"საქმოსანი" ქმრის მარჩენალი ცოლი - კვირის პალიტრა

"საქმოსანი" ქმრის მარჩენალი ცოლი

სხვა გზა არ იყო, უნდა წასულიყო უცხოეთში და შვილები შიმშილისგან ეხსნა... უკვე სიღატაკის ზღვარზე იყვნენ. უსამსახუროდ დარჩენილმა თემომ ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა.მეგობართან ერთად კერძო პირისგან პროცენტიანი ვალი აიღო და... ბიზნესი ჩავარდა. პროცენტი ელვისებური სისწრაფით გაიზარდა. ბინის გაყიდვაზე ლიამ ხელები გაასავსავა, - შვილებს ქუჩაში ვერ დავტოვებო და ბიძაშვილთან ერთად საბერძნეთის გზას დაადგა.

ოღონდ ორიოდ გროში  გაეგზავნა ოჯახისთვის და ხან  დამლაგებლად მუშაობდა, ხან ძაღლებს იტოვებდა ზაფხულის სეზონზე, როცა მათი პატრონები ისვენებდნენ.  თითქოს სანერვიულო აკლდა და ერთიც მიემატა - როგორც არალეგალი, ქუჩაში შემთხვევით გააჩერეს, იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვეს და რომ არ აღმოაჩნდა, ორი თვით ციხეში ამოაყოფინეს თავი. ახლობლების იმედი არ ჰქონდა და ისევ საბერძნეთში მყოფ ქართველებს სთხოვა, - მიშველეთ, ფულით დამეხმარეთ და გამომიყვანეთ,  გპირდებით,  რამდენიმე თვეში ვალს გაგისტუმრებთო.

KvirisPalitra.Geმართლაც, დაფაცურდნენ იქაური ქართველები... მოუგროვეს თანხა და გამოიყვანეს. სამსახურიც უშოვეს - ორ მოხუცებულ ცოლ-ქმარს უვლიდა, 900 ევროს უხდიდნენ, მაგრამ ოჯახში კვლავ გროშებს გზავნიდა, რადგან უპირველესად აქაურების ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. ლიას ქმარი აშკარად უკმაყოფილი იყო ლიას "შემოსავლით". ქალი ვერ უმხელდა, მის თავს რა ქარბორბალაც დატრიალდა.

ამ წვალებასა და ნერვიულობაში გაიარა ერთმა მძიმე წელიწადმა. ამასობაში ბერიკაცი გარდაიცვალა, მას მალე ცოლიც მიჰყვა, მაგრამ ამჯერად მალე იშოვა სამსახური. ენა უკვე იცოდა და ერთ ბერძნულ ოჯახში ტყუპი გოგონას ძიძად აიყვანეს. ბავშვებს (5 წლისანი იყვნენ) ისე შეუყვარდათ ქართველი ძიძა, უმისოდ ვერ ძლებდნენ. ლია შვილების სიყვარულს გოგონების ზრუნვასა და მოვლაში იქარვებდა. ლია უკვე გაზრდილ თანხას უგზავნიდა თემოს.  თემო კი კვლავ უკმაყოფილი იყო. ერთხელ სატელეფონო საუბრისას ლიას პირდაპირ უთხრა, - რამდენი ხანია მანდ ხარ, სხვები ქმრებს ფულსაც უგზავნიან და საჩუქრებსაც არ აკლებენ, შენ კი იმდენი ვერ მოგიხერხებია, რომ ოჯახში შედარებით მეტი ფული გამოგზავნო. ან მე როდემდე უნდა ვიყო ასე, სხვებზე რითი ვარ ნაკლები. თავდაყირა დადექი  და მანქანის ფული გამომიგზავნე, აქ გულხელდაკრეფილი როდემდე ვიჯდეო. ლიამ კვლავ ისესხა იქაური ქართველებისგან ფული, ნაწილი წინდაწინ გამოართვა ბავშვების მშობლებს და 3.000 ევრო გამოუგზავნა ქმარს... როგორც იქნა, მოიგო თემოს გული. მას შემდეგ, როცა ლია რეკავდა, თემო იშვიათად ხვდებოდა შინ, მობილურზე კი მოკლედ პასუხობდა: საქმეებზე დავრბივარ, არ მცალია სალაპარაკოდო...

დრო გადიოდა. შვილები უდედოდ იზრდებოდნენ. ბიჭი უკვე მერვე კლასში იყო, გოგონა მეხუთეში. გიო არ ამჟღავნებდა დარდს, თიკა კი სულ ტიროდა - ჩემი დედიკო მინდა, ან ჩამოვიდეს, ან მასთან წამიყვანეთო. ლიას გული ეწვოდა შვილების ხმის გაგონებისას, ენატრებოდა, მაგრამ რა ექნა? გულისგულში იმედი ჰქონდა, თემო ეტყოდა: გეყოფა მანდ ყოფნა, აქ საქმე ავაწყვე და აღარ გაგვიჭირდება, ჩამოდი და შენს შვილებთან იყავიო, მაგრამ ის ხმას არ იღებდა.

ერთხელაც, როცა დედას შეეხმიანა ტელეფონით, ქალმა გაბზარული ხმით უთხრა: აქამდე ვერ გიმხელდი, მეშინოდა, რამე არ მოგსვლოდა, ახლა კი გადავწყვიტე, აღარაფერი დაგიმალოო... ლია გაოგნებული უსმენდა დედას, რომელმაც ყველაფერი დაწვრილებით ჩაუკაკლა შვილს. თურმე, თემომ ლიას წასვლიდან ძალიან მალე საყვარელი გაიჩინა და საცხოვრებლადაც მასთან გადასულა.

ლიას ცრემლიც  არ გადმოვარდნია. მოულოდნელობისგან დაცარიელდა და გამოშრა. როგორც კი "მწვანე ბარათი" მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა, დედამთილ-მამამთილი ადვილად დაიყოლია ბინის გაყიდვაზე. უფროსი შვილი სკოლის დამთავრებამდე ბებია-ბაბუებს დაუტოვა, - იმედი მაქვს, მიმიხედავთო, გოგონას ხელი მოჰკიდა და საბერძნეთში წაიყვანა. თემო, ლიას წასვლის შემდეგ, მშობლებს წაეჩხუბა (მანამდე გამოჩენა ვერ გაბედა): თქვენი შვილი მე ვარ, თუ ლია? ბინას რომ ყიდდით, რატომ არ მკითხეთ. მეც ხომ მეკუთვნის წილიო. ლიამ იცოდა, თემო რასაც იზამდა, ამიტომ ერთ-ერთ ბანკში დედამთილის სახელზე 10.000 დოლარი შეიტანა. ქალი ძალიან გაბრაზებული იყო შვილზე, ამიტომაც ცივად მიუგო: შენი წილი მე მაქვს, თუ გინდა, ბოლომდე ჩაგითვლი ფულს და მერე თავი დაგვანებეო.

ლია აპირებს, სკოლის დამთავრების შემდეგ გიოც თავისთან წაიყვანოს.  მართალია, ბევრი გაჭირვება გამოიარა, მაგრამ ახლა ნამდვილად გაუმართლა. იმ ოჯახმა, სადაც  მუშაობს, დედა-შვილს ორი დიდი ოთახი დაუთმო. თიკა ინგლისურენოვან კოლეჯში სწავლობს და ცდილობს, დედას გვერდში დაუდგეს.

ეს ამბავი თბილისში მცირე ხნით ჩამოსულმა ლიამ თავად მიამბო. ვერ მოვითმინე და ვკითხე: იმედია, სულ იქ ყოფნას არ აპირებ და ოდესღაც მაინც დაბრუნდები შენს ქვეყანაში-მეთქი. ასე მიპასუხა: - მეც და უცხოეთში მყოფი ქალების უმრავლესობა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ როგორმე რთული პერიოდი გადავაგოროთ, ოჯახებს სული მოვათქმევინოთ, შვილებს საზრდო არ მოვაკლოთ და განათლებისთვის ხელი შევუწყოთ. როგორც კი ამას შევძლებთ  და პატარა თანხასაც მოვუყრით თავს, მერე რაღა გვინდა უცხო ქვეყანაში? ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები შინო...