საბანში ჩაკერილი "საიდუმლო" - კვირის პალიტრა

საბანში ჩაკერილი "საიდუმლო"

ამას წინათ ჩვენს რუბრიკაში ("კვირის პალიტრა" #36) დაიბეჭდა წერილი "შელოცვის ძალა", რომელშიც იუმორით მოვუთხრეთ მკითხველს ერთ ოჯახში "ზედმეტი მესამის" გამო გაჩენილი ბზარის ამბავი.ოჯახის თავკაცის ცოლ-შვილთან დასაბრუნებლად ახლობლებმა შემლოცველს მიმართეს. იმასაც არ დაუშურებია ძალა და ოჯახი დანგრევას გადაურჩა...

ამ ამბავმა ჩვენი მკითხველი ისე დააინტერესა, ჩემს ტელეფონზე ზარი არ შეწყვეტილა... მერე, ერთმა მიამბო თავს გადახდენილი ამბავი და გადავწყვიტე მკითხველისთვის მომეთხრო...

ნანა (თბილისი): - ზაფხულში მოწმენდილი ციდან თოვლის წამოსვლას უფრო ვირწმუნებდი, მაგრამ ჩემი მეზობელი და თანშეზრდილი მაია თუ მიღალატებდა, ან ოდესმე ჩემი შეშურდებოდა, ვერასოდეს დავიჯერებდი...

მეხუთე კლასში ვიყავით, როცა მაიას მამა გარდაეცვალა. დარჩა საწყალი თინა დეიდა მარტო ორ შვილთან ერთად (მაიას უმცროსი ძმაც ჰყავდა). ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ჩემი მშობლები და მეზობლები ეხმარებოდნენ ქვრივ ქალს, მაგრამ მაინც უჭირდათ. მერე, თინა დეიდამ საბნებისა და ლეიბების კერვა დაიწყო და მალე ბევრი კლიენტიც გაიჩინა.

სოლოლაკში ვცხოვრობდით, საერთო ეზო გვქონდა. თინა დეიდამ ერთი ოთახი გამოათავისუფლა და ატელიე გააკეთა, სადაც ნაირ-ნაირი საბან-ლეიბი იკერებოდა. ოჯახმა სული მოითქვა.

მე და მაიკომ ერთად ჩავაბარეთ უმაღლეს სასწავლებელში. პირველსავე კურსზე გავიცანით ირაკლი. ის ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო და ძალიან პოპულარული ბიჭი გახლდათ. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სპორტსმენიც იყო და გიტარაზე გასაგიჟებლად უკრავდა. ყველას მოგვწონდა, მათ შორის მეც და მაიასაც. ირაკლი ჩვენთან ერთად დადიოდა ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე. გოგონები სულ იმის ფიქრში ვიყავით, - ვინ მოსწონდა ირაკლის. ყველას თბილად და ყურადღებით გვექცეოდა, ამიტომაც ვერ ვხვდებოდით, ვის ეპრანჭებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მე დამპატიჟა კინოში. სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მაიამ და სხვებმაც მომილოცეს. მესამე კურსზე ვიყავი, ირაკლის კი უკვე დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, როცა დავქორწინდით... ქორწილში უამრავი საჩუქარი მივიღეთ. მაიკოს დედამ სამზითვოდ ულამაზესი საბნები შემიკერა. გავიდა ერთი წელი. ბავშვი არ მიჩნდებოდა და ჩემი ერთადერთი სადარდებელი ეს იყო.

