ფიშტოიანი ბებო - კვირის პალიტრა

ფიშტოიანი ბებო

მელანო ულამაზესი გოგოა. მისი მშობლები (ბიოლოგები არიან) შვეიცარიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში კონტრაქტით მეცნიერ-მკვლევრებად მუშაობენ. ხომ ასეთი მშვენიერი შვილი ჰყავთ, თანაც - ერთადერთი და მაინც არ შეშინებიათ მისი დატოვება. იციან, რომ ბებო ჯანიკო არაფერს მოაკლებს, სულს არ დაიშურებს შვილიშვილისთვის. რაც მთავარია, ჯანიკო კაი ჯანზეა და გულიც ახალგაზრდულად უძგერს. შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 წელი მუშაობდა და ყველას შიშის ზარს სცემდა...

ძველები, ვისაც კი ახსოვს მისი წარსული, ახლაც მოწიწებით ხვდებიან სტაჟიან, თუმცა გადამდგარ პოლკოვნიკს. მელანოს თაყვანისმცემლებმაც იციან ბებო ჯანიკოს "ოფოფები", ამიტომ შორიდან უვლიან გარს ან ახლოს თუ მიდიან, ემუდარებიან, ბებიაშენთან არ გაგვთქვაო. მელანო ამაზე ძალიან ხალისობს, ხოლო თუ ვინმეს თამამი ქცევა არ მოეწონება, უმალ მიახლის ხოლმე - იცოდე, ბებიაჩემთან გექნება საქმე და არ გირჩევო... 16 წლის მელანოს ერთი მორაგბე შეუჩნდა. მეგობრებმა გააფრთხილეს გიორგი, - არ შეაწუხო ეს გოგო, თორემ ბებიამისთან ჩაგიშვებს და ვერ გიშველითო, მაგრამ ყმაწვილს ეს სასაცილოდ არ ეყო - ჩემი შემშინებელი ამქვეყნად არავინ მეგულება და 65 წლის ქალმა რა უნდა დამაკლოსო! მეგობრებმა ხელი ჩაიქნიეს და თავი დაანებეს. გიორგიმ კი გასაქანი აღარ მისცა თავის რჩეულს, ხან სკოლასთან ელოდებოდა, ხან ცეკვის სტუდიასთან, ხან სახლთან. ზარებითა და მესიჯებით ხომ აკლებული ჰყავდა. შეწუხდა გოგო და იძულებული გახდა, ბებოსთვის ეთქვა.

გიორგი იმ დღეს ვარჯიშიდან შინ გვიან ბრუნდებოდა. დილით სულ ცოტა ხნით ნახა მელანო, მონატრებოდა და შეყვარებული ბიჭი ახლა მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა. ის-ის იყო, სახლს მიუახლოვდა, რომ ხის ჩრდილს ლანდი გამოეყო და წინ დაუდგა:

- ბიჭო, შენ ჭკუას შენით მოუხმობ თუ დაგეხმარო? - უთხრა დოინჯშემოყრილმა "ლანდმა".

გიორგი შედგა, ხომ არ მომეყურაო, იფიქრა და შეუყვირა დამხვდურს, - ვინა ხარო.

- ვინა ვარ და აწი შენი მტერი ვიქნები, ბიჭო! - "ბიჭო" გამაღიზიანებლად დამარცვლით წარმოთქვა იმ ვიღაცამ.

გიორგი დაიბნა. ქუჩის განათება იმ მონაკვეთში არ იყო და ისიც ვერ გაიგო, ქალი ელაპარაკებოდა, თუ კაცი. მისკენ გაიწია, უნდოდა ხელი ჩაეჭიდა და სინათლისკენ გაეყვანა, მაგრამ მოლაპარაკე ლანდი გაჯიუტდა:

- ხელი ჩასწი, ბიჭო, მე მელანოს ბებია ვარ და არაფერი შეგეშალოს. გოგო მე მყავს ჩაბარებული, თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, თორემ მუხლებს დაგიცხრილავ! - ამის თქმაზე იმ შეჩვენებულმა ჯანიკომ მართლა არ დააძრო რევოლვერი? იმის დასამტკიცებლად, რომ არ ხუმრობდა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. გიორგი მთლად გამოშტერდა:

- დამშვიდდით, ქალბატონო, მელანოს  ახლოს აღარ გავეკარები! - უთხრა გაგიჟებულმა და გაახსენდა ძმაკაცების გაფრთხილება, - მოერიდე იმ ქალსო.

- ჰოდა, ეგრე! - უთხრა ჯანიკომ, მერე სასიძოს ფეხებთან კიდევ რამდენჯერმე ისროლა და გაუჩინარდა.

"ეს ქალი კი არა, ჯოჯოხეთის მოციქულია, მორაგბე კაცი არ გამაშეშა ერთ ადგილას! ეჰ, მელანო, რა კარგი გოგო ხარ და რა გიჟი წინაპარი გყოლია", - ფიქრობდა თავისთვის გიორგი და მძიმედ მიუყვებოდა გზას...

მალე სიყვარულმა მელანოსაც გაუთბო გული და გიორგი ხელჩაკიდებული მიუყვანა ჯანიკო ბებოს. ამჯერად რევოლვერით აღარ დახვედრია  სასიძოს... თავისი გამომცხვარი ქადებით გაუმასპინძლდა და გულითაც დალოცა.