როცა დრო ნამდვილ სიყვარულს ვერას დააკლებს... - კვირის პალიტრა

როცა დრო ნამდვილ სიყვარულს ვერას დააკლებს...

ამ წერილის მთავარმა გმირებმა ერთმანეთი კერძო მასწავლებელთან გაიცნეს. მაშინ ორივე 17-17 წლისანი იყვნენ. ლამაზი გოგო... ლამაზი ბიჭი და - სიყვარულმა უცებ იფეთქა. ყველგან ერთად ხედავდნენ კიკინებიან გოგოს და მაღალ ბიჭს, რომელიც გულის სწორს შესციცინებდა თვალებში. ორივეს ძლიერი ოჯახი ჰქონდა. ბიჭის მშობლები მზად იყვნენ, ქორწილი გადაეხადათ, ნინოს დედ-მამა კი თავს იკავებდა, უნდოდათ, ქალიშვილს სამედიცინო ინსტიტუტში ჩაებარებინა. დადგა ზაფხული. ნინოს იმ წელს ქულა დააკლდა. ზურა კი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. ერთი წლის განმავლობაში ნინოს არ მოჰკლებია სიურპრიზები... დღე არ გავიდოდა, ზურას  საყვარელი გოგონა არ მოენახულებინა. ერთხელ ღამის 3 საათზე ნინოს სახლს მიადგა. გოგო ხმაურმა გააღვიძა. აივანზე გავიდა და რას ხედავს: მეექვსე სართულისკენ მოემართება სახანძროს კიბე, კალათში კი ყვავილებით ხელში ზურა დგას... ერთი სიტყვით, ქალაქში სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდათ, ყველას პირზე ეკერა - ნინო და ზურა.

მეორე ზაფხულს გაუმართლა ნინოს და ტარტუს სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ერთ წელიწადში შვილს თბილისში გადმოიყვანდნენ... აეროპორტში კარგა ხანს ემუდარა ზურა გოგოს, - თუ მართლა გიყვარვარ, ნუ წახვალ ტარტუშიო, მაგრამ ნინოს ამის გაკეთება არ შეეძლო. მშობლებს იმედს ვერ გაუცრუებდა, თანაც მის ოცნებას ფრთები შეესხა - სტუდენტი გახდა! აღელვებულ ზურას ამშვიდებდა, - გპირდები, რომ საახალწლოდ ჩამოვალ, მერე კიდევ ექვსი თვე და მეორე კურსიდან თბილისში გავაგრძელებ სწავლასო. როცა თბილისი-ტალინის რეისზე თვითმფრინავში ჩასხდომა გამოცხადდა, ზურამ ნინო მაგრად ჩაიკრა გულში, მერე შებრუნდა და გასასვლელისკენ გაიქცა...

ნინოსთვის სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ესტონეთში. ახალი მეგობრები, პედაგოგები, საინტერესო ლექციები... და მაინც, ზურას გარეშე ძალიან უჭირდა. ორივენი ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები. ნინომ იმდენი ქნა, გამოცდები დეკემბრის დასაწყისში ნაადრევად ჩააბარა, რათა მთელი ორი თვე ზურასთან გაეტარებინა. საქართველოში დაბრუნებულს უხაროდა, რომ   ზურას სიურპრიზი მოუწყო და იანვრის ნაცვლად დეკემბერში ჩამოვიდა... ნინოსთან მაშინვე შეიყარნენ მეგობრები. ნინომ ყურადღება არც კი მიაქცია - ზურა რომ მოიკითხა, გოგონებმა უღიმღამოდ უპასუხეს, - არის, რაო... ბევრი აღარ უფიქრია, დაქალებს უთხრა, - წამოდით, ახლა ჩვენს შეხვედრას უნდა გაყურებინოთო და გავარდა. გოგოებიც გაედევნენ. ზურას სახლს მიუახლოვდნენ და ერთ-ერთმა იყვირა: - გაჩერდით, როდემდე დავუმალოთ, რაც მოხდა, ხომ უნდა იცოდეს სიმართლეო. - ზურამ ცოლი შეირთო და მალე ბავშვიც ეყოლებაო, - მიახალა მეგობარმა. ასე ეგონა, ცა ჩამოექცა თავზე. ფეხის გადადგმასაც ვეღარ ახერხებდა. ამასობაში სადარბაზოდან ფეხმძიმე ნატა გამოვიდა, უკან ზურა მოჰყვებოდა. ნინო რომ დაინახა, გაფითრდა. გაოგნებული გოგო კი  შებრუნდა და გაიქცა... შინ გულამოვარდნილი შევარდა, საწოლზე დაემხო და დიდხანს, ძალიან დიდხანს იტირა.

მიხვდა ნინო, რომ სამუდამოდ დაკარგა სიყვარული. იმასაც მიხვდა, რომ ვერასოდეს აპატიებდა ზურას ღალატს. ჩაალაგა ჩემოდანი და ტარტუში დაბრუნდა...

ნინოს თბილისში ჩამოსვლა აღარ უნდოდა, ამიტომ მოსკოვში გააგრძელა სწავლა. დღე და ღამეს ასწორებდა სწავლაში. სახელობითი სტიპენდიანტი გახდა. ოთხი წელი პირი არ უქნია საქართველოსკენ. ბევრ ბიჭს მოსწონდა ქართველი წარჩინებული და ლამაზი გოგონა, მაგრამ ნინო ყველას თავს არიდებდა. მოგვიანებით, დედის ავადმყოფობის გამო, ნინო იძულებული გახდა მეხუთე კურსიდან სწავლა თბილისში გაეგრძელებინა. აქ ზურასთან დაკავშირებით ახალი ამბები ელოდა... ერთ-ერთი ამხანაგის დაბადების დღეზე ზურასთან ერთად თურმე ნატაც ყოფილა, რომელსაც ის ბავშვობიდანვე უყვარდა და სულ ცდილობდა, შანსი ხელიდან არ გაეშვა... იმ ღამეს თურმე იმ მეგობრის სახლში დარჩნენ.  დილით თვალი რომ გაახილა და გვერდით ნატა დაინახა, თავზარი დაეცა... იმ საღამოსვე ნატას დედა ზურას მშობლებს მიადგა - არ უნდა მომხდარიყო ეს ამბავი, მაგრამ რახან მოხდა, გამოსწორება უნდა, თუ არადა, შვილის სახელის შერცხვენას ზურას არ ვაპატიებო...

დროთა განმავლობაში ზურა მიხვდა, ნატას გვერდით ვერ გააგრძელებდა ცხოვრებას და ცოლს გაშორდა. საქართველოში დაბრუნებულ ნინოს ყოველდღე ხვდებოდა ინსტიტუტის შესასვლელთან. გოგო მხოლოდ სალამს იმეტებდა მისთვის, სალაპარაკოდ ერთხელ გაუჩერდა. უთხრა: დაუბრუნდი იმას, ვინც შვილი გაგიჩინაო. იმ პერიოდში ზურას ძმაკაცს, გიოს დაუახლოვდა ნინო. სულ ზურაზე ელაპარაკებოდა, იხსენებდა ლამაზ დღეებს, მაგრამ როგორც კი მისი ღალატი მოაგონდებოდა, ცხარედ ატირდებოდა... მერე ნინო გიოს გაჰყვა ცოლად.

ზურამ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ნინოს ძმა მიუგზავნა, - მიატოვე ქმარი და ერთად წავიდეთო, მაგრამ გოგოს აღარ შეეძლო მშობლებისა და ქმრისთვის ხელის კვრა...

ნინომ ვერა და ვერ შეიყვარა გიო. ამას კარგად ხედავდა ქმარი და გამუდმებით ეჭვიანობდა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ განქორწინდნენ. მალე დედა ინფარქტით გარდაეცვალა, მას მამაც მიჰყვა და დარჩა მარტოდმარტო. ხანდახან მოსდიოდა ხმები ზურას წარმატებული ბიზნესის შესახებ, მაგრამ ის ოკეანის გაღმა იყო, ძალიან შორს...

გული რომ დაეცალა, ნინომ უმისამართო წერილების წერა დაიწყო, ადრესატი, რა თქმა უნდა, ზურა იყო. ელაპარაკებოდა ძვირფას ადამიანს, უყვებოდა თავისი ცხოვრების წვრილმანებსაც კი...

ამ სამი წლის წინ კი ნათესავებმა იძალეს - როდემდე უნდა იყო მარტო, უნდა გათხოვდეო და... ირაკლი გააცნეს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ნინო მას ცოლად გაჰყვა...

ზურა კი კვლავ უცოლოა.

დღე დღეს მისდევს, კვირა - კვირას ენაცვლება. დრო არ ჩერდება, მიქრის და წარსულს აბარებს ლამაზ მოგონებებს. ერთადერთი, რასაც ვერ ერევა, ნამდვილი სიყვარულია...