რატომ დაიწუნეს ჩემი შვილი? - კვირის პალიტრა

რატომ დაიწუნეს ჩემი შვილი?

"მე ხომ ჩემი შრომით ვიღებ გასამრჯელოს"

მეუღლეს ქორწინებიდან 8 წლის მერე დავშორდი. სიტყვაზე "მეუღლე" მწარედ მეღიმება, რადგან ჩვენ ოჯახის "უღელი" ერთად არასოდეს გაგვიწევია; თუმცა ახლა ჩემი შვილების მამაზე საყვედურს არ ვაპირებ. სულ სხვა რამეზე დამწყდა გული და ამის შესახებ მოგიყვებით.

მყავს ქალ-ვაჟი. გოგონა ძმაზე 4 წლით უმცროსია. მათ გაზრდაში დედაჩემი ძალიან მეხმარებოდა. მამა კი მხოლოდ ალიმენტს იხდიდა, არც ვაწუხებდი. ერთხანს მუსიკალურ სკოლაში ვმუშაობდი, კერძო გაკვეთილებიც მქონდა; მერე ფორტეპიანოს შესწავლის მსურველი თანდათან შემცირდა, სკოლიდანაც ვერაფერს ვიღებდი და დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა. როცა მერიამ დასუფთავების სამსახურში სამუშაო ადგილები გამოაცხადა, ბევრი არ მიფიქრია და განცხადება დავწერე. მალე დამიძახეს. წლების განმავლობაში ისეთი მინიმალური ხელფასი მქონდა, რომ 450 ლარი ათასებად მეჩვენებოდა. შვილებს თავდაპირველად ეუხერხულებოდათ იმის თქმა, რომ მეეზოვედ ვმუშაობდი, მაგრამ ერთხელ, როცა ჩემი ლევანი სამსახურში მესტუმრა და ნახა, რა ხალხი მუშაობდა ჩემთან ერთად, განცვიფრდა. ბევრი იყო ჩემსავით უმაღლესი განათლებით. არც მე, არც მათ შრომა არ გვეთაკილებოდა, მთავარი ის იყო, რომ შემოსავალი გაგვაჩნდა.

ლევანი სტუდენტი რომ გახდა, სიხარულით ფეხზე არ ვიდექი. მერე სიყვარულიც ესტუმრა. ერთხელ მითხრა: დედა, ანის არ ვეუბნები, სადაც მუშაობ. უმაღლეს სასწავლებელს როგორც კი დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, მანდ აღარ გამუშავებო. გული დამწყდა, მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. ჩემი ვაჟი საგულდაგულოდ მალავდა ჩემს სამსახურს, არადა, მე იმიტომ არ ვიუკადრისე მეეზოვეობა, რომ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. ლევანს ხშირად მოჰყავდა ანი შინ. ურთიერთობა მშვენივრად ავაწყვეთ, თბილი და ხალისიანი გოგო იყო. უკვე რძლად მიმაჩნდა. 15 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა და დედაჩემის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი  გავატანე ლევანს მასთან.

აგვისტოს ბოლოს, ერთ დილას მე და კიდევ ორი ქალი ჩვენს კუთვნილ უბანზე შევყოვნდით. მოულოდნელად ანის და დედამისს შევეფეთეთ. ძალიან დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მექნა, ასე მეგონა, ცეცხლი წამეკიდა. არანაკლებ დაბნეულები ჩანდნენ ისინიც, მერე მე გავუღიმე, მოვიკითხე. მათ კი ცივად გამიღიმეს და გამშორდნენ. გუნება მომეშხამა.

ვგრძნობდი, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. ასეც მოხდა. ლევანი შინ გვიან დაბრუნდა. ზაფრანისფერი ედო სახეზე. არაფერი უთქვამს, ისე გამომიწოდა ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი. ძალიან შევწუხდი, მაგრამ რა მექნა. როგორც უნდა მომენდომებინა, ვერც სხვა ადგილს ვიშოვიდი და ვერც ანის გამო დავანებებდი თავს სამსახურს. ჩემს შვილს დავუჯექი და დიდხანს ველაპარაკე, - არ იდარდო, რადგან ასეთი უბრალო რამის გამო საყვარელმა გოგონამ ზურგი შეგაქცია, ღირსეულ ცოლობასაც ვერ გაგიწევდა-მეთქი. დამეთანხმა, როგორმე მოვერევი თავსო, - დამპირდა, მაგრამ ვატყობ, რომ მაინც დარდობს.

ნუთუ რამე დავაშავე, მე ხომ არ ვიპარავ, ვშრომობ და ისე ვიღებ გასამრჯელოს.  ნუთუ, მომავალში არ შერცხვება ანის თავისი საქციელის? მე რომ ჩემი პროფესიით ვიღებდე ცოტა მაღალ ხელფასს, მერჩივნა, საყვარელი საქმე მეკეთებინა. არა უშავს, დარწმუნებული ვარ, ლევანი თავისას მიაღწევს, ისეთი მონდომებული და მიზანსწრაფულია, ანის სინანული კი გვიანი იქნება.

თ. დ., თბილისი