ძმა და წყვილი დედ-მამა.

წაიკითხეთ ასევე: ქმარმა ყველაფერი მაპატია