წუნიას ხვედრი - კვირის პალიტრა

წუნიას ხვედრი

ბიჭი დაძაბული ელოდა განაჩენს... გოგომ მიახალა, - შენნაირს რომ ცოლად არ გავყვებოდი, თავიდანვე უნდა გცოდნოდაო

"იცოდე, ვინაა შენი ტოლი და სწორი, თავი არავის გაუყადრო, შენი შესაფერისი მოძებნე და მერე იფიქრე გათხოვებაზე", - პატარაობიდან მოძღვრავდა დედა ლიზის და მანაც 13 წლიდან ცხვირი ისე ასწია, გოგონებთანაც ვეღარ ახერხებდა ურთიერთობას. გარეგნობით ძალიან კარგი იყო, სწავლითაც გამოირჩეოდა, ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაგრამ როგორც კი მის ხასიათს შეიცნობდნენ, ყველა იმედგაცრუებული რჩებოდა - ასეთი ლამაზი და ასეთი უკარება ჯერ არ გვინახავსო. თუმცა, სიყვარულს რას გაუგებ? ზაზა ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ლიზის უჟმურობის მიუხედავად, მაინც მისი ერთგული დარჩა. 8 წელი ელოდა, იმედი ჰქონდა, დაითანხმებდა ცოლობაზე, მაგრამ გოგო თავს არ უყადრებდა, მეტიც, ბოლო ხანს სხვების თანდასწრებით დასცინოდა, ამცირებდა... ლიზი ზაზას არსებობას ისე შეეჩვია, როგორც აუცილებელ ატრიბუტს. "ის ჩემი ცოცხალი სამკაულია, როცა მინდა, გამოვცვლი ან მოვისვრი, ან გავაჩუქებ", - ამბობდა სიცილით. მოჰბეზრდა ზაზას მისი ქილიკი და ცინიზმი და ერთ დღეს უთხრა: - უკანასკნელად გეუბნები, რომ მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი გახდე. თუ ამჯერადაც უარს მეტყვი, აღარასოდეს მოვალ შენთანო.

ამას რომ ამბობდა, სახეზე ფერი არ ედო ზაზას, დაძაბული ელოდა ლიზის განაჩენს. ბოლოს, ლიზისგან ასეთი პასუხი მიიღო: - შენნაირს რომ ცოლად არ გავყვებოდი, თავიდანვე უნდა გცოდნოდა და დროც აღარ დაგეკარგაო. ზაზა კარგა ხანს მისჩერებოდა გოგოს, რომელიც უსაზღვროდ უყვარდა და ასე სასტიკად ექცეოდა. არა! ამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა... ზაზა წავიდა. სიტყვა არ გატეხა - ლიზისკენ აღარც გაუხედავს. ერთ წელიწადში იგი ამერიკაში წავიდა, მოგვიანებით მისმა მშობლებმა ე.წ. "მწვანე ბარათი" მოიგეს და ისინიც შვილთან გაემგზავრნენ.

როგორ წარიმართა მშვენიერი ლიზის ცხოვრება? არც ისე კარგად და წარმატებულად, როგორც დედამისი და თავად ფიქრობდნენ. 27 წლისას ერთი ბიზნესმენი გააცნეს. ბესო მაშინვე მოიხიბლა ლიზით; მას ცხოვრება მოწყობილი ჰქონდა და ლიზიმაც ამიტომ გადაწყვიტა მისი ცოლობა, თუმცა ქორწინებიდან ერთ თვეში პირველად მოენატრა ზაზა. სევდა ხანდახან მარწუხივით უჭერდა გულზე...

ორი წლის შემდეგ ბესო გაკოტრდა. იძულებული გახდა, სახლი და აგარაკი გაეყიდა და დედასთან გადასულიყო ოროთახიან ბინაში. ლიზი ისედაც გულაცრუებული იყო ბესოზე, უცერემონიოდ ჩაალაგა თავისი ნივთები და მშობლებთან დაბრუნდა.

30 წლისამ ერთ-ერთი მთხოვნელი სიძუნწის გამო დაიწუნა, მეორეს - რეგვენის შესახედაობა აქვს, შტერივით იცინისო, - დაუსვა დიაგნოზი. არც ბანკირ ნიკაზე მიუვიდა გული, რომელიც თურმე წარამარა საათზე იყურებოდა... ეკონომისტი გურამი იმიტომ არ მოეწონა, რომ დროდადრო შემელოტებულ თავზე თმას ისწორებდა... ლიზის დედას უკვე ნერვები ეშლებოდა ქალიშვილის წუნიაობაზე, მაგრამ მისი ბრალი იყო და ახლა რაღას უშველიდა!

დედა უკვე გათხოვებას კი არა, იმასღა ეხვეწება, - შვილი მაინც გააჩინე ვინმესგან, რომ სიბერეში პატრონი გყავდესო... ლიზი თითქოს ყინულის დედოფლად იქცა. მხოლოდ ერთხელ, როცა სკოლის დროინდელ ფოტოებს ათვალიერებდა, წამოსცდა, - ახლა ვხვდები, რომ ზაზა გულწრფელად მიყვარდა, ჩემი მედიდურობით კი საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდიო. მისი გულახდილობით შეძრული მეგობარი დაჰპირდა, ზაზას კოორდინატებს გაგიგებო, მაგრამ 17 წლის წინ ამერიკაში გადასახლებულ კაცთან დაკავშირება არც ისე იოლი გამოდგა; თანაც ლიზი მალევე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მის ძებნას, მათი ერთად ყოფნა გამორიცხული იყო, ამიტომაც მეგობარი მკაცრად გააფრთხილა: - არ გაბედო და ჩვენს საერთო ნაცნობებს არ ჰკითხო არაფერი ზაზაზეო...

ახლა ყოველ დილით, სამსახურში წასვლამდე თავის საყვარელ ძაღლს ასეირნებს ვაკის პარკში. მერე სამსახურში მიდის, იქიდან შინ გვიან ბრუნდება, ჩართავს ტელევიზორს, ხანდაზმული დედის გვერდით მოკალათდება და იქამდე უყურებს, სანამ თვალები არ მიელულება. მერე დედა შეაღვიძებს, ლიზიც საძინებელში გადაინაცვლებს. დილით ყველაფერი თავიდან იწყება...