ღმერთი სიყვარულია! - კვირის პალიტრა

ღმერთი სიყვარულია!

ჩემი წერილი ცოტა ბანალურად უნდა დავიწყო... დიდი ხანია თქვენი მკითხველი ვარ. მალე 60 წლის გავხდები, მარტოხელა ქალი გახლავართ და თქვენი გაზეთი ჩემთვის მარტოობის წამალი და დიდი ნუგეშია. ძმაც მყავს, ძმისშვილებიც, მეგობრებიც და ნათესავებიც, მაგრამ ყველას თავისი საზრუნავი აქვს და სად სცალიათ ჩემთვის? "კვირის პალიტრა" კი ყოველ ორშაბათს შინ მესტუმრება და კარგა ხანს (3-4 დღე) მართობს, "მელაპარაკება".

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი გვერდი მაინც "თქვენთვის, ქალბატონებოა", სადაც, სოციალურის გარდა, ადამიანურ ურთიერთობებზე ბევრ რამეს ვიგებთ. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფოს შენების საძირკველიც ამ ურთიერთობებიდან იწყება. ოჯახი ხომ მინისახელმწიფოა, სულიერება კი, სწორედ ადამიანის ხასიათში, მის ნამოქმედარსა და ნაღვაწში უნდა ვეძიოთ.

ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდა აზრი გაგიზიაროთ: წინა ნომერში გამოქვეყნებულმა წერილმა ძალიან გამათბო (კაცმა რომ სამშვილიანი ქალი შეირთო ცოლად, რომელიც სკოლის მერხიდან უყვარდა). ღმერთი სიყვარულიაო! არავისი არაფერი შემშურებია. რაც წლები მომემატა, შემშურდა იმ ქალებისა, რომლებსაც შვილები და შვილიშვილები გარს ეხვია. მერე თავს ვაჯობე, შური განვაგდე და ბედს შევეგუე. ჩემს მეგობარს ჰყავს ობოლი შვილიშვილი (დედამისი მშობიარობას გადაჰყვა) და მასზე გადავიტანე დედობრივი გრძნობა. რაც კარგი ჩამივარდება ხელში, ნინიკოსთან მივარბენინებ.

სიყვარულზე ფიქრს რატომღაც ყოველთვის გავურბოდი (ეტყობა, ესეც კომპლექსის და შინაბერობის ბრალია). ამ წერილის შემდეგ კი, იმ დაძლეულმა შურმა ხელახლა გაიღვიძა. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე, - იმ ქალის ადგილზე ნეტავ მე ვყოფილიყავი-მეთქი. ახალგაზრდობაში მეც მყავდა შეყვარებული. 15 წლისამ ბებოსთან სოფელში გავიცანი ჩემზე ერთი წლით უფროსი ბიჭი. მახსოვს, ერთხელ, ფილმის ნახვის მერე სოფლის კლუბიდან რომ გამოვედით, ცალკე გამიყვანა და სიყვარულში გამომიტყდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე დედამ გაიგო და გამიჯავრდა, - რა დროს სიყვარულობანაა, სწავლაზე უნდა იფიქროო. უფროსმა ძმამ ის ბიჭი გააფრთხილა, - არ გაეკარო ჩემს დას, თორემ ცხვირ-პირს დაგინაყავო. მეც რომ თავი ავარიდე (არ მინდოდა ჩემ გამო უსიამოვნება შეხვედროდა), იფიქრა, რომ არ მიყვარდა და თავი დამანება. მას მერე აღარც მინახავს. მსგავსი გრძნობა - ლამაზი და ძალიან სათუთი აღარ განმეორებულა.

იყვნენ თაყვანისმცემლები, მთხოვნელები, მაგრამ გულმა არავისკენ არ გამიწია. სწავლაზე გადავერთე. პედაგოგიკის დარგში ხარისხიც მაქვს... 34 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა, შემდეგ დედა ჩავარდა ლოგინად. 12 წელი ვუვლიდი. ჩემს ძმას ცოლ-შვილიც ჰყავს და შვილიშვილებიც, ყურადღებას არ მაკლებენ, მაგრამ მაინც მარტო ვარ. საკუთარი სულ სხვა ყოფილა. არადა, ძმამ ის მოიყვანა, ვინც მას უნდოდა. აAხლაც კი ღიმილით ვსაყვედურობ, - რას მერჩოდი, ვინც მიყვარდა, რატომ გამიქციე-მეთქი. სინდისი კი ქენჯნის, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს, - ასე ძალიან თუ გიყვარდა, გაჰყოლოდი, რატომ დამიჯერეო. არადა, ისე ვიყავი გაზრდილი, უფროსის ნება-სურვილს როგორ გადავიდოდი!..

ამ წერილს იმით დავამთავრებ, რითიც დავიწყე. გმადლობთ, რომ არსებობთ.

პატივისცემით ნელი სხირტლაძე, თბილისი