სიყვარულის მიუხედავად, ბევრი ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას... - კვირის პალიტრა

სიყვარულის მიუხედავად, ბევრი ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას...

ერთმანეთს იმ იმედით დაემშვიდობნენ, რომ ძალიან მალე სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ

ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი გახლავთ შალვა აბზიანიძე. ამას წინათ დამირეკა, -  კარგა ხანია რედაქციაში მოსვლას ვაპირებ, მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი, ხან - რამ. გაჭიანურებული კი არაფერი ვარგა და გადავწყვიტე, აღარ გადამედო. ერთი სიყვარულის ამბავი მინდა მოგიყვეთ. თქვენს წერილებში ხშირია ისეთი ამბები, სადაც კაცი არაფრის გამკეთებელია, უსუსური და უპრინციპოა, ქალი კი ოჯახისთვის თავგადაკლული და უღალატო. ვიცი, რომ თქვენთან უფრო ქალები მოდიან და ერთგვარად გულს იოხებენ... მე კი მინდა გითხრათ, რომ კაცებმა ქალებზე არანაკლები (თუ მეტი არა) სიყვარული ვიცით. ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, რომ თქვენც გაოცდებით და მკითხველიცო.

- პლეხანოვზე გაზრდილი კაცი ვარ. მე-19 სკოლა დავამთავრე. მე და გია ბავშვობიდან ვმეგობრობდით, კლასშიც ერთ მერხს ვუსხედით. გიას ტექნიკური საგნები იტაცებდა, განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. მე - პირიქით. ლექსების წერა მეხერხებოდა. გია "გიჟპოეტას" მეძახდა. როცა მედიკო შეუყვარდა, მე მთხოვდა ლექსის დაწერას. ახლაც შენახული აქვს მედიკოს, მის ცოლს, ჩემი ლექსები, რომელიც კარგა ხანს გიას დაწერილი ეგონა. წლების შემდეგ, გიამ ავტოსაინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა, მე - ისტორიული. სულ ვპირდებოდი, შენს სიყვარულზე რომანი უნდა დავწერო-მეთქი. სიტყვა კი გავტეხე, მაგრამ ახლა, რახან თქვენთან მოვედი, ვიცი, რომ დანაპირებს ნაწილობრივ მაინც შევასრულებ.

მაშინ გიამ ყველა გაგვაოცა თავისი ერთგულებითა და პრინციპულობით. ისე უყვარდა მედიკო, რომ ორშვილიანი და ფეხმძიმე ქალი ცოლად მოიყვანა - მესამე ბავშვს მედიკო სამ თვეში ელოდებოდა. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა?! მაგრამ სჯობს, თავიდან გიამბოთ ყველაფერი...

მეექვსე კლასში ვიყავით, მედიკო რომ შემოგვიერთდა. ისეთი ლამაზი გოგო იყო, ყველა ბიჭს დანახვისთანავე შეგვიყვარდა. თურმე მედიკოს მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ სამუშაოდ, უმცროსი შვილი თან მიჰყავდათ, უფროსი კი ბებოს დაუტოვეს. იგი საბურთალოდან გადმოვიდა პლეხანოვზე. თავიდან ძალიან ენატრებოდა დედ-მამა, არ აქტიურობდა, ჩაკეტილი იყო, მერე თანდათან შეგვეჩვია და გახალისდა. მათემატიკა მასაც უჭირდა და ყველა საკონტროლოზე გიას გვერდით იჯდა ხოლმე. ვატყობდი, ჩემს მეგობარსაც ძალიან მოსწონდა ახალი კლასელი და დიდსულოვნად "დავუთმე" ადგილი. სხვა კი არ აღმოჩნდა ჩემნაირი დამთმობი... კვირაში სამჯერ მაინც სკოლის უკან გავდიოდით, მედიკოს გამო ხან გარჩევები იყო, ხან გაწევ-გამოწევა და ჩხუბი. მაშინ დანის ხმარება დიდი სირცხვილი იყო, სისუსტედ ითვლებოდა, რადგან ვინც დანას იხმარდა, ცხადი იყო, თავისი თავის იმედი არ ჰქონდა... ყველა ჩხუბში გიას გვერდით ვიყავი, მის ნაცვლადაც ბევრჯერ მომხვედრია. წუთითაც არ ვტოვებდი "გაჭირვებაში" ჩავარდნილს. ამ ბათქაბუთქში ჩაიარა სკოლის წლებმა. ბოლოს, თავად მედიკომ განაცხადა, - მე მხოლოდ გია მიყვარსო.

მიუხედავად ამისა, სტუდენტები გავხდით თუ არა, მედიკოს კურსელის ძმამ უკან არ დაიხია და თბილისში ყველაზე ლამაზი გოგო მოიტაცა. დღესაც ვერ გეტყვით, მაშინ რა მოხდა ისეთი, რომ მედიკომ გიას თხოვნას - მე გამომყევი ცოლადო, ყური არ ათხოვა, იმ კაცთან დარჩა და მთელი 10 წელი იცხოვრა.

გია ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, რა თქმა უნდა, ცოლის შერთვაზე არც კი ფიქრობდა, რაც ძალიან აწუხებდათ მის მშობლებს, მაგრამ იცოდნენ გიას ხასიათი და ვერაფერს ეუბნებოდნენ. მედიკომ ორი ბავშვი გააჩინა. მას არტოს ბაღში, სადაც ჩვენი ერთ-ერთი კლასელი იყო ლოტბარი, სიმღერაზე დაჰყავდა შვილები. მესამეს ელოდებოდა, როცა გადაწყვიტა ქმარს გასცილებოდა, - არ იყო ბედნიერი იმ კაცთან. ვერა და ვერ შეეჩვია მას.  თითქმის არც კი ელაპარაკებოდა ქმარს. იმასაც, ეტყობა, მოჰბეზრდა მედიკოს ლოლიავი და საყვარელი გაიჩინა. ალბათ ფიქრობდა, ორი შვილის დედა  არსად წამსვლელი აღარ არისო.

გიამ გაიგო, სადაც დადიოდა მედიკო შვილებთან ერთად და მოუხშირა არტოს ბაღში სიარულს... მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ახალი, უფრო დიდი ძალით იფეთქა სიყვარულმა. გია ხშირად მოდიოდა ჩემთან და გულს მიხსნიდა. მან მედიკოს უთხრა, - უშენობა მიჭირს, სხვა ქალისკენ არ ვარ გამხედავი, სიკვდილამდე დაგელოდებიო და მედიკომაც აღარ ალოდინა. ერთ დღესაც გიას სახლში მიაკითხა, დიდხანს საუბრობდნენ, წარსულიც გაიხსენეს და მომავლის გეგმებიც დასახეს. დამშვიდობებისას ერთმანეთს იმ იმედით დაემშვიდობნენ, რომ ძალიან მალე სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ.

მაშინ 29 წლისანი ვიყავით. ატყდა ერთი ამბავი. მედიკოს ბევრი ლანძღავდა, გიას კი, უტვინოსა და გამოშტერებულს ეძახდნენ. ქმარი რამდენჯერმე მიუვარდათ სახლში, მაგრამ გია მაგრად დახვდა. სხვათა შორის, გიას მშობლებს ერთი სიტყვაც  არ უთქვამთ, იცოდნენ შვილის ამბავი და იმიტომ. მერე მესამეც გაჩნდა, გოგონა. გია თან ჰყვებოდა გერებს. ყოველ შაბათ-კვირას მედიკოს შვილებს ასეირნებდა. ერთხელ წამომცდა, - გერები ძალიან დაგემსგავსნენ, ვერავინ იტყვის, რომ მათი ბიოლოგიური მამა არ ხარ-მეთქი და კინაღამ მომკლა, - მეორედ არ წამოგცდეს ეს სიტყვა, სამივე ძალიან მიყვარს, ჩემები არიან, აბა, ვისიო?! ერთი წლის შემდეგ საერთო შვილიც გაუჩნდათ, ისიც გოგონა. მსგავსი ტკბილი ოჯახი, პირადად მე, არსად მინახავს.

გია 3 წლის წინ გარდაიცვალა. უფროსი ბიჭები ბიზნესმენები გახდნენ, ხშირად საზღვარგარეთ უწევთ სიარული. გოგონები ექიმები არიან. არც ერთს არ გამორჩებათ გიას დაბადების დღე. სადაც უნდა იყვნენ, იმ დღეს მაინც ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას და საფლავზე გასვლას. თავიანთ ბიოლოგიურ მამასთანაც აქვთ ურთიერთობა, მაგრამ გია ძალიან უყვარდათ და ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ.

მედიკო ახლაც ამბობს: ბედნიერი ქალი ვარ, რომ ამისთანა კაცის ცოლი ვიყავიო. დასანანია, რომ გია გამოგვაკლდა, მაგრამ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ცას ხომ ვერ გამოვეკერებით! ხშირად, როცა მისი საახლობლო ვიკრიბებით და ვიხსენებთ წარსულს, ყველა აღვნიშნავთ, რომ ის უიშვიათესი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, ერთგული და უზარმაზარი გულის პატრონი, ამქვეყნად სიყვარულით იცხოვრა და იმ ქვეყნადაც სიყვარული გაიყოლა თან. ბევრი ვერ შეძლებდა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც მან გააკეთა. სიყვარულიც ასეთი უნდა!