"ახლა კი ნანობს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ახლა კი ნანობს, მაგრამ..."

ამ ახალგაზრდებმა ზომა-წონა არაფერში იციან. თუ რამე მოეწონათ ან აიჩემეს, არც მშობლის რჩევა ესმით, არც სხვა ახლობლისა. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი თავნება მეზობლის გოგოს ამბავი თქვენთვის მომეწერა (რა თქმა უნდა, მის მშობლებს შევუთანხმდი).

თეკლა ლამაზი, მაგრამ ძალიან უცნაური გოგოა. მეთორმეტე კლასში გადავიდა და უკვე დიდი ჰგონია თავი. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის ეპუება. უკვე ერთი წელია, ერთი ბიჭი უყვარს. ამას წინათ იჩხუბეს და ეს ჩვენი თეკლა დაემუქრა თავის შეყვარებულს, - იცოდე, განანებ, ისეთ რამეს ჩავიდენო... და იცით, რა ჩაიდინა? თბილისის ზღვაზე წავიდა, გადაივლო ის ყბადაღებული ლეღვის ფოთლის ნახარში და მთელი დღე მზისგულზე დაწვა... უკვე იცოდა, რა შედეგსაც მიიღებდა და მაინც გააკეთა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა! მთელ ტანზე წყლიანი ბუშტები გაუჩნდა. დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

ის ბიჭი კი, რომელსაც თეკლა დაემუქრა, ისე შეშინდა, საერთოდ გაქრა. ამხანაგთან უთქვამს, - ახლა ასე მატერორებს და ცოლი რომ გახდება, მერე რას მიზამს, აღარ მინდა მისკენ გახედვაო.

თეკლა ნანობს თავის საქციელს. მშობლები და ახლობლები შავ დღეში ჩაგვაგდო, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს, რომ დამნაშავეა. ჩუმად რომ არის და ექიმის დანიშნულებას ზუსტად ასრულებს, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. იმედია, მისი თანატოლი გოგონები მსგავს ექსპერიმენტს არ ჩაიტარებენ საკუთარ თავზე ვინმეს დასაშინებლად.

მაია სიმონიშვილი, თბილისი