სასიყვარულო სამკუთხედი, ანუ ღალატი, სიკვდილი, ცოდვა - კვირის პალიტრა

სასიყვარულო სამკუთხედი, ანუ ღალატი, სიკვდილი, ცოდვა

ცხოვრებაში ბევრია ერთმანეთის მსგავსი სიტუაცია. ამას წინათ, როცა ბავშვების გასხვისებაზე დაიბეჭდა წერილი, ოთხმა კაცმა მაინც დამირეკა - საიდან იცოდით ეს ამბავიო...

მართლაც, ერთმანეთის მსგავსი ამბები იმდენად ხშირია, რომ ბევრს თავისად მიაჩნია. შემდეგ იქმნება თემები, ბევრისთვის რომ პრობლემური და მტკივნეულია. აქედან გამომდინარე, მას არც ყავლი გასდის.

რამდენიმე დღის წინ ერთმა მკითხველმა წერილი მომწერა, რომელიც გავრცელებულსა და ყბადაღებულ სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდა. ინკოგნიტო რესპონდენტმა თავისი ნათესავი ყმაწვილის ამბავი მიამბო. ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობიდან ჯერ ერთი წელიც არ არის გასული... ამ სამკუთხედში მთავარი დამნაშავე ქალია და ახლობლები სწორედ ქალს აბრალებენ ყმაწვილის სიკვდილს.

ეს ამბავი მარტო ბრალდება კი არა, - მითხრა რესპონდენტმა, - გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც სიყვარული თავგზას უბნევსო...

...გიო და კახა ფეხბურთზე ერთად დადიოდნენ. იქ დამეგობრდნენ. მერე ერთ-ერთი თანაგუნდელის დაბადების დღეზე მაკა გაიცნეს. ორივეს მოეწონა გოგონა. მალე გამოაშკარავდა, რომ გოგონამ გიო არჩია. კახა უსიტყვოდ გადგა გვერდზე. ხუთი წლის შემდეგ გიო და მაკა დაქორწინდნენ, გოგონა შეეძინათ. გიო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ ფეხბურთის გამო ხშირად უწევდა საგნის გადაბარება, ზოგჯერ რჩებოდა კიდეც კურსზე, რის გამოც მეგობრებმა ხუმრობით "მარადმწვანე სტუდენტი" შეარქვეს. კახამ კი საბანკო საქმე შეისწავლა. გიო ძალიან ფიცხი იყო, უბანში ჩხუბის წამომწყები. მიუხედავად ამისა, იგი სამეგობროს გული და სული იყო. ბოლო ლუკმას მეგობარს მისცემდა, არაფერი ენანებოდა.

ფეხბურთს დიდი გულისტკივილით დაანება თავი. მწვრთნელმა არ აპატია მორიგი კონფლიქტი - ან მე დავტოვებ აქაურობას, ან შენ უნდა წახვიდეო. გიოც წამოვიდა. თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელთან დავა მოედნის გარეთაც გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ერთ ღამის კლუბში აყალმაყალის ატეხისათვის გიოს პირობითი სასჯელი არ აკმარეს და 2 წელი შეუფარდეს. გავიდა ერთი წელი... ალბათ აჯობებდა, ცხაურს მიღმა გამოკეტილისთვის სიმართლე არ ეთქვათ. გიოს ძმაკაცებმა გააგებინეს, - შენი ცოლი კახასთან გადავიდა საცხოვრებლადო. ცოლისა და მეგობრის ღალატმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ის უფრო აგიჟებდა, რომ მოღალატეებს სამაგიეროს ვერ უხდიდა. ერთ დილას თანასაკნელებმა გიო მომაკვდავი ნახეს - ლითონის ფინჯნის ყურით გადაეჭრა ვენები. ატყდა ერთი ამბავი, მოვარდა ციხის ექიმიც, სასწრაფო დახმარებაც. გიო სასწაულებრივად გადარჩა. ცოტა ხანს ციხის საავადმყოფოში იწვა, მერე საკანში დააბრუნეს.

ასე ეგონა, ორმა წელმა კი არა, ორასმა წელმა მაინც გაიარა. თანამოსაკნეებს წარამარა ეკითხებოდა, - დრო გაჩერდა, თუ მეჩვენებაო... ძალიან გაუჭირდა საპატიმროში ყოფნა. ეს მისთვის ნამდვილი წამება იყო. გათავისუფლებამდე სამი თვით ადრე შეატყობინეს, - მაკამ ბავშვი შენებს დაუტოვა და კახასთან ერთად საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლადო. რაღა  ექნა, ბედს უნდა შეჰგუებოდა... მაგრამ პატიმრობამ, ღალატმა და იმის შეგრძნებამ, რომ ორმა უახლოესმა ადამიანმა ზურგში ლახვარი ჩასცა, ერთიანად მოუღო ბოლო მის ნერვებს. ისედაც ფიცხი ციხემ მთლად გაანადგურა. ერთი თვეც არ იყო გასული მისი გათავისუფლებიდან, რომ საკუთარი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს დიდი ტრაგედია იყო ყველასთვის, ვინც გიოს იცნობდა.

იმ ორისთვის, მართალია, გიო საშიში აღარ იყო, შეიძლება გიოს სიკვდილით შიშისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ იმ დიდ ცოდვას რას უზამენ, რომელიც თანდათან უფრო დაუმძიმებთ სულს...