დედამთილი მამშვიდებდა, - ნუ დარდობ, ჯერ მაინც სტუდენტი ხარ, რა გეჩქარებაო, მაგრამ დედობა სიგიჟემდე მინდოდა. ამასობაში ჩემი მშვიდი და გაწონასწორებული, თბილი და მოსიყვარულე ირაკლი თანდათან გამოიცვალა, აგრესიული გახდა, შინ გვიან ბრუნდებოდა. საგონებელში ჩავვარდი. მეგონა, ბავშვს რომ ვერ ვაჩენდი, იმიტომაც აიცრუა გული ჩემზე, აღარ ვიცოდი, რა მექნა. მალე ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა, ხშირად ვჩხუბობდით; დედამთილს (მით უმეტეს - ჩემებს) არაფერს ვეუბნებოდი, არადა, ტირილით თვალები სულ დასივებული მქონდა. მამიდაშვილს ვერ დავუმალე ჩემი საწუხარი და ყველაფერი ვუამბე. მითხრა, - ვიღაცამ თვალი გცა ან ჯადო გაგიკეთა, თორემ სანაქებო ბიჭი ასე როგორ გადაგვარდებოდაო. მირჩია, მღვდელი მომეყვანა და ბინა მეკურთხებინა. ჯადო და მისთანები არ მწამდა და მაშინ მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე. გავიდა რამდენიმე თვე და ირაკლიმ გამომიცხადა, შენ გვერდით ვეღარ ვწვები, სული მეხუთება, არ ვიცი, რა მჭირსო! ამჯერად თვითონაც გაოცებული ჩანდა. მე კი ჩავთვალე, რომ ეს ერთ-ერთი საბაბი იყო გასაყრელად. ვიწექი ჩემთვის მარტო და ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები.

იმ დილით, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ირაკლისგან წამოვსულიყავი. ჩავალაგე ჩემი ნივთები, თინა დეიდას ნაჩუქარი საბნებიც დავკეცე და უცებ საბნის ერთ კუთხეში სიმაგრე ვიგრძენი. გამახსენდა ჩემი მამიდაშვილის ნათქვამი. მაშინვე მაკრატელს დავტაცე ხელი. გავჭერი და ისეთი რამ ვნახე, ცუდად გავხდი. შავ ნაჭერში ნემსებგარჭობილი პატარა ნაჭრის თოჯინები (გოგო და ბიჭი) იყო გამოკრული... თინა დეიდასგან ეს წარმოუდგენლი რამ გახლდათ, არადა, ფაქტს ხომ ვერ გავექცეოდი? სანამ ჩემს სახლში მივედი, სული დამელია. ჯერ დედაჩემს ვაჩვენე. მიტკლისფერი დაედო სახეზე. ძლივს გადავდგით ორივემ ფეხი და მაიკოს სახლის კარი შევაღეთ. მაია არ იყო შინ. თინა დეიდა სიხარულით შეგვეგება...

როგორც იქნა, ამოვღერღე, რაც მაწუხებდა და ის თოჯინებიც წინ დავულაგე. ქალი მოსაბრუნებელი გაგვიხდა, სიტყვის თქმა რომ შეძლო, ძლივს ამოილუღლუღა - ამას მე როგორ გავაკეთებდი, ნანა შვილივით მიყვარსო... მერე ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემთვის ყოვლად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი იყო. საათ-ნახევარში მაია მოვიდა. ჩვენი გაფითრებული სახეები რომ დაინახა, არ ესიამოვნა, ხოლო როცა თოჯინებს მოჰკრა თვალი, ძალიან დაიბნა...

ყველანი უსიტყვოდ მივჩერებოდით, ველოდებოდით, რას იტყოდა. ისიც მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა სიმართლის დამალვას და დაფქვა... თურმე ირაკლი ჰყვარებია. იმან რომ მე ამირჩია, ვერ მოინელა და გადაწყვიტა, დავეშორებინეთ. ვიღაც ქალი გამოძებნა, რომელიც ამისთანა ცოდვაში უკან არ იხევდა და სანამ თინა დეიდა ჩემი საბნების შეკერვას დაასრულებდა, ერთ კიდეში ჩააკერა... იმ დღესვე წავიღე ნაჭრის თოჯინები ქაშუეთის ეკლესიაში, ირაკლისაც ვაჩვენე საბანში ნაპოვნი თოჯინები. ორივე ერთად ვესწრებოდით დილის და საღამოს ლოცვებს. მალე ყველაფერი დარეგულირდა, ირაკლი ისევ ისეთი გახდა, როგორიც მახსოვდა. ეს ამბავი 17 წლის წინ მოხდა, ახლა მე და ირაკლის ორი შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერი ოჯახიც გვაქვს.

მაიასთან მეგობრობა კი ვეღარ შევძელი...