შელოცვის ძალა - კვირის პალიტრა

შელოცვის ძალა

სასწაული ხშირად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ იმ წუთებში ვერ ვაცნობიერებთ. ზოგიერთს არც ავი თვალისა და ჯადოსი სწამს, არადა, ერთიც არსებობს და მეორეც.

რამდენიმე დღის წინ მეგობართან ვიყავი სტუმრად. იქ დამხვდა რამდენიმე ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი. სიტყვამ მოიტანა და, ცოტა ხანში ზემოხსენებულ თემაზე ჩამოვარდა ლაპარაკი.

- ჯადოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ოჯახზე გულაცრუებული კაცი რომ შინ მოაბრუნეს, ამის მოწმე თვითონვე ვარ, - მითხრა ერთმა ქალბატონმა და ერთი ამბავი გაიხსენა:

- რაჭველი გახლავართ. სტუდენტობისას ერთი სული მქონდა, როდის დამეწყებოდა საზაფხულო არდადეგები, რომ რაჭაში წავსულიყავი. ერთ ზაფხულს, დედაჩემმა სამწუხარო ამბავი დამახვედრა: შენს ბიძაშვილს ქალი გოუჩენია, ცოლი აღარ უნდა, ოჯახი დანგრევის პირსაა და რა ვუშველოთ, არ ვიცითო. ძალიან შევწუხდი. იმავე საღამოს ჩემს სანახავად მოსულ მეზობელსაც იგივე შესჩივლა დედაჩემმა, იმან უთხრა: - მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ფოტოს წინ დეიდებს, ლოცვებს კითხულობს და მერე შინ ატანს რაღაცას, ავის განსადევნსო... მუხლებში ჩაუვარდა დედაჩემი, - იქნებ ვუშველოთ ბეჟუნიკასო.

მართლაც, წავიდა ციცო დეიდა და რამდენიმე საათში გახარებული მობრუნდა, თან ანგარიში ჩაგვაბარა: შინ გვქონდა ბეჟუნიკას ფოტოსურათი, იმას ლოცვები წაუკითხა, სანთლის ნახევარი და ლოცვის მცირე ტექსტი წვრილად დაწერილი ქე გამომატანა, ნაჭერში უნდა შევახვიოთ და პიჯაკის შიგნით გამოვუკეროთო... დედაჩემმა დაიბარა ბეჟუნიკას აცრემლებული ცოლი, დაარიგა, რა უნდა ექნა და ყველა ერთად სასწაულის მოლოდინში გავფაციცდით. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ჩემი ბიძაშვილი დარცხვენილი მიადგა თავისი სახლის ჭიშკარს, ცოლ-შვილს საჩუქრები მიუტანა და პატიება ითხოვა. აპატიეს, აბა, რა უნდა ექნათ...

ერთი თვის შემდეგ ჩვენი თანასოფლელი, ამბროსი ბაბუა გარდაიცვალა. არავინ ჰყავდა ახლობელი და მთელმა სოფელმა მიიღო მონაწილეობა მის დაკრძალვაში. დასაფლავების დღეს წვიმამ დასცხო, ბეჟუნიკამ პიჯაკი გაიხადა და მამაჩემს ჩააცვა, - არ გაგვიცივდე, ახლა შენ არ გვატიროო... იმ დღის მერე ძალიან შეიცვალა მამა. მე უკვე თბილისში ვიყავი, დედაჩემმა წერილი რომ მომაყოლა უკან: "რაც შენ წახვედი, ვეღარ ვცნობ მამაშენს. ძალიან ყურადღებიანი გახდა. სასწაული სჭირს, თაფლად იღვრება, სანთლად დნება, რა გამიკეთოს,M აღარ იცის. ნეტავ, რამე ხომ არ სჭირს და მიმალავს? კაცებმა ასე იციან, როცა დღეები დათვლილი აქვთ. ჩამოდი, იქნებ შენ მაინც გაგიმხილოს, რა უბედურებაცაა ჩვენს თავს"...

მეორე დღესვე გავვარდი და დედას დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი. ახალშერთული რომ ჰყავდეს კაცს ცოლი, ალბათ ის არ მოეფერება იმდენს, რამდენსაც მამაშენი. ჯერ მე უნდა მიმაცილოს სკოლამდე (დედა მასწავლებელია), მერე თვითონ მიდის სამსახურში, გაკვეთილების შემდეგ კი სკოლის დერეფანში მელოდება. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ნუთუ ეჭვიანობს? არადა, რაღა დროს ჩვენი ეჭვიანობაა, ოცი წლის ცოლ-ქმარი ვართ. ვაითუ, რამეს მიმალავს და იმიტომაც დამიტკბა, რომ მალე უნდა გამომეთხოვოს? - ცრემლი მოიწმინდა დედამ. რა მეპასუხა, არ ვიცოდი, ამასობაში მამაჩემიც მოვიდა, ჩემი დანახვა გაუკვირდა და გაუხარდა, დედაჩემი სკამიდან არ ააყენა, შენ ქალიშვილთან იჭუკჭუკე, სუფრას მე გავშლიო და ვახშმის სამზადისს შეუდგა. პირდაღებული მივჩერებოდი მამას.

- ე, რას გეუბნებოდიო, - ჩაილაპარაკა დედაჩემმა და ლოყა ჩამოიხოკა.

ამასობაში ჩვენმა მეზობელმა შემოაღო კარი. დედამ მასაც შესჩივლა, - შენთან სალაპარაკოდ ვეღარ მოვიცალე, ძალიან მაშინებს შალვას საქციელიო და... მოკლედ, იმასაც დაწვრილებით უამბო ყველაფერი. ციცო ჩაფიქრდა, მერე სკამზე შეხტა და იყვირა: - შენს შალიკუნას ბეჟუნიკას პიჯაკში ხომ არ გაუყვია ხელიო? დედა ვერაფერს მიხვდა და თავი დაუქნია, - კი, ამბროსის ქელეხიდან სხვისი პიჯაკი ეცვა, მგონი, ბეჟუნიკამ მისცა თავისიო...

- მომიტანეთ ის პიჯაკი! - გასცა განკარგულება ციცო დეიდამ. მივირბინე საკიდართან, ჩამოვიღე ნაცრისფერი პიჯაკი და მეზობელს წინ დავუდე. მან ჯერ ხელით მოსინჯა მკლავები, მერე რაღაცას მიაგნო, თვალები აუციმციმდა და მაკრატლით პატარაზე გაჭრა სარჩული. იქიდან ის ამოაძვრინა, რაც იმ შემლოცველისგან წამოიღო ბეჟუნიკას ჭკუაზე მოსაყვანად... სამივეს ისეთი სიცილი წაგვსკდა, მამაჩემი სამზარეულოდან გამოვარდა.

- რა ხდება, ხომ მშვიდობააო.

აი, ასე იხსნა ერთი ახალგაზრდა კაცის ოჯახი დანგრევისგან შელოცვამ, ასაკოვანი კი გახელებულ მიჯნურს დაამსგავსა...