უცნაური სახელები - კვირის პალიტრა

უცნაური სახელები

ამას წინათ უცნაურ გვარ-სახელებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ერთმა ერთი თქვა, მეორემ - მეორე და იმდენი რამ მოვისმინეთ, სიცილისგან ძალა გამოგვეცალა. ეს ამბები რომ აიკინძოს, კარგი იუმორისტული წიგნი გამოვა, მაგრამ ამჯერად მინდა ჩვენი მკითხველი გავახალისო და რამდენიმე ამბავი ვუამბო.

ახალბედა მთარგმნელი

ერთ-ერთ გამომცემლობაში რუსულის მცოდნე მთარგმნელი ესაჭიროებოდათ. კორექტორად მუშაობდა სოხუმიდან დევნილი ქალბატონი, რომელმაც თავისი ნათესავი ქება-დიდებით ცაში აიყვანა რედაქტორთან: ნოდარიკოს მშობლებიც ბრწყინვალედ ლაპარაკობენ რუსულად და შვილსაც პატარაობიდანვე დააწყებინეს რუსულის სწავლა. ერთი სამსახური კი აქვს, მაგრამ არც მეორეზე იტყვის უარსო.

მოკლედ, ახალბედა მთარგმნელიც გამოცხადდა რედაქციაში. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ნოდარიკომ მალე მოიპოვა რედაქტორისა და თანამშრომლების სიმპათია. ერთხელ, ზუგდიდიდან გადმოგზავნილი ინფორმაციების თარგმნა დაავალეს. დაჯდა და ორ საათში ნათარგმნი განყოფილების უფროსს ჩააბარა, ცოტა ხანში მობილურის ზარი გაისმა. რედაქტორი იყო. ნოდარიკომ ვერ გაარჩია, რას ელაპარაკებოდა კაცი. ცოტა არ იყოს, დაიბნა, ვერ გაიგო, იცინოდა თუ სხვა უბედურება სჭირდა. - ბიჭო, ეს რა გიქნია, რა თარგმანი დამიტოვეო...

- არ მოგეწონათ, ბატონო თამაზ? - ჭირის ოფლმა დაასხა ნოდარიკოს.

- სისულელე როგორ მომეწონებოდა, მაგრამ უნდა გამოგიტყდე, რომ ძალიან ბევრი ვიცინე და მადლობას გეუბნები ამისთვისო, - უთხრა რედაქტორმა და ზარი გაუთიშა.

ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა მოხდა ან რა დაწერა ისეთი, რომ ამდენი იცინა ბატონმა თამაზმა. დილამდე რა მოათმენინებდა, თავის ნათესავს დაურეკა. ნოდარიკოს ხმა რომ გაიგონა, იმანაც სიცილი ატეხა... ბოლოს და ბოლოს, მეტყვით თუ არა, რა ვქენი ამისთანაო, - იფეთქა გულმოსულმა.

თურმე, ზუგდიდელი კაცი, რომელსაც ეხებოდა ამბავი, გვარად ბებია ყოფილა და მებრძოლი რქმევია. ნოდარიკოს კი ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ უთარგმნია - "<,ჯტდფზ ,ფ,ეირფ". ეს რომ გაიგო, თავში შემოირტყა ხელი, მაგრამ მერე თვითონაც ბევრი იცინა. რედაქციაში კარგა ხანს ხალისობდნენ ამ კურიოზზე.

გაქცეული პატარძალი

ეკა 25 წლის იყო, გათხოვება რომ გადაწყვიტა. ზაზა ძალიან თბილი, წესიერი და თავაზიანი ბიჭი იყო. სულ რაღაც სამი თვე იარეს, ერთმანეთის ხასიათს გაეცნენ და... ხომ იცით, ყველა ადამიანი თავისებურია. ეკასაც აღმოაჩნდა ერთი "ნაკლი" - გართულება ჰქონდა სახელებზე...

სულ ამას ეუბნებოდა ზაზას, - კიდევ კარგი, ასეთი სახელი გქვია, თორემ სპირიდონი, ლონგინოზი ან სერაპიონი რომ გერქვას, ცოლად ვერ გამოგყვებოდიო. ზაზა ღიმილით უსმენდა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს უქნევდა.

დადგა ხელის მოწერის დღეც. სიძე-პატარძალმა ქორწინების მოწმობას სათითაოდ ხელი მოაწერეს. ქორწინების სახლის ადმინისტრატორმა ქალმა საზეიმო სახით გამოუცხადა წყვილს: - არდალიონ მახარაძევ და ეკა ცუცქირიძევ, გილოცავთ გაბედნიერებას, ამიერიდან თქვენ ცოლ-ქმარი ბრძანდებით, ახლობლებს შეგიძლიათ მიულოცოთო...

რაო? არდალიონიო? ხომ არ მომესმაო? - ყურები ცქვიტა ეკამ.

ჯერ ზაზას შეხედა გაკვირვებულმა, მერე ადმინისტრატორს, ბოლოს, ნათესავებს შეავლო თვალი. ყველა გაბრწყინებული შესცქეროდა, მხოლოდ ზაზა ჩანდა დაბნეული. პასუხი რომ ვერავისგან მიიღო, მოწმობებს ჩახედა, სადაც შავით თეთრზე ეწერა: "ქმარი - არდალიონ მახარაძე".

- ამას მე ცოლად არ გავყვები, გააუქმეთ მოწმობა! - იკივლა ეკამ, გრძელი კაბის კალთები აიკაპიწა და უკან მოუხედავად გამოვარდა სარიტუალო დარბაზიდან. მას მაშინვე მიჰყვნენ ზაზაც და ნათესავ-მეგობრებიც...

ძლივს აუხსნა თავისი გაჭირვების ამბავი ზაზამ: თურმე მამამისს, ალექსანდრეს, ძალიან ჰყვარებია დალევა. ამის გამო ბაბუა მწყრალად ყოფილა შვილთან და როცა ალექსანდრემ ცოლი შეირთო, ოჯახის მთლად უფროსმა ბრძანა, - პირველ ვაჟს არდალიონი დაარქვით, რომ ყოველ წუთში ახსოვდეს ჩემს შვილს, ზომაზე მეტი არ დალიოსო. მისი სიტყვა კანონი იყო და უდანაშაულო ბავშვს დაბადების მოწმობაში ასეც ჩაუწერეს, თუმცა შინ კი ზაზას ეძახდნენ.

- ოღონდ არ გამიბრაზდე, ჩემი გაჭირვებაც მეყოფა და გპირდები, რომ სახელს ყველა ოფიციალურ საბუთში შევიცვლიო, - დაჰპირდა ზაზა და ასეც მოიქცა